Accessibility links

logo-print

„ვიკილიკსის“ ნაბიჯს დიპლომატიური უხერხულობა და მედიის ფუნქციის შესახებ დისკუსია მოჰყვა


ორგანიზაცია „ვიკილიკსმა“ თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა დაახლოებით 250 000 აქამდე გასაიდუმლოებული დოკუმენტი, რომელიც აშშ-ის დიპლომატებს შორის კერძო საუბრებსა და მსოფლიოს ლიდერებისა თუ პროცესების შესახებ მათ გულწრფელ შეხედულებებს ასახავს. დოკუმენტების გამოქვეყნებას ვაშინგტონის მწვავე უკმაყოფილება მოჰყვა.

საუდის არაბეთის მეფე აბდულამ რამდენჯერმა მოუწოდა აშშ-ს იერიში მიეტანა ირანის ბირთვულ პროგრამაზე; აშშ-ის წარმომადგენლებს გაეროს ხელმძღვანელობის ირგვლივ ჯაშუშობა ევალებოდათ; ჩინეთმა აშშ-ის წინააღმდეგ კიბერშეტევა განახორციელა; ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი „ძალიან სუსტია“, მისი ძმა კი კორუმპირებულია და ნარკოტიკების ტრეფიკინგშია ჩართული; პაკისტანის ეკონომიკური კოლაფსის საფრთხის გათვალისწინებით, არსებობს საშიშროება, რომ მთავრობის წარმომადგენლები ქვეყნიდან გაიტანენ ბირთვულ მასალას, რომელიც ტერორისტებს ბომბის შესაქმნელად ეყოფათ.

ეს მხოლოდ ნაწილია ინფორმაციისა, რომელსაც საიტ „ვიკილიკსის“ მიერ გამოქვეყნებული აშშ-ის დაახლოებით 250 ათასი დიპლომატიური ტელეგრამა შეიცავს. ეს უპრეცედენტო მასშტაბის ინფორმაციის გაჟონვაა, რაც აშშ-ის დიპლომატიას დიდ უხერხულობას უქმნის.

დოკუმენტებში ევროპის ლიდერებზეც არის საუბარი. საფრანგეთში გამომავალ გაზეთ „ფიგაროს“ თანახმად, ამ ქვეყნის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის „ფიცხად“ და „ავტორიტარულად“ ახასიათებენ; გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელზე ამბობენ, რომ რისკს არიდებს თავს; იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი „არაკომპეტენტურად“ არის მოხსენიებული. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კი „ალფა-მამრს“ უწოდებენ - ტერმინს, რომლითაც ცხოველთა თემში დომინანტური მამრის აღსანიშნავად იყენებენ ხოლმე.

მოკლედ, დოკუმენტებში ის დროდადრო უხერხული გულწრფელობაა ასახული, რომელსაც უცხოელი პარტნიორების შესახებ ერთმანეთში საუბრისას ამერიკელი დიპლომატები ავლენენ ხოლმე. შესაბამისად, ამ დოკუმენტების საჯაროდ გამჟღავნება მართლაც ქმნის პრობლემას, თუმცა, ბევრი ექსპერტის აზრით, ამას, სავარაუდოდ, აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყვება.

სხვა თუ არაფერი, ვლადიმირ პუტინის „ალფა-მამრად“ მოხსენიება - ან ის, რომ სუპერგმირ, ბეტმენ ვლადიმირ პუტინთან მიმართებით პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი თანაშემწის - რობინის - როლს ასრულებს, დიდად სკანდალური ინფორმაცია ნამდვილად არ არის. საერთაშორისო პოლიტიკის ამბებში ოდნავ გარკვეულ ადამიანს არც ის ცნობა გააკვირვებს, რომ ჩინეთი აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და ტიბეტის სულიერი ლიდერის, დალაი ლამას, კომპიუტერულ სისტემებში შეღწევას ცდილობს.

როგორც ამ ეტაპზე გაანალიზებული მასალებიდან ჩანს, „ვიკილიკსის“ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები სავსეა ამგვარი დეტალებით. თუმცა დოკუმენტები რამდენიმე სიახლესაც შეიცავს - მაგალითად, ცნობას, რომ საუდის არაბეთის მეფე აბდულას სურდა, რომ აშშ-ს ირანის ბირთვულ პროგრამაზე იერიში მიეტანა; ინფორმაციას ვლადიმირ პუტინისა და იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის ძალიან ახლო ურთიერთობაზე; ასევე ეჭვებს რუსეთის მთავრობასა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის კავშირზე (კერძოდ, „გარდიანის“ თანახმად, მასალებში საუბარია იმაზე, რომ რუსეთი და მისი სადაზვერვო სააგენტოები კრიმინალური ოპერაციების ჩასატარებლად მაფიის ბოსებს იყენებენ. ამ ურთიერთობამ კი იმ ხარისხს მიაღწია, რომ, ერთ-ერთი ტელეგრამის მიხედვით, ქვეყანა თითქმის „მაფიურ სახელმწიფოდაა“ ჩამოყალიბებული).

ვაშინგტონის პოლიტიკური ისტებლიშმენტი ძალიან გააბრაზა კერძო მიწერ-მოწერის საჯაროდ გამოქვეყნებამ. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „მოპარული და გასაიდუმლოებული“ დოკუმენტების გამჟღავნება საფრთხეს უქმნის აშშ-ის დიპლომატიისა და დაზვერვის მუშაკებს - ისევე, როგორც პირებს, რომლებიც რეპრესიულ საზოგადოებებში ცხოვრობენ და მუშაობენ და აშშ-ს უფრო თავისუფალი საზოგადოების შესაქმნელად მიმართეს. ორშაბათს აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა, ერიკ ჰოლდერმა განაცხადა, რომ გასაიდუმლოებული დოკუმენტების გაჟონვის ფაქტზე აქტიური გამოძიება მიმდინარეობს და ყველას, ვინც დამნაშავე აღმოჩნდება, კანონის წინაშე აგებინებენ პასუხს.

თუმცა, ამგვარი კრიტიკის მიუხედავად, „ვიკილიკსის“ დამაარსებელი ჯულიან ასანჟი კვლავ იმეორებს, რომ სამთავრობო საქმეებში ჯანსაღ ღიაობას უწყობს ხელს. კვირას, 28 ნოემბერს, ის ჟურნალისტებს იორდანიიდან ესაუბრა.

„აშშ-ის სამხედრო სტრუქტურების ანგარიშვალდებულების ზოგადი ხარისხი შემაშფოთებელია. მაგრამ, საბედნიეროდ, აშშ-ის მთავრობაში კვლავაც ბევრი კარგი ადამიანი მუშაობს და ზოგიერთ მათგანს სურს, რომ პროცესები სხვა მიმართულებით წავიდეს. ისინი მზად არიან, მასალები მოგვაწოდონ, რათა ამის გაკეთება ჩვენ შევძლოთ და სხვა ჟურნალისტებსაც მიაწოდონ მსგავსი მასალები“, - განაცხადა ასანჟმა.

„ვიკილიკსის“ მიერ გადადგმული ნაბიჯის მართებულობაზე დისკუსია მედიაშიც მიმდინარეობს. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ აზრით, რომელიც ერთ-ერთია იმ ხუთი გაზეთიდან, რომლებსაც „ვიკილიკსმა“ წინასწარ მიაწოდა დოკუმენტები, ეს მასალები საზოგადოების მნიშვნელოვან ინტერესს ემსახურება, ვინაიდან უპრეცედენტო სიზუსტით წარმოაჩენს ამერიკის დიპლომატიის მიზნებს, წარმატებებს, კომპრომისებს და იმედგაცრუებებს. ბევრი ჟურნალისტი და კომენტატორი მიიჩნევს, რომ მედიის ფუნქციაში არ შედის ძლიერი და გავლენიანი ფიგურებისთვის სირცხვილის არიდება. პირიქით, მედიის ფუნქცია სწორედ საზოგადოების ინფორმირებაა ხშირად დაფარული ფაქტების ირგვლივ.

თუმცა სხვები „ვიკილიკსის“ ქმედებებს გმობენ. მათ შორის არის ლარი სანგერი - თანადამაარსებელი ვებ-ენციკლოპედია „ვიკიპედიისა“, რომელსაც მხოლოდ სახელი მიუგავს „ვიკილიკსს“. „გარდიანის“ ცნობით, სანგერმა ტვიტერით გაავრცელა თავისი შეხედულება და „ვიკილიკსის“ წარმომადგენლებს აშშ-ის მტრები უწოდა - „არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ხალხის“ მტრებიც.
XS
SM
MD
LG