Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ურბანული განვითარება


კალაუბანი
კალაუბანი
„თბილისის ურბანული განვითარება: მდგომარეობა და პერსპექტივები“ – ასე ერქვა საჯარო დისკუსიას, რომელიც ამ დღეებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გაიმართა და რომელშიც, გარდა არქიტექტურის თეორეტიკოსებისა, - ურბანისტების იოსებ სალუქვაძის და ლადო ვარდოსანიძისა, - მონაწილეობა მიიღო თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა, პაპუნა ძიძიგურმა - ადამიანმა, რომელიც, გარკვეული თვალსაზრისით, პასუხს აგებს საქართველოს დედაქალაქის ურბანულ განვითარებაზე. შესაძლოა, ამანაც განაპირობა განსაკუთრებული ხალხმრავლობა ბიოლის ფონდში...

სამწუხაროდ, მერიის არქიტექტურის სამსახური, როგორც წესი, თავს არიდებს ხოლმე ასეთი ტიპის დისკუსიებში მონაწილეობას. ადამიანები, რომლებიც თბილისის ურბანულ განვითარებაზე აგებენ პასუხს, ხშირად აღნიშნავენ: ქალაქის განვითარების მიმართ პრეტენზიებს და შენიშვნებს ხშირად არაპროფესიონალები გამოთქვამენ და მათი მოსაზრებები ყოველგვარ კომპეტენტურობას მოკლებულიაო. თუმცა, დამეთანხმებით, ნებისმიერ თბილისელს (და არა მარტო თბილისელს) აქვს უფლება გამოთქვას პრეტენზიები იმის მიმართ, თუ როგორ შენდება მისი ქალაქი და დასვას კითხვები, რომელთაც ქალაქის ხელმძღვანელობამ – რამდენად უსიამოვნოც უნდა იყოს მისთვის – მაინც უნდა უპასუხოს.
კალაუბანი

თუმცა ეს დისკუსია კრიტიკით არ დაწყებულა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის ლადო ვარდოსანიძის თქმით, ურბანიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში პროგრესი მაინც აშკარაა:

„თავი და თავი ყველგან იყო პოლიტიკური ნების არსებობა. გახსოვთ ის პერიოდი, როცა პოლიტიკური ნება გაცხადებული არ იყო წინა ხელისუფლების ხელში და ქალაქური გარემო საჯიჯგნად იყო მიტოვებული ამ „პრიხვატიზაციის“ პროცესში. ნორმატიულ აქტში ნათქვამი იყო, თბილისის ტერიტორიები მუნიციპალიტეტმა გამოიყენოს თავისი შეხედულებების მიხედვითო“, – აღნიშნა ლადო ვარდოსანიძემ.
უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ამქარი, ჩვენი დარგი ჩამორჩა ცხოვრების მოთხოვნილებებს. ძირითადად ეს მოხდა პროფესიული სნობიზმის გამო...

მისი თქმით, ეს იყო ურთულესი პერიოდი ქალაქის განვითარებისთვის, როცა პანტაპუნტით იცვლებოდნენ ქალაქის არქიტექტორები (წინა ხელისუფლების ხელში 12 არქიტექტორი გამოიცვალაო). დღეს, ლადო ვარდოსანიძის თქმით, ქალაქგანვითარების პოლიტიკური ნება არსებობს, თუმცა მეტისმეტად იმპულსურია, რაც ხელს არ უწყობს გენგეგმის განვითარებას. ასეთი იმპულსური გადაწყვეტილებები სივრცითი მოწყობის განვითარებას ხელს უშლის და მოსახლეობის პრეტენზიებიც ბუნებრივიაო:

„ძალიან სერიოზული საკითხია კადრების საკითხი. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ამქარი, ჩვენი დარგი ჩამორჩა ცხოვრების მოთხოვნილებებს. ძირითადად ეს მოხდა პროფესიული სნობიზმის გამო. არქიტექტორებს გაგვაჩნია ასეთი სნობიზმი, რომ ჩვენ ვართ წამყვანი ძალა ქალაქგანვითარებაში. ეს იმდროინდელი ანარეკლია, როცა ქალაქის ცხოვრება უნდა გაჰყოლოდა ფანქრის წვერით აღნიშნულ ხაზს. დღეს ქალაქი პროცესია, ჩვენი პროფესია დიფერენცირებულია“.

არქიტექტორი დღეს თანაბარი სითამამით ამუშავებს ქალაქის გენგეგმასაც და მცირე ბუტიკის ინტერიერსაც, – აღნიშნა ლადო ვარდოსანიძემ. ურბანისტიკა კომპლექსური დარგია და გულისხმობს განსხვავებული პროფესიის ადამიანების ჩართვასო. სხვათა შორის, ლადო ვარდოსანიძემ თავად გაიხსენა გმირთა მოედნის რეკონსტრუქცია და აღნიშნა, რომ პროექტმა დააზარალა, მაგალითად, თერთმეტსართულიანი სახლის მცხოვრებლები. ეს სახლი დღეს მხოლოდ სასტუმროდ თუ ივარგებს, სადაც რამდენიმე დღით შეიძლება გაჩერებაო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქალაქის განვითარების პროცესში აუცილებელი გახდა ეკოლოგების, ფსიქოლოგების, ექიმების მოსაზრების გათვალისწინებაც კი.

ძველი გეგმები ასე იქმნებოდა. მეცნიერებათა აკადემიის ყველა ინსტიტუტი მონაწილეობდა. მაგრამ დღეს ქალაქი სხვა რიტმში ცხოვრობს და ასეთი ფორმატი აღარ გაგვაჩნია.

„ამას წინათ მივლინებით ვიყავი ამბროლაურში, რეგიონის ცენტრში. ოთხი რაიონია და არც ერთი არქიტექტორი არ მუშაობს. თბილისში ჭარბად გვყავს უმუშევარი არქიტექტორი“, – აღნიშნა ლადო ვარდოსანიძემ.

თბილისში არქიტექტორი ბევრია, მაგრამ ლადო ვარდოსანიძის თქმით, ურბანმენეჯმენტის დეფიციტი მაინც იგრძნობა, ე.ი. ქალაქის ყოველდღიური მართვის, ადმინისტრირების სპეციალისტები არ გვყავს.

განსაკუთრებული ყურადღებით ისმენდა დარბაზი პაპუნა ძიძიგურის გამოსვლას. მერიის სამსახურის წარმომადგენელმა ქალაქის გენერალურ გეგმაზე ისაუბრა:

„ძალიან ხშირად ამ არჩევნების წინ გაისმოდა, რომ გენგეგმა არ არსებობს. გარკვეულწილად ის გენგეგმა, რომელიც აქამდე არსებობდა, მართლაც არ არსებობს. გენგეგმა აღარ არის ის დოკუმენტი, რომელიც გაწერილი იყო ერთი პერიოდისთვის და იყო სრული აღსრულების საგანი და მთლიანად უნდა განხორციელებულიყო. მაგრამ სინამდვილეში, როცა მისი რეალიზაციის სუბიექტი იყო ხელისუფლება, გენგეგმა მხოლოდ 30 პროცენტით სრულდებოდა“.

გამოვიდა, რომ ის აღსასრულებელი დოკუმენტი თავიდანვე დევალვირებული იყოო, – აღნიშნა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი დოკუმენტი შეუძლებელია ასი პროცენტით განხორციელდეს, მით უმეტეს დღეს, როცა გენგეგმას არაერთი სუბიექტი ერთად განახორციელებს.

„რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტი არ არის ბოლომდე შევსებული – ძალიან ბევრი უჯრაა ცარიელი, მაგრამ ეს ცარიელი უჯრები მზადაა შესავსებად“, – აღნიშნა პაპუნა ძიძიგურმა.

„ ‘ცარიელი უჯრები’, რომელიც მზადაა შესავსებად...“
მშენებარე სახლი

მას შემდეგ, რაც მომხსენებლებმა თავიანთი გამოსვლები დაასრულეს, ბიოლის ფონდში დაიწყო დისკუსია, რომელიც ძირითადად სწორედ ამ საკითხს შეეხო – როგორ ივსება ეს უჯრები, ვინ აგებს პასუხს მათ შევსებაზე, რატომ ტარდება ასე უხარისხოდ და არაეფექტურად კონკურსები...

ჩინოვნიკების თვითნებობისა და იმპულსური გადაწყვეტილებების გარდა, ინტელექტუალური კრიზისიც მნიშვნელოვანიაო, – აღნიშნა ლადო ვარდოსანიძემ. შეიძლება ითქვას, რომ მომხსენებლებიც და აუდიტორიაც შეთანხმდა, რომ თბილისის ურბანულ განვითარებაში მთავარი პრობლემა ისევ და ისევ განათლება და არაპროფესიონალიზმია. თუმცა ეს ყველაფერი, ცხადია, არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან იმ ადამიანებს, ვინც დედაქალაქის ურბანულ განვითარებას ხელმძღვანელობს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG