Accessibility links

logo-print

ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს 2015 წელს თბილისი უმასპინძლებს


ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს 2015 წელს თბილისი უმასპინძლებს. 27 ნოემბერს ბელგრადში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე გამართულ კენჭისყრაზე, ევროპის ოლიმპიური ოჯახის გადაწყვეტილებით, თბილისმა ჩეხეთის ქალაქი ბრნო ხუთი ხმით დააცილა ფესტივალის მასპინძლობას. საქართულოს დელეგაცია თბილისში 29 ნოემბერს, გამთენიისას დაბრუნდა. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის გია ნაცვლიშვილის თქმით, თავდაუზოგავმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. მომდევნო ოთხი წელი ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის მზადებას მიეძღვნება.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ დიდი ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს...

თბილისსა და ჩეხეთის ქალაქ ბრნოს შორის ევროპელებმა არჩევანი თბილისის სასარგებლოდ გააკეთეს. ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს 2015 წელს თბილისი უმასპინძლებს. წელიწადნახევრის წინ დაწყებული ოლიმპიური ბრძოლა 27 ნოემბერს ბელგრადში დასრულდა. ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ ასამბლეაზე ფარული კენჭისყრის შედეგად, თბილისმა ბრნოს ხუთი ხმით აჯობა. ახალგაზრდულ ოლიმპიადაში მონაწილეობას ევროპის 49 ქვეყნის 3000 სპორტსმენი სპორტის 9 სახეობაში - კალათბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში, ცურვაში, მძლეოსნობაში, ველოსპორტში, ძიუდოში, ტანვარჯიშსა და ჩობგურთში - მიიღებს.

მსგავსი მნიშვნელობისა და მასშტაბის ღონისძიება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად კავკასიაშიც კი პირველად გაიმართება - ასეთ შეფასებას აძლევენ ოლიმპიურ კომიტეტში თბილისის მიერ ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლების მოპოვებას. ეს არის აღიარება იმისა, რომ ჩვენ ევროპის სრულუფლებიანი წევრები ვართო, აცხადებს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი.
ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე გია ნაცვლიშვილი

"მათ მხარი დაუჭირეს საქართველოსა და თბილისს და არა ევროკავშირის წევრ ქვეყანას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ დიდი ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. მე არ ვიტყვი, რომ ეს რაიმე სახის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან მიახლოებული კი ნამდვილად იყო", - ამბობს გია ნაცვლიშვილი.

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის იგეგმება სპორტული ინფრასტრუქტურის სრული განახლება და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება. როგორც ოლიმპიურ კომიტეტში აცხადებენ, ფინანსურ მხარეს სახელმწიფოს დახმარებით თბილისის ბიუჯეტი უზრუნველყოფს. აქვე იმასაც ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ოლიმპიური კომიტეტი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ფინანსურ მხარდაჭერას არ ახორციელებს, ისინი შეეცდებიან ოლიმპიური კომიტეტისაგან გარკვეული ფინანსური დახმარება მიიღონ. მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე სპორტის დარგში მერაბ ჩიქობავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან ოლიმპიური თამაშებისათვის დახარჯული თანხა ისევ და ისევ ქართული სპორტის განვითარებას მოხმარდება. თუმცა, მისივე თქმით, გარდა თბილისის ბიუჯეტისა, ოლიმპიური თამაშებისათვის ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს კერძო ინვესტიციები შეასრულებს:

"რაც აშენდება, ყველაფერი აქ დარჩება, განვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა, ეს ყველაფერი კი დაფინანსდება ნაწილობრივ კერძო სტრუქტურებიდან, ნაწილობრივ კი - მერიის ბიუჯეტიდან. ამ ეტაპზე საკმაოდ ძნელია იმის თქმა, თუ რა დაჯდება ოლიმპიადის ორგანიზება, მოკლე პერიოდში უფრო დაზუსტებით გვეცოდინება ხარჯების რაოდენობა. ჩამოვლენ საერთაშორისო ექსპერტები, გავმართავთ კონსულტაციებს, იქნება რეკომენდაციები და ამის შემდეგ შევიტყობთ, თუ რა თანხა დაიხარჯება აღნიშნული ღონისძიებისათვის", - ამბობს მერაბ ჩიქობავა.
რა თქმა უნდა, ყველა ბაზამ საერთაშორისო სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოს, რაც ოლიმპიური თამაშების სახეობების განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ...

ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლეილა მესხი თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩატარებას ყველა იმ სპორტული სახეობის განვითარებას უკავშირებს, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიიღებენ:

"გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, ყველა ბაზამ საერთაშორისო სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოს, რაც ოლიმპიური თამაშების სახეობების განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება", - ამბობს ლეილა მესხი.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ოლიმპიური სოფელი დიდი დიღმის ტრასაზე, უფრო კონკრეტულად კი, ამერიკის საელჩოსთან აშენდეს. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კი, როგორც თბილისის მერიის წარმომადგენელი აცხადებს, ის ახალგაზრდულ ცენტრად, სტუდენტურ ქალაქად გადაიქცევა.

ფარული კენჭისყრის მიუხედავად, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის გია ნაცვლიშვილის ინფორმაციით, თბილისს მხარი დაუჭირეს ევროპის ისეთმა დიდმა ქვეყნებმა, როგორიც არიან საფრანგეთი და გერმანია. თბილისის მხარდაჭერის შესახებ ოფიციალური განცხადება კი რამდენიმე დღის წინ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ალექსანდრ ჟუკოვმა გია ნაცვლიშვილთან ნახევარსაათიანი შეხვედრის შემდეგ ოფიციალურად დააფიქსირა და აღნიშნა, რომ სპორტი პოლიტიკის მიღმა დგას.
კანდიდატების წარდგენის ცერემონია ბელგრადში

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ევროპის ოლიმპიური ოჯახის კეთილგანწყობას მნიშვნელოვანწილად იმ პრეზენტაციას უკავშირებს, რომელიც მათ საქართველოდან წაიღეს. ფოლკლორული ელემენტები,
თბილისის სპორტული ინფრასტრუქტურისა და ზოგადად ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ შექმნილი ვიდეორგოლები, პატარა მოცეკვავეები და ახალგაზრდული ოლიმპიადისათვის დაწერილი ჰიმნი, დუეტ "ჯორჯიას" ცოცხალი შესრულებით, თბილისური პრეზენტაციის წარმატების საფუძველი გახდაო, ამბობს გია ნაცვლიშვილი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთის ქალაქი ბრნო ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლების მოპოვებას ჯერ კიდევ 2007 წლიდან ცდილობს და ყველაფრით მზად იყო იმისათვის, რომ ოლიმპიადისათვის ემასპინძლა, თბილისის პრეზენტაციამ, რომლის ავტორი რეჟისორი დავით დოიაშვილი იყო, ბრნოს შანსი არ დაუტოვა.
XS
SM
MD
LG