Accessibility links

სულ მიკვირდა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობის თემაზე ანეკდოტი არ არსებობდა. თუმცა გურულებმა ყველას დაასწრეს და ანგარიში გახსნეს:

„ძამა, ნატო მე იმიზა მინდა, რომე დამიცვას და არ მცემონ. მარა, თუ მაგის გულობიზა მცემენ, მაშინ რაის მაქნისია მაი ნატო?“

ნატოში შესვლისათვის საქართველოს „ცემა“, პირდაპირი აგრესიისა და ტერიტორიების ოკუპაციის სახით, ალბათ, უკვე აღარ ემუქრება. თუმცა, თუ მაინცდამიანც ცემაზე მიდგება საქმე, არც იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ ალიანსი ხელს გამოიღებს ჩვენი გულისთვის. ამას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას საქართველოს მიმართ პირდაპირ არაფერი ავალდებულებს.

ამასწინანდელ ლისაბონის სამიტზეც საქართველო რიგიანად გაამხნევეს, ბევრი შეაქეს, დახმარებასაც დაჰპირდნენ, მაგრამ გაწევრიანების „მოსაწვევი“ ისევ შეუვსებელია, მასზე არც დროა მითითებული, არც ადგილი და არც ხელმოწერა ახლავს. ალიანსის „უმაღლეს ლიგაში“ გაწევრიანების რიგში კი სხვები დგანან - მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ჩერნოგორია. მერე, ალბათ, კოსოვოს და სერბიის ჯერიც დადგება, თუკი ამ უკანასკნელმა დასძლია ინერციას და ცნო კოსოვოს დამოუკიდებლობა.

ერთი სიტყვით, ნატოს გაფართოების პოლიტიკის დღის წესრიგში ჯერ ბალკანეთია. ახალი ამაში არაფერია. ალიანსის გაფართოების ეს რეგიონალური თუ გეოპოლიტიკური პრიორიტეტი ცნობილი იყო ალიანსის ყველა პარტნიორი ქვეყნისათვის, მათ შორის -საქართველოსთვის. უბრალოდ, ეს კიდევ ერთხელ განცხადდა ლისაბონის რეზოლუციაში და აისახა სტრატეგიულ კონცეფციაში. სიცხადე კი ყოველთვის სჯობია გაურკვევლობას, რაც, თავის მხრივ, ასაზრდოებს სპეკულაციებს, სხვადასხვა ცრუ მოლოდინებსა და კონსპირაციებს.

მეჩვენება, რომ ლისაბონის სამიტის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაც უფრო მეტად პრაგმატული გახდა. „საქართველო ჯერ არ არის მზად ნატოში გაწევრიანებისათვის“, - აღიარა ცოტა ხნის წინ სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ და ამის მიზეზად „სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირების აუცილებლობა დაასახელა.“ ადრე - ვთქვათ, ბუქარესტის სამიტის შემდეგ - ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიუღებლობის მთავარ მიზეზად „ალიანსის წევრებზე რუსეთის ზეწოლა სახელდებოდა“.

ცხადია, რუსეთი შემდეგშიც შეეცდება საქართველოს საკითხის დაბლოკვას ნატოში, თუმცა ამაზე გამუდმებით აპელირება თბილისის მხრიდან, დიდი ანგარიშით, არაფრის მომცემია და კიდევ უფრო შეაფერხებს სტრატეგიული მიზნის მიღწევას. თანაც, საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში სრულიად ახალი რეალობა შეიქმნა: ნატომ რუსეთთან ურთიერთობაში ტაიმ-აუტი აიღო. დასავლეთს სჭირდება რუსეთთან თანამშრომლობა ავღანეთის უსაფრთხოების ოპერაციის ბოლომდე მისაყვანად და, თანაც, სურს იხილოს მოსკოვი, როგორც პარტნიორი ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხებში.

თუ რით დასრულდება ეს „თაფლობის თვე“, ახლა ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს საზრუნავი ეს არ უნდა იყოს. სანამ ნატო და რუსეთი კონსტრუქციულად ითანამშრომლებენ, საქართველოს აქვს დრო მშვიდად მიხედოს შიდა პრობლემებს - მოახდინოს მართვის სისტემის დეცენტრალიზაცია, უარი თქვას ერთპიროვნულ მმართველობაზე, გააძლიეროს ადგილობრივი თვითმმართველობები, დახვეწოს საარჩევნო კანონმდებლობა, კიდევ უფრო გაათავისუფლოს პრესა და სასამართლო, განამტკიცოს უსაფრთხოების სისტემა, მოიზიდოს ინვესტიციები, შექმნას სამუშაო ადგილები, ღირსეული ცხოვრების პირობები და მოქნილი დიპლომატიით შეძლოს ნატოსკენ მიმავალი გზის დარჩენილი მონაკვეთის გავლა.

დავწერე და ვხვდები, თუ რას მომიგებს ამ ყველაფერზე ზემოხსენებული ანეკდოტის გურული ავტორი:

-„ძამა, კი მარა, მაი ყველაფერი მე ჩემით თუ გავაკეთე, მაშინ აი ნატო რაღაში მჭირია?“

2:0 გურულების სასარგებლოდ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG