Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟან ჟენეს ”ნოტრ-დამ-დე-ფლერი” - ქართულად


ჟან ჟენეს გახმაურებული რომანი ”ნოტრ-დამ-დე-ფლერი”
ჟან ჟენეს გახმაურებული რომანი ”ნოტრ-დამ-დე-ფლერი”
გამომცემლობა ”დიოგენემ” გამოსცა, პირველად ქართულ ენაზე, მეოცე საუკუნის ფრანგული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მწერლის,მეორე მარკიზ დე სადად წოდებული ჟან ჟენეს გახმაურებული რომანი ”ნოტრ-დამ-დე-ფლერი”. ჟენეს, ახლა უკვე ქართულად, უფრო ფართო საზოგადოება სწორედ ამ საპატიმროში დაწერილი პოეტური რომანით გაიცნობს, რომელშიც პარიზელ მარგინალთა და კრიმინალთა ცხოვრება 16 წლის მოზარდის თვალითაა დანახული. ჟან ჟენე თავადაც 15 წლისა იყო, როდესაც პირველად არასრულწლოვან დამნაშავეთა კოლონიაში მოხვდა.

„ფრესნის ციხე, 1942 წელი“ - ამ მინაწერით სრულდება ჟან ჟენეს პირველი რომანი ”ნოტრ-დამ-დე-ფლერი”. ამ რომანის წერა ჟენემ მისი ერთ-ერთი მორიგი პატიმრობის დროს, ციხეში დაიწყო, სადაც მაღაზიიდან მარსელ პრუსტის წიგნის ქურდობისათვის მოხვდა. ვინ იცის, ეს ჟენეს უკვე მერამდენე დაბრუნება იყო ციხეში, სადაც ის სულ პირველად 15 წლის ასაკში მოხვდა. მაშინ ჟენე არც ჟან კოქტოს იცნობდა, რომელმაც პირველმა აღმოაჩინა ის, როგორც მწერალი, არც ჟან პოლ სარტრს... და მისი ცხოვრებაც ათასგვარი სიძნელით სავსე, არეულ-დარეული, არასტანდარტული იყო.

1910 წელს პარიზში დაბადებული ჟან ჟენე დედამ გასაზრდელად უცნობ ადამიანებს მიანდო. მამამისის ვინაობა უცნობია. 15 წლისა უკვე არასრულწლოვანთა კოლონიაში ხვდება. ჟენე - ნაბიჭვარი, კრიმინალი, წიგნის ქურდი, ჰომოსექსუალი, რომელიც არც თავის ორიენტაციას მალავდა და, უფრო მეტიც, ამ და სხვა ტაბუირებულ თემებზე წერდა. 50-იან წლებში ამის გამო ის ამერიკაში აკრძალეს და ქვეყნიდან გამოაძევეს. ჟენეს მეორე მარკიზ დე სადსაც უწოდებდნენ. აი, ეს მწერალი თარგმნა ქართულად გიორგი კახაბერმა და დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრისა და გამომცემლობა ”დიოგენეს” მეშვეობით ჟენეს პირველი ქართული თარგმანის პრეზენტაციაც შედგა. ჟენესი, რომელიც, როგორც ”დიოგენეს” ხელმძღვანელი თმარ ლებანიძე გვეუბნება, ისევე როგორც ყველა მწერალი, წინასწარი განწყობების გარეშე უნდა წაიკითხო:

”დიოგენეს” ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე ჟან ჟენეს წიგნის პრეზენტაციაზე.
”პრინციპით - ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ქართველი მკითხველი გაიცნობს ლეგენდარულ მწერალს, რომელსაც ძალიან საინტერესო ბიოგრაფია ჰქონდა. მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია, რომ ის იყო ნამდვილი მწერალი. ვფიქრობ, ქართულ საზოგადოებას ძალიან სჭირდება გაარჩიოს ნამდვილი, ნაღდი - ყალბისგან, და იმედი მაქვს, რომ ჟან ჟენე და კონკრეტულად ეს წიგნი მათ დაეხმარება ღირებულებითი ორიენტაციების გარკვევაში, ჩამოყალიბებაში, აღდგენაში... ჩვენ ვამაყობთ, რომ კიდევ ერთი თეთრი ლაქა შეავსო ”დიოგენემ” ამ ავტორის გამოცემით”.

ჟან ჟენეს არც განათლების მიღების საშუალება ჰქონია. თვითგანათლების მისეული სქემა ასეთი იყო: წიგნების ქურდობა, შემდეგ ციხე, შემდეგ ისევ წიგნები და ადამიანები. სხვადასხვანაირი ადამიანი. მათ შორის - ბევრი მარგინალი. სწორედ მათ შესახებ ჰყვებოდა ჟენე. თავადაც მათი ნაწილი იყო.

ქურდობა და გაქცევის მცდელობა - ეს არის მისი ადრეული ბიოგრაფიის მთავარი შტრიხი. პოლიტიკა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობა - ეს ცოტა მოგვიანებით.

შეურიგებელი ჟან ჟენე. მეამბოხე. მას ასე მოიხსენიებდნენ. საზოგადოებამ იმთავითვე შეიქმნა უარყოფითი აზრი მასზე, აითვალწუნა ეს ადამიანი და გარიყა...
ყოველ ჯერზე პოლიცია მას სადგურებში იჭერდა, მატარებლიდან ჩამოჰყავდათ და ბავშვთა სახლში აბრუნებდნენ. 18 წლის ჟენემ თავისი გრანდიოზული მოგზაურობა დაიწყო ევროპაში. ფეხით წელიწადში რვა ათას კილომეტრზე მეტი გაიარა. სავიზო რეჟიმის დარღვევისა და სხვა დანაშაულებისათვის იჯდა ბელგრადის, პალერმოს, ვენის ციხეებში.

ჟენე არ წერდა ადვილ თემებზე. არ წერდა ბედნიერებაზე. აი, ამონარიდი „ნოტრ-დამ-დე-ფლერიდან“:

”სევდა, რომელიც კვალდაკვალ მომდევს, ბევრი რამით იმ ადამიანს მამსგავსებს, გემის დაღუპვისას ცოცხალი რომ დარჩა. დაინახავს თუ არა იალქანს ჰორიზონტზე, თავი უკვე გადარჩენილი ჰგონია, მაგრამ უცბად გაახსენდება, რომ მისი ჭოგრიტის მინას დეფექტი აქვს - დაორთქლილი ადგილი ზუსტად იმ იალქნის ზომისაა, რომელიც მოეჩვენა, რომ დაინახა”.

ჟენეს არ ჰქონდა ჩარჩოები და მან თავიდანვე იცოდა, რომ ვერასოდეს გახდებოდა ისეთი, როგორიც დანარჩენი საზოგადოება იყო - ასე ახასიათებს მას ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი გიორგი ეკიზაშვილი.

”შეურიგებელი ჟან ჟენე. მეამბოხე. მას ასე მოიხსენიებდნენ. საზოგადოებამ იმთავითვე შეიქმნა უარყოფითი აზრი მასზე, აითვალწუნა ეს ადამიანი და გარიყა. ამიტომ გახდა მთელი მისი შემოქმედება პროტესტი. არა მხოლოდ რომანები, არამედ პიესები. ყველა მისი პიესა წარმოუდგენელი სკანდალი იყო. ეს იყო მოუსაფარი, უსახლკარო ადამიანი, მას საკუთარი ბინაც კი არ ჰქონდა და როდესაც გარდაიცვალა, ერთ-ერთი მწერალი წერდა მასზე ნეკროლოგში, როგორც იქნა მოიპოვა სიმშვიდე, სასუფეველი და განსასვენებელი ჟენემ და მისი საფლავი არის მუნიციპალურ საპატიმროსა და ბორდელს შორისო. აი, ეს იყო მისი ცხოვრება - საპატიმრო და ბორდელი”.

”ნოტრ-დამ-დე-ფლერი” ავტობიოგრაფიული რომანია. მისი ყველა გმირი ნამდვილად არსებობს. მის გმირებს უყვართ, კლავენ, იპარავენ, მასტურბირებენ, მეძავობენ. ჟენე მათ საქციელს არ მალავს, არც თავის დამოკიდებულებას მათ მიმართ.

ეს იყო შოკი, როდესაც პირველად წავიკითხე მისი წიგნი, ”ვარდის სასწაული”, რუსულად. მახსოვს, რომ გამიჭირდა წაკითხვა, იმიტომ რომ ვერ ვიგებდი რაღაცებს და მერე ისევ ვუბრუნდებოდი...
”ჟენე ამისთვის დაიბადა - ენახვებინა ჩვენთვის ის, რისი დანახვაც არ გვინდა. რომ ესეც არსებობს და ესეც ცხოვრებაა. და რომ ჩვენ ცოტათი ავცდით ამ ცხოვრებას, რომ, შესაძლოა, ჩვენც წავსულიყავით ამ გზით. ჟენე კი გონიერად, თავისი სურვილით ირჩევს ამ ცხოვრებას და თითქოს უარყოფიდან ამტკიცებს დადებითს - მე რომ ასეთი ვარ, ასეთი არ უნდა იყოს ადამიანი. ჟენე სწორედ ამაში გვეხმარება, რომ დავინახოთ ყველა გზა და შევამციროთ სიბნელის არე და გავზარდოთ არე სინათლისა. ამაში მაინც ვუთხრათ მას მადლობა”.

დავით გაბუნია, რომელიც მთარგმნელთა ახალგაზრდა ფრთას ეკუთვნის, გვეუბნება, რომ ჟენეს მაინც სჭირდება მომზადებული მკითხველი და იხსენებს იმ შთაბეჭდილებას, რომელიც 19-20 წლის ასაკში ჟენესთან პირველმა შეხებამ მოუტანა:

”ეს იყო შოკი, როდესაც პირველად წავიკითხე მისი წიგნი, ”ვარდის სასწაული”, რუსულად. მახსოვს, რომ გამიჭირდა წაკითხვა, იმიტომ რომ ვერ ვიგებდი რაღაცებს და მერე ისევ ვუბრუნდებოდი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ აშკარად რაღაც ძალიან საინტერესოს ვკითხულობდი, უბრალოდ გონების დაძაბვა მჭირდებოდა. ეს არის მწერალი, რომელსაც არა აქვს საზღვრები. უკიდურესად ექსტრემალურია ყველაფერში, თამამი... არაჩვეულებრივი პიესების ავტორია, განსაკუთრებით - მისი ”მოსამსახურე ქალები”. იმედი მაქვს, არა მხოლოდ ითარგმნება კიდევ ჟენე, არამედ ქართულ სცენაზე დაიდგმება კიდეც”.

ჟენემ ”ნოტრ-დამ-დე-ფლერი” თავის მეგობარს, ”მზიური ანგელოზის” სახელით ცნობილ მკვლელს, მორის პილორჟს მიუძღვნა, რომელსაც მკვლელობისათვის საფრანგეთის სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა და 1938 წელს გილიოტინაზე თავი მოჰკვეთეს. ის რომ არ ყოფილიყო, რომლის სიკვდილმაც სიცოცხლე გამიმწარა, ამ წიგნს არასოდეს დავწერდიო, წაუმძღვარებს ჟენე რომანს მოგვიანებით. სიმბოლურია ისიც, რომ რომანის ქართული თარგმანის გარეკანზე გამოყენებულია ჰალაშ დიულას, იმავე ბრასაის, პარიზში, ჟორჟ პომპიდუს ცენტრში, დაცული ორი ბანდიტის ფოტო, ასეთივე სახელმწოდებით - ”ბანდიტები დიდი ალბერის ბანდიდან, ანუ ცუდი ბიჭები”.
ამავე რომანის ფრანგული გამოცემის გარეკანს კი ჟან ჟენეს ძველი, დახეული და შემდეგ შეწებებული ფოტო ამშვენებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG