Accessibility links

ერთ საკითხზე მინდა დავწერო, რომელზეც, გამოვტყდები, ბევრი არ მიფიქრია. მაგრამ მაწუხებს - ჰოდა, აბა, რა არის ბლოგი, თუ არა უფრო მეტი სითამამის ადგილი, ვიდრე, მაგალითად, პუბლიცისტურ წერილსა ან სამეცნიერო სტატიაში იქნებოდა შესაძლებელი?

საქმე ეხება სტერეოტიპებს.

შეიძლება არც დამეწერა ამაზე, ჩემთვის უაღრესად ძვირფასი კოლუმნისტის, ჩარლზ კრაუტჰამერის ერთ-ერთი უკანასკნელი სტატია რომ არ წამეკითხა, რომელიც ასევე სტერეოტიპებზეა.

რაც ახლა მაინტერესებს, ციტატაა ფილმიდან (Up in the Air), რომელსაც კრაუტჰამერის წერილში წავაწყდი - ჯორჯ კლუნის გმირი ამბობს, აეროპორტის რიგში ყოველთვის აზიელების უკან ვდგებიო:

"They pack light, travel efficiently, and they got a thing for slip-on shoes, God love 'em."
"That's racist!"
"I'm like my mother. I stereotype. It's faster."

ფილმი ნანახი მაქვს, მაგრამ ეს დიალოგი გამომრჩენია.

”აზიელები მსუბუქად და ეკონომიურად მგზავრობენ, თანაც, ღმერთმა დალოცოს, უთასმებო ფეხსაცმელი აცვიათ.”

”რა რასიზმია!”

”დედაჩემს ვგავარ. სტერეოტიპიზებას ვახდენ. ასე უფრო სწრაფია”.

საქართველოშიც ძალიან ბევრია სტერეოტიპი: ქალების, სომხების, ჰომოსექსუალების, ბოშების, ლიბერალების, მართლმადიდებლების, იეღოველების, ზვიადისტების, ქართველების, რუსებისა და პოლიტიკოსების შესახებ. ამიტომაც ლიბერალურ უმცირესობაში კარგ საქმედ ითვლება სტერეოტიპებთან ბრძოლა. პრინციპში, მხოლოდ საქართველოში არაა ასე. ეს ბრძოლა არსით მემარცხენე მოვლენა მგონია, მიუხედევად იმისა, რომ მემარჯვენეებიც შეიძლება ჩაერთონ მიუღებელი სტერეოტიპების მსხვრევაში. რატომ მემარცხენე? იმიტომ, რომ მემარცხენეობის მთავარი ამოცანა რადიკალური ცვლილებაა ჯერ კიდევ არნახულისა და არგაგონილის მიმართულებით.

წარმოვიდგინოთ დიალოგი:

A: აი, სტერეოტიპი - ქალებს ცრემლიანი მელოდრამები უყვართ. რა, არ არის მართალი?

B: არა, ზოგადად ქალებს არ უყვართ მელოდრამები. ყველა ქალი ინდივიდუალურია, ზოგს მელოდრამა უყვარს, ზოგსაც - შეიპინგი.

A: სტერეოტიპს ყველა ქალის დაფარვის პრეტენზია არ აქვს. თუ ქალების 70 პროცენტს უყვარს მელოდრამა, ეს უკვე სერიოზული შედეგია, გამოდის, რომ ამ სტერეოტიპს არსებობის უფლება ჰქონია.

B: მე მინდა საზოგადოება, სადაც ქალებზე იმის მიხედვით არ იმსჯელებენ, უყვარს თუ არა მას მელოდრამები. ვიცი ასეთი სტერეოტიპები: ჯერ იმით დაიწყებ, რომ ქალს მელოდრამები უყვარს, მერე გადახვალ იმაზე, რომ ქალი უფრო ემოციურია, მერე იმას იტყვი, რომ ნაკლებად რაციონალურია და ბოლოს დამთავრდება საკრამენტული ”ქალი სამზარეულოში უნდა იყოს”-ით.

A: თუ ”უნდას” ვიტყვი ოდესმე, მართლაც სერიოზული შეცდომა იქნება. მაგრამ ”უნდას” შენ ამბობ და არა მე. მე მხოლოდ აღვწერ იმას, რაც არსებობს. ეს შენ ამბობ იმას, რაც უნდა არსებობდეს. შენ სტერეოტიპებს იმიტომ კი არ ებრძვი, რომ ისინი აქ და ახლა არ მუშაობენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი ხელს უშლიან უკეთესი ხვალინდელი დღის წარმოქმნას. მე აწმყოზე ვარ ორიენტირებული, შენ კი - მომავალზე. მე რეალობა მაინტერესებს, შენ კი - ამ რეალობის შეცვლა.

თავად თქვენ ამ ორიდან უფრო რომელი პოზიციისკენ იხრებით?

აქაა სწორედ განსხვავება მემარცხენე და მემარჯვენე ინტელექტუალს შორის. მემარცხენის მთავარი ღირსება წარმოსახვის ძალაა - როგორი შეიძლება ყოფილიყო ან იყოს ეს სამყარო? მემარჯვენის კი - გაგება. როგორი არის ის რეალურად?

ამიტომაა მემარცხენე ინტელექტუალების ნააზრევი ბევრად უფრო საინტერესო.

ამიტომაა მემარჯვენე ინტელექტუალების ნააზრევი ცხოვრებასთან ბევრად უფრო ახლოს.

ცხოვრება კი სტერეოტიპების გარეშე უბრალოდ არ არსებობს. არავის ექნება იმდენი დრო და ენერგია, რომ ყოველ ცალკეულ ადამიანს ინდივიდუალურად მიუდგეს - მწერლისა და ფსიქოანალიტიკოსის გარდა, რომლებიც ფულს სწორედ ყოველი ადამიანის მიმართ ინდივიდუალურ მიდგომაში იღებენ.

აბა, რა ვუყოთ სტერეოტიპებს? დავტოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არის?

სრულიადაც არა. მთავარია, სტერეოტიპებს წავართვათ მათი ნორმატიული ხასიათი. არ შეიძლება მოვთხოვოთ ქალსა და მამაკაცს, რომ ისინი დამკვიდრებულ სტერეოტიპებს შეესაბამებოდნენ. როგორც კი მოგვინდება იმის თქმა, ნამდვილი ქართველი ასეთი და ასეთი უნდა იყოსო, ენაზე უნდა ვიკბინოთ - ნამდვილი ქართველი ბევრნაირი შეიძლება იყოს. მივცეთ მას ამის საშუალება, ნუ დავახშობთ შესაძლებლობებს.

მაგრამ უბრალოდ სიბეცე იქნებოდა იმის არდანახვა, რომ სტერეოტიპული ქალებიც არსებობენ, კაცებიც, ქართველებიც, ლიბერალებიც, მართლმადიდებლებიც და ა. შ. თანაც, არა უბრალოდ არსებობენ, არამედ დიდი რაოდენობითაც. აქ სტერეოტიპი არა ნორმის დასადგენად, არამედ შემეცნების პროცესში დროისა და ენერგიის დასაზოგად გამოიყენება. სანამ ადამიანები ერთმანეთის მსგავსად იქცევიან და აზროვნებენ, ამის სრული უფლება გვაქვს.

ცხადია, არსებობს თავიდან ბოლომდე მცდარი სტერეოტიპები. მაგრამ არც ყველა სტერეოტიპის მცდარად გამოცხადებაა სწორი.

P. S. უნიკალური ინდივიდუალობის დასაცავად ყველაზე კარგი საბუთი ფროიდმა წარმოადგინა. საქმე ისაა, რომ თუ ადამიანს არაცნობიერი განსაზღვრავს, ის უნიკალურია მიუხედავად იმისა, როგორ ცხოვრებას ეწევა, რამდენად ჭკვიანი და განათლებულია, საერთოდ აკეთებს რამეს თუ მცენარესავით არსებობს - ეს იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანი, ფსიქოანალიზის მიხედვით, ერთადერთი და განუმეორებელი ფსიქიკური მოხატულობის (pattern) მატარებელია. ყველაზე მოსაწყენი და ’განუვითარებელი’ ადამიანის ეს მოხატულობა ისეთივე რთული და საინტერესოა, როგორიც ყველაზე ჩახლართული რომანი.

ხოლო იმისთვის, რომ, ფროიდის ამ ჰუმანიზმით შეგულიანებულები, რეალობას დავუბრუნდეთ და გავიხსენოთ, რაოდენ მცირე როლს თამაშობს ეს უნიკალური ’ფსიქიკური მოხატულობა’ პრაქტიკაში (ანუ საზოგადოებრივსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში), მონტი პაითონის გენიალური კომედიის ნაწყვეტი დაგვეხმარება:

”თქვენ ყველანი ინდივიდები ხართ!”
”დიახ, ჩვენ ყველანი ინდივიდები ვართ!”
”თქვენ ყველანი განსხვავებულები ხართ!”
”დიახ, ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ!”
”მე არ ვარ განსხვავებული.”
”ჩუუუუუ.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG