Accessibility links

logo-print

ორი აფეთქება თბილისში მსხვერპლით დასრულდა


ჯავახიშვილის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული შენობა

ჯავახიშვილის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული შენობა

29 ნოემბრის გვიან ღამით თბილისში ერთსაათიანი ინტერვალით ორი აფეთქება მოხდა - ერთი ჯავახიშვილის ქუჩაზე, მეორე მუხიანის დასახლებაში. დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა რამდენიმე. დაზიანდა შენობები. შსს-ს ინფორმაციით, ეს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მომხდარი მსგავსი ხელწერის მქონე მეექვსე აფეთქებაა. ჯერჯერობით არც ერთი მათგანი გამოძიებული არ არის. დაზიანებულ შენობებს შორისაა ხელოვნების კოლეჯი და ლეიბორისტული პარტიის ოფისი ჯავახიშვილის ქუჩაზე. პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა.

აფეთქება თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, 88-ე კორპუსთან, გვიან ღამით მოხდა. ერთ საათში აფეთქების ხმა მუხიანის დასახლების პირველ მიკრორაიონში, მე-13 კორპუსში მდებარე სუპერმარკეტის წინაც გაისმა. პირველ აფეთქებას 65 წლის ქალბატონი - ნინო გორდეზიანი - ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილის ახლომდებარე შენობების ფანჯრები ჩალეწილია. ასეთ მდგომარეობაშია, მაგალითად, სერგო ზაქარიაძის სახელობის ხელოვნების კოლეჯი, სადაც 200 ბავშვი სწავლობს. შემთხვევის ადგილზე კოლეჯის დირექტორი მზია აფრიდონიძე არ იმყოფებოდა, თუმცა, როგორც თავად მოგვითხრობს, აფეთქებიდან 40 წუთში მას ადგილზე ასეთი სიტუაცია დახვდა:
ხელოვნების კოლეჯის დირექტორი მზია აფრიდონიძე

”შენობის ფასადს აღარ შერჩა კარი, ფანჯარა, ყველა მინა ჩაიმსხვრა. ყველაფერი დალეწილია. დღეს ბავშვები რომ მოვიდნენ, თავისი ხელითა და ჩვენი დახმარებით დაასუფთავეს ყველაფერი და გავიტანეთ ეს ნაგავი. არც ვიცი, რა სახელი უნდა დავარქვა ამ სიტუაციას, რა არის ეს - ვანდალიზმი? ტერორისტული აქტი? იმედია, რაღაც კვალიფიკაციას მისცემენ და გამოიძიებენ. ჩვენს პირდაპირ სახლში მცხოვრები ქალი შეეწირა ამ ამბავს, გულში ჩაერჭო დამსხვრეული მინები. ბეწვზეა გადარჩენილი ჩვენი კოლეჯის დაცვაც. შეუძლებელია ასეთ ტერორში ყოფნა”.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველო იძიებს. შსს-ს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ საქმე საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც გაზის, ბენზინის, ნავთის ან სხვა ნივთიერების განზრახ აფეთქებას და ამით შეგნებულად სიცოცხლისათვის, ჯანმრთელობის ან ქონებისათვის საფრთხის შექმნას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ბოლო თვეების განმავლობაში ეს იყო მეექვსე ასეთი აფეთქება, მაგრამ არც წინებია გამოძიებული, თორემ ეს აღარ მოხდებოდა...

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შოთა უტიაშვილს ამ ეტაპზე მწირი ინფორმაცია აქვს. ის გვეუბნება, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს უკვე აფეთქების მეექვსე შემთხვევაა და ჯერჯერობით არც ერთი ფაქტი გამოძიებული არ არის. სამართალდამცავები ადასტურებენ მხოლოდ იმას, რომ ორივე შემთხვევაში ერთი და იმავე ტიპის ასაფეთქებელი ნივთიერებაა გამოყენებული:

”ექსპერტიზა არ დასრულებულა და ზუსტად ვერ ვიტყვი რა ნივთიერება იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე ადგილას ერთი და იგივე ასაფეთქებელია გამოყენებული. ბოლო თვეების განმავლობაში ეს იყო მეექვსე ასეთი აფეთქება, მაგრამ არც წინებია გამოძიებული, თორემ ეს აღარ მოხდებოდა”.

პირველი აფეთქების ადგილას მდებარეობს ლეიბორისტული პარტიის ოფისიც, რომელიც აფეთქებამ ასევე დააზიანა. შრომის პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მომხდარს უკვე მისცა პოლიტიკური შეფასება - მას ტერორისტული აქტი უწოდა და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. მისი შეფასებით, მუხიანში მომხდარი აფეთქება მხოლოდ ყურადღების გადატანის მცდელობა იყო:
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აფეთქების შედეგად დაზიანებულ ოფისში

”ლეიბორისტული პარტიის ოფისთან მომხდარი აფეთქება წარმოადგენდა კლასიკურ პოლიტიკურ ტერორისტულ აქტს, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, დაიღუპა ჩვენი აქტივისტი ქალბატონი და ეს ყველაფერი სააკაშვილის კრიმინალურ-ტერორისტული რეჟიმის მიერაა ორგანიზებული”.

ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობა დილიდან აფეთქებით დანაგვიანებულ ტერიტორიას ასუფთავებდა და ჩამსხვრეულ მინებს სვამდა. იგივე სურათი იყო მუხიანის დასახლებაშიც, სადაც შეშინებული ხალხი საქმის გამოძიებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG