Accessibility links

logo-print
თითქმის სამთვიანი საინფორმაციო პაუზის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ერთბაშად გაააქტიურა საზოგადოებასთან მუშაობა და განვლილ კვირაში ჯარიც შეუდარებლად დიდი დოზით ჩანდა ტელეეკრანზე. მიუხედავად იმისა, რომ კარჩაკეტილობის ინერცია ძლიერია და სამხედრო ღონისძიებებზეც ძირითადად მხოლოდ ოფიციალური ტელეარხების ჟურნალისტებს იწვევენ, ჩანს, რომ ვითარებას სამხედრო უწყებისა და მედიის ურთიერთობაში გაუმჯობესების სიმპტომები დაეტყო.

საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატში სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა საინტერესო კლუბი, სახელწოდებით „არმია“, რომელიც უკვე ტურნირის ფავორიტია და ჩემპიონობის მოპოვებისათვის იბრძვის. კლუბ „არმიის“ გამარჯვებებში ფინანსური წვლილი შეაქვს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს, მორალური კი - სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ტრიბუნებიდან ერთგულად ქომაგობენ „არმიის“ გუნდს.

თუ რა უჯდება და ექნება თუ არა მომავალ წელსაც საკალათბურთო გუნდის შენახვის შესაძლებლობა 100 მილიონი ლარით შემცირებულ თავდაცვის ბიუჯეტს, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თუმცა არმიის პოპულარიზების თვალსაზრისით საინტერესო მიგნებაა: ერთი მხრივ, სამხედროებს შესაძლებლობა მიეცათ გავიდნენ ხალხში და ორგანიზებულად, სრულიად უსასყიდლოდ დაესწრონ საყვარელი გუნდის თამაშებს; ცნობილმა სპორტსმენებმა კი ჯარისკაცების ცხოვრება გაიცნეს. 18 ნოემბერს საკალათბურთო კლუბ „არმიის“ წევრები ქუთაისში ახლად გახსნილ კადეტთა სამხედრო სასწავლებელს ესტუმრნენ, მეგობრული მატჩი ითამაშეს მომავალ სამხედროებთან ერთად და ჯარისკაცული ულუფაც დააგემოვნეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვლადიმერ ბოისა სიხარულს ვერ მალავდა ქართველ კადეტებთან შეხვედრის შემდეგ:

„გავეცანით კადეტების ყოველდღიურ ცხოვრებას, ძალიან კმაყოფილები ვართ და იმედია, რომ ეგეთი შეხვედრა კიდევ არაერთი გაიმართება. ჩვენს თამაშზე დავპატიჟებთ. იმედია მოვლენ, როცა აქ ქუთაისის გუნდთან იქნება თამაში. ჩვენ ვეცდებით, რომ აქ ხშირად ვესტუმროთ და ერთად გავატაროთ რამდენიმე ლამაზი საათი“.

არმიელი კალათბურთელების წასვლის შემდეგ ქუთაისში საქართველოს არმიის მთელი ხელმძღვანელობა ჩავიდა და კიდევ უფრო დიდი - როგორც საქართველოში უყვართ თქმა, „გრანდიოზული“ - სამხედრო შოუ ჩაატარა. მე ვიტყოდი, სამხედრო-საეკლესიო შოუ: 23 ნოემბერს გელათის მონასტრის ეზოში 800-მდე სამხედრო რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო.

ჯარისკაცების ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე, თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ფიცის დადების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები ქუთათელ-გენათელმა ეპისკოპოსმა, მეუფე კალისტრატემ დალოცა. ასე მასობრივად, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა მონაწილეობით ფიცის დადების ტრადიცია საქართველოში 1991 წლის 26 მაისის პირველი აღლუმის შემდეგ დამკვიდრდა. თუმცა, თუ აქამდე უპირატესობა სამხედრო პლაცს ან სტადიონს ეძლეოდა, ახლა ფიცის მიღების ადგილად სამონასტრო კომპლექსი შეირჩა. ეს კი შემთხვევითი არ არის. გელათში ფიცის დადებამდე იქ იყო თავად არმიის ხელმძღვანელობის დალოცვა და მწემსმთავრული შეგონება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მხრიდან, რათა ჯარმა იაროს ეკლესიაში.

„მე მინდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ კვირა დღეს, დღესასწაულებზე ჯარი იყოს ეკლესიაში. ხალხმა უნდა გაიცნოს თავისი შვილები, ახლოს უნდა იყვნენ ჩვენთან და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან შეუწყობს ხელს ჩვენს მთლიანობას. დალოცვილი და გახარებული იყავით, ღმერთმა დალოცოს თავდაცვის მინისტრი ბატონი ბაჩო ახალაია და ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, მთელი საქართველო. თქვენთან არს ღმერთი!” - განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

არმიისა და ეკლესიის ურთიერთმიმართება ძალიან ფაქიზი და რთული თემაა, ვიდრე სამხედროებისა და მედიის ურთიერთობა.

ქრისტიანობის დიდი ტრადიციის მქონე ქვეყანაში მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების იგნორირება შეუძლებელია. ჟურნალისტები კი თუ არ გიყვარს, შეგიძლია, ბოლოს და ბოლოს, საერთოდ არ გააჭაჭანო სამხედრო უწყების სიახლოვეს და ამით ქვეყანა არ დაიქცევა. მაგრამ, საბოლოო ჯამში, სამხედრო უწყების „ინფორმაციული დახუთვაც“ არაფერს იძლევა. ისევ შენი უწყების იმიჯი და ჯარისკაცები ზარალდებიან. მაგალითად, ექვსთვიანი სამხედრო მისია ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ისე დაასრულა ქართულმა ბატალიონმა, რომ საზოგადოებას ქართველი ჯარისკაცების შესახებ ან ტრაგიკული ამბები და სპეკულაციები ესმოდა, ანდა - არაფერი... ამიტომ თავდაცვის სამინისტრომ კარგი გადაწყვეტილება მიიღო და 27 ნოემბერს ჟურნალისტთა საგანგებო ჯგუფი გაგზავნა ავღანეთში.

ნაციონალური ტელეარხების ჟურნალისტები 2 კვირას დაყოფენ ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად და მათი საქმიანობის შესახებ ქართველ მაყურებელს უამბობენ. კოლეგებს შინ მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებ, თავდაცვის სამინისტროს კი - ასეთი პროაქტიკული საინფორმაციო მუშაობის შემდგომ გაგრძელებას.
XS
SM
MD
LG