Accessibility links

სახალხო კრება ოპოზიციის შიგნით უთანხმოების მიზეზი ხდება


საპროტესტო მსვლელობა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ

საპროტესტო მსვლელობა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ

წარმომადგენლობითი სახალხო კრების ორდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერები იმ მიზეზებზე ალაპარაკდნენ, რის გამოც სახალხო კრება კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. პარტიების ლიდერთა ერთი ნაწილი ქუჩის საპროტესტო აქციების არაეფექტურობაზე საუბრობს, მეორე ნაწილი ხაზს უსვამს ერთიანობის აუცილებლობას, სხვები კი სახალხო კრების იდეების გაგრძელებას გეგმავენ.

მარტოს არც ერთ ოპოზიციურ ძალას ხელისუფლების შეცვლა არ შეუძლია. ეს კარგად ჩანს, ეს კარგად დავინახეთ თუნდაც 25-ში ...
წარმომადგენლობითი სახალხო კრების ორდღიანი საპროტესტო აქციების დასრულების შემდეგ კრების ორგანიზატორები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, ორიოდე დღეში სახალხო კრების გეგმაზე მუშაობა დაიწყონ. 25 და 26 ნოემბერს პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეების დიდი ნაწილი სახალხო კრების ლიდერებს - ნინო ბურჯანაძეს, ნონა გაფრინდაშვილს, ირაკლი ბათიაშვილს და სხვებს - სწორედ სამომავლო გეგმის უქონლობას საყვედურობდნენ. ანალოგიური შენიშვნები გამოთქვეს იმ ოპოზიციონერმა ლიდერებმაც, რომლებიც სოლიდარულნი არიან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ.

27 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართა „სამართლიანი საქართველოს“ ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა და განაცხადა, რომ ხელისუფლების დამარცხებისთვის ოპოზიციურ ძალებს შორის კოორდინირებული გეგმა უნდა არსებობდეს:

”მარტოს არც ერთ ოპოზიციურ ძალას ხელისუფლების შეცვლა არ შეუძლია. ეს კარგად ჩანს, ეს კარგად დავინახეთ თუნდაც 25-ში. და რეცეპტი იგივეა, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. ამისთვის საჭიროა ოპოზიციური ერთობა, ან ერთობლივი მოქმედებები, ან კოორდინირებული მოქმედებები, ან კონსოლიდირებული მოქმედებები. როდესაც ერთობაზე ვსაუბრობ, მე არ ვსაუბრობ ერთი ლიდერის გარშემო შეკრებაზე. ეს, ყველამ კარგად ვიცით, რომ შეუძლებელია.”

გუშინ ამ აქციის ორგანიზატორმა პოლიტიკოსებმა თვითმკვლელობა ჩაიტარეს ...
ნოღაიდელმა ისიც აღნიშნა, რომ გამარჯვების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ლიდერობის ამბიციაზე უარის თქმის შემთხვევაში.

ამ ამბიციის გამო სახალხო კრების ლიდერს ნინო ბურჯანაძეს უსაყვედურა საფრანგეთის პოლიტიკური თავშესაფრის სტატუსის მქონე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა. მან და მისმა თანამებრძოლებმა სამიოდე დღის წინ ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია - ”ქართული პარტია” - დააფუძნეს. ოქრუაშვილმა ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში ტელეფონით ჩართვისას განაცხადა, რომ სახალხო კრების ორგანიზატორებმა საქმე გააფუჭეს:

”გუშინ ამ აქციის ორგანიზატორმა პოლიტიკოსებმა თვითმკვლელობა ჩაიტარეს. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ხალხმა რა დააშავა, მთავარი პრობლემა ეს არის. ერთადერთი, როცა იმის გამო აკეთებ ამას, ვინმემ არ დამასწროსო, ამას სხვა რამე ჰქვია.”

ოქრუაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ნინო ბურჯანაძეს საკუთარი პარტიის ლიდერობა შესთავაზა, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო მყოფ ბურჯანაძეს საქმე არ გაეფუჭებინა.

ოქრუაშვილის კრიტიკას გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძეც და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ძველ თანამდებობებზე მისი მოღვაწეობის შედეგები შეახსენა.

ჩვენ მივდივართ იმ გზით, რასაც ჰქვია თანამედროვე დემოკრატია - არა ქუჩის აქციები, არა ქუჩა, არა ქუჩიდან მოსვლა ...
სახალხო კრების ორგანიზატორების მიერ ხალხის ქუჩაში გამოყვანის მცდელობა გააკრიტიკა ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამაც.

27 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართა კიდევ ერთი ოპოზიციური ორგანიზაციის - ”თეთრების” - ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა, რომელიც აქტიურად იყო ჩაბმული სახალხო კრების ორგანიზებაში.
იგი ალასანიას კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კრების ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არ არის და მათი მიზანი არ ყოფილა ხალხის ქუჩაში გამოყვანა:

”არ მომიწოდებია არასდროს და ვამბობ, რომ ქუჩა არის ჩიხი. თქვენ რომ გამოიყვანეთ ხალხი ქუჩაში და 100 დღე გყავდათ ქუჩაში, მე მაშინ ვამბობდი, რომ ეს არის ჩიხი. ჩვენ მივდივართ იმ გზით, რასაც ჰქვია თანამედროვე დემოკრატია - არა ქუჩის აქციები, არა ქუჩა, არა ქუჩიდან მოსვლა. სწორედ საქართველოს სჭირდება დღეს განახლებული ეროვნული მოძრაობა, რეალური დემოკრატია და ინტელექტუალური რადიკალიზაცია.”

არადა, თავად სახალხო კრების საპროტესტო აქციის მონაწილეთა უმრავლესობას ხელისუფლების ქუჩის აქციებით შეცვლის სურვილი ამოძრავებდა და ამის შესახებ აქციების მოწყობამდე თავად ლიდერებიც მიანიშნებდნენ. ახლა წარმომადგენლობითი სახალხო კრების ორგანიზატორები აქციების მთავარ შედეგად დარბაზისა და აღმასრულებელი საბჭოს არჩევას მიიჩნევენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG