Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ითხოვენ ერთმანეთისგან WTO, საქართველო და რუსეთი


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე გააქტიურებული რუსეთი, რომელიც ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობს, საქართველოს ფაქტორის იგნორირებას ცდილობს, თუმცა, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გაფართოების წესების შესაბამისად, რუსეთს აუცილებლად ესაჭიროება საქართველოს ხმაც, რომლის მოსაპოვებლადაც მოსკოვს თბილისის უცვლელი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევს.

რუსეთის ფედერაცია იმედოვნებს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების 17-წლიანი სურვილი 2011 წელს წარმატებით დაგვირგვინდება. ”ჩვენ გადავწყვიტეთ ყველა საკითხი და ახლა რუსეთისთვის არანაირი წინააღმდეგობა აღარ არსებობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან მიმართებით”, - უთხრა ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრემიერმა იგორ შუვალოვმა ბრიუსელში, სადაც 24 ნოემბერს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან დაკავშირებული ევროკავშირისა და რუსეთის ორმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გარკვეული წესები ნათლად მოითხოვს, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრები და საბაჟო კონტროლის პუნქტები გამჭვირვალე იყოს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, გამჭვირვალე არ არის საბაჟო კონტროლის ორი პუნქტი რუსეთსა და საქართველოს შორის ...
ევროკომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ შეთანხმება მიღწეულია ორმხრივი ფორმატის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა კვლავაც რჩება მრავალმხრივი საკითხების გადაჭრის აუცილებლობა, იქნება ეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობასთან თუ სანიტარულ და ფიტო-სანიტარულ წესებთან დაკავშირებული თემები. ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების მიხედვით, 24 ნოემბერს ბრიუსელში მიღწეული შეთანხმება ხელს შეუწყობს რუსეთის გაწევრიანების ”საყოველთაო პროგრესს”.

ამგვარი პროგრესის მომხრეა შეერთებული შტატებიც და ეს თავად პრეზიდენტმა ობამამაც არაერთხელ აღნიშნა. ვაშინგტონს სურს, რომ რუსეთი შეძლებისდაგვარად სწრაფად იხილოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში და გავიხსენოთ, რომ ამ პროცესის სავარაუდო ხანგრძლოვობად 12 თვე დაასახელა შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში ლორენს სამერსმა 20 ოქტომბერს, მოსკოვში ყოფნის დროს.

რუსეთი ცდილობს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისკენ მიმავალ გზაზე სრული იგნორირება გაუკეთოს საქართველოს ფაქტორს და ყურადღებას არ აქცევს საქართველოს მიერ წამოყენებულ პირობებს. მაგალითად, როგორც იგორ შუვალოვმა უთხრა ჟურნალისტებს ბრიუსელში, არაფერი იცის ამ საკითხზე საქართველოს წინააღმდეგობასთან დაკავშირებით.

შუვალოვს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ თბილისი მოსკოვს კონკრეტული პირობების დაკმაყოფილებას სთხოვს. ყველაზე მთავარ საკითხს კი ”განთიადი-ადლერისა” და ”როკი-ქვემო ზარამაგის” საბაჟო-საკონტროლო პუნქტების ლეგალიზაციის საკითხი წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ეს ობიექტი საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილებშია მოქცეული, 7 ოქტომბერს შეერთებული შტატების ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა თქვა, რომ საქართველოს მოთხოვნა პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებს და რომ ის მხოლოდ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებიდან გამომდინარეობს. გილაურმა იქვე განმარტა, რომ საქართველო არ ეწინააღმდეგება რუსეთის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ყველა თანაბრად უნდა დაემორჩილოს ამ ორგანიზაციის ყველა წესს:

”მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გარკვეული წესები ნათლად მოითხოვს, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრები და საბაჟო კონტროლის პუნქტები გამჭვირვალე იყოს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, გამჭვირვალე არ არის საბაჟო კონტროლის ორი პუნქტი რუსეთსა და საქართველოს შორის (სამხრეთ ოსეთსა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის და აფხაზეთში). მოხარული ვიქნებით დავეხმაროთ ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც რუსეთს უფრო ცივილიზებულად აქცევს. ეს ჩვენი მისწრაფებაა, ეს ჩვენი მიზანია... მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ცივილიზებული ორგანიზაციაა და ის შეძლებს რუსეთი უფრო ცივილიზებულად აქციოს და ჩვენც ეს გვინდა... მაგრამ გვინდა, რომ ეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების დაცვით მოხდეს. ”

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოს მიერ წამოყენებული პირობების სრულ იგნორირებას ცდილობს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებიდან გამომდინარე, რუსეთი გვერდს ვერ აუვლის საქართველოს, როგორც ამ ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრს. საქმე ისაა, რომ ახალ კანდიდატს გასაწევრიანებლად ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა ესაჭიროება. თუმცა, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის საკითხებში დიმიტრი ქემოკლიძე განგვიმარტავს, საბოლოო განხილვამდე კონსენსუსის მიღწევა რუსეთის საკითხზე მომუშავე ჯგუფის ფარგლებშიც აუცილებელია. ამ ჯგუფში კი საქართველოც შედის:

საქართველო უნდა აკონტროლებდეს ამ საბაჟო-გამშვებ პუნქტებს. ეს შეიძლება ერთობლივად მოხდეს... იქითა მხრიდან, ცხადია, იდგებიან რუსეთის ოფიციალური პირები და ჩვენი მხრიდან - ქართველი მებაჟეები ...
”ელემენტარულად გაწერილია პროცედურებში, რომ სამუშაო ჯგუფი ასრულებს გაწევრიანების პროტოკოლის პაკეტზე მუშაობას მხოლოდ კონსენსუსის საფუძველზე... სხვანაირად გამორიცხულია, რომ პაკეტი გადავიდეს გენერალურ საბჭოზე ან მინისტრთა კონფერენციაზე, ეგრეთ წოდებულ მინისტერიალზე.”

დიმიტრი ქემოკლიძის აზრით, სამუშაო ჯგუფის დადებითი გადაწყვეტილებისთვის აუცილებელია, რომ წევრობის კანდიდატს დასრულებული ჰქონდეს ორმხრივი მოლაპარაკებები ჯგუფში შემავალ ყველა ქვეყანასთან. აქედან გამომდინარე, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ რუსეთს აუცილებლად მოუწევს ორმხრივი მოლაპარაკებების პროცესის განახლება საქართველოსთან.

ინტერნეტ-გამოცემა ”იუობსერვერში” 25 ნოემბერს გამოთქმული მოსაზრების მიხედვით, რუსეთისადმი გამოხატული შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსთვის, სავარაუდოდ, იქნება ”ძლიერი იმპულსი” იმისა, რომ მან ხელი არ შეუშალოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას.

თუმცა საქართველოს პოზიცია ამ დრომდე უცვლელია და ეს ჩვენთან საუბარში დაადასტურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა:

”საქართველო უნდა აკონტროლებდეს ამ საბაჟო-გამშვებ პუნქტებს. ეს შეიძლება ერთობლივად მოხდეს... იქითა მხრიდან, ცხადია, იდგებიან რუსეთის ოფიციალური პირები და ჩვენი მხრიდან - ქართველი მებაჟეები. შეიძლება ამ ფორმით იყოს... ეს ეკონომიკური ხასიათის საკითხია და ის უნდა შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი ვერ გახდება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG