Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაურკვევლობა და პროვოკაციები მოლდავეთის არჩევნების წინ


მოლდავეთის არჩევნების შედეგების გრაფიკები
მოლდავეთის არჩევნების შედეგების გრაფიკები
მოლდაველი ამომრჩეველი 28 ნოემბერს კიდევ ერთხელ შეეცდება ბოლო მოუღოს პოლიტიკურ კრიზისსა და გაურკვევლობას, რომელიც ქვეყანაში თითქმის ორი წელია გრძელდება.

მოლდავეთში ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ორი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, მერე იყო ორი უშედეგო საპარლამენტო კენჭისყრა პრეზიდენტის ასარჩევად, სულ ბოლოს - სექტემბრის რეფერენდუმი, რომლის დროსაც პროდასავლურ „ალიანსში“ შემავალმა პარტიებმა ვერ მოახერხეს საჭირო ელექტორატის მობილიზება ამომრჩევლის ინდიფერენტულობისა და მოლდაველი კომუნისტებისა და მათი ელექტორატის წინააღმდეგობის გამო. არჩევნებით დაღლილი მოლდაველები კვირას კიდევე ერთხელ მივლენ საარჩევნო უბნებზე, რათა წერტილი დაუსვან პოლიტიკურ კრიზისს.

„უმთავრესი ისაა, რომ გადაიჭრას მოლდავეთის პოლიტიკური კრიზისი. ეს არ არის კარგი უბრალო მოქლაქეებისათვის, არ არის კარგი პოლიტიკოსებისთვის. კარგი იქნება, ვიცოდეთ, თუ რა გვსურს და რა გზას დაადგება მოლდავეთი არჩევნების შემედეგ.“

თუმცა გამართლდება თუ არა ამ და სხვა მოლდაველი მოქალაქეების მოლოდინი 29 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ახლა ძნელი სათქმელია. წინასწარი გამოკითხვებით, თითქმის არ შეიცვლება ძალთა ბალანსი ქვეყნის მომავალ საკანონმდებლო ორგანოში. ერთ-ერთი უკანასკნელი, ნაკლებად სანდო სოციოლოგიური გამოკითხვით, ამომრჩეველთა 35 პროცენტი კომუნისტურ პარტიას უჭერს მხარს, პრემიერ-მინისტრ ვლად ფილატის ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას - 20 პროცენტი, მოლდავეთის დემოკრატიულ პარტიას - 12 და მხოლოდ 11 პროცენტის მხარდაჭერით სარგებლობს პარლამენტის სპიკერისა და პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ მიხაი გიმპუს ლიბერალური პარტია.

თანაც, გაურკვევლობას ისიც ზრდის, რომ ლიბერალური და პროდასავლური პარტიები, რომლებიც მმართველ კოალიციაში არიან გაერთიანებულნი, არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობენ. ეს კი ზრდის მოლდაველი კომუნისტური პარტიისა და რუსეთზე ორიენტირებული კიდევ ერთი გავლენიანი პოლიტიკური ძალის, დემოკრატიული პარტიის, გამარჯვების შანსებს. თანაც, დემოკრატიული პარტიის ლიდერმა მარიან ლიპუმ შეთანხმება გააფორმა რუსეთის მმართველ „ედინაია როსიასთან“.

შესაბამისად, 29 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები არა მხოლოდ პოლიტიკური ძალების ერთგვარი დათვალიერება, არამედ მოლდავეთის საგარეო პოლიტიკის ტესტიც იქნება, - აცხადებს კიშინიოველი ექსპერტი ქალი, ანელი უტე გაბანი.

„ვფიქრობ, მოახლოებული არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ქვეყნის საზღვრებს გარედან - ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან - წამოსული სიგნალებითაც ჩანს. ეს ძალიან მკაფიო სიგნალებია. გზა, რომელსაც მოლდავეთი აირჩევს, საბედისწეროა, და ეს ასე შეიძლება იქნეს დანახული - ყოველ შემთხვევაში, საზღვარგარეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით.“

მოლდავეთის საპარლამენტო არჩევნებისწინა კამპანიაში აქტიურ როლს თამაშობს რუსეთი, რომელიც სხვადასხვა დახმარებას სთავაზობს საკანონმდებლო ორგანოში ადგილებისათვის მებრძოლ, სულ მცირე, ხუთ პარტიას. თავის მხრივ, შეერთებული შტატები და ევროკავშირი უფრო მეტად ევროპული ინტეგრაციისათვის ალიანსში (AIE) გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალებს უჭერენ მხარს. ამ კვირაში ევროკავშირის მინისტერიამ ბრიუსელში კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა მოლდავეთის ევროპულ ხელისუფლებას. შეერთებული შტატების სენატის 18 ნოემბრის რეზოლუცია კი მაღალ შეფასებას აძლევს მოლდავეთის მიერ დემოკრატიისა და საბაზრო რეფორმების მიმართულებით მიღწეულ „თვალსაჩინო პროგრესს.“
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG