Accessibility links

logo-print

თბილისი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძებს


თბილისი 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურმა ასამბლეამ მიიღო. ფესტივალის მასპინძლობის პრეტენზია ჰქონდა ასევე ჩეხეთის ქალაქ ბრნოს. ფარულ კენჭისყრაში, რომელსაც ოლიმპიური ფესტივალი ჩატარების ადგილი უნდა გადაეწყვიტა, 49 დელეგატი მონაწილეობდა. მათგან 26-მა გადაწყვეტილება თბილისის სასარგებლოდ მიიღო. "ეს დიდი გამარჯვებაა, თუმცა მთავარი გამარჯვება ის იქნება, თუ საქართველო 2015 წლის ახალგაზრდულ ფესტივალზე ღირსეულად წარსდგება. და შემდეგ განაცხადს ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზეც გააკეთებს", – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ გია ნაცვლიშვილმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ბელგრადში იმყოფებოდა საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე და თბილისის მერი გიგი უგულავა. კენჭისყრის მონაწილეებს ვიდეომიმართვით მიესალმა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 9 სპორტულ სახეობაში ტარდება და, როგორც გია ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც წილად ხვდა პატივი, ასეთ ღონისძიებას უმასპინძლოს.
XS
SM
MD
LG