Accessibility links

logo-print
ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად, ასტანა ეუთოს წევრი 56 სახელმწიფოს ლიდერების სამიტს უმასპინძლებს. ეუთოს ყაზახეთის თავმჯდომარეობის ინიციატივით დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიების მთავარ თემას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის განმტკიცების პერსპექტივები წარმოადგენს. ამ კონტექსტში განხილული იქნება რეგიონალური კონფლიქტების პრევენციის, შუამავლობისა და გადაწყვეტის გზები. უკვე ცნობილია, რომ ეუთოს წევრ-სახელმწიფოთა ლიდერები, რომელთა შორისაც საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებიც იქნებიან, საქართველოში შექმნილ ვითარებაზეც იმსჯელებენ. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ აისახება საქართველოს საკითხი სამიტის საბოლოო დეკლარაციაში.

ეუთოს თანამეგობრობა მოელის, რომ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები მთავარ საკითხებზე კონსენსუსს მიაღწევენ...
სამიტის მასპინძელი, ეუთოს მორიგე თავმჯდომარე, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კანატ საუდაბაევი იმედოვნებს, რომ ასტანის სამიტზე შეკრებილი ლიდერები მოახერხებენ ”ნდობის აღდგენასა” და ბოლო წლებში შესუსტებული ”ერთობის განმტკიცებას”. საერთო ენის გამონახვისა და შეთანხმების მიღწევის განსაკუთრებულ აუცილებლობას საუდაბაევი ეუთოს საქმიანობის მთავარ პრიორიტეტებთან მიმართებით ხედავს:

”ეუთოს თანამეგობრობა მოელის, რომ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები მთავარ საკითხებზე კონსენსუსს მიაღწევენ, რომლებიც მიმართულია უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის განმტკიცებისკენ ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე. ასევე მისცემენ ახალ იმპულსს ჩვენი საერთო ორგანიზაციის საქმიანობას”.

ეუთოს წევრი სახელმწიფოების დელეგაციებმა და ელჩებმა სამიტამდე დაახლოებით 10 დღით ადრე დაიწყეს აქტიური მუშაობა ასტანის სამიტის საბოლოო დოკუმენტზე. ამ პროცესში უკვე კარგა ხნის ჩართულია პაატა გაფრინდაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიაში და ასევე მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში; თუმცა მან ჩვენთან საუბრისას თავი შეიკავა წინასწარ დაეკონკრეტებინა, თუ რამდენად იქნება ასახული საქართველოს საკითხი ასტანის სამიტის საბოლოო დოკუმენტში.

ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი იცის ეუთოს პრესსამსახურის უფროსმა ვირჟინი კულუდონმა, თუმცა ის დარწმუნებით ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი ასტანაში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება - მით უმეტეს, რომ ეუთო ერთ-ერთი თანათავმჯდომარეა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა პროცესში.

”რა თქმა უნდა, საქართველოს საკითხი იქნება განხილვის თემა... აქ შედგება ძალიან ბევრი ორმხრივი შეხვედრა... პრეზიდენტი სააკაშვილი მიიღებს სამიტში მონაწილეობას და, შესაბამისად, საქართველო განხილვის თემა იქნება...” - უთხრა რადიო თავისუფლებას ვირჟინი კულუდონმა.

რაც შეეხება ეუთოს ქვეყნების სამიტს, ეს კიდევ უფრო ფართო ფორუმია. ეს ფორუმები ერთმანეთს ავსებს...
საქართველოს პრეზიდენტის მსგავსად, ასტანის სამიტში მონაწილეობას რუსეთის პრეზიდენტიც მიიღებს და მათ აზრების გამოთქმა ერთ სივრცეში, ეუთოს მრგვალ მაგიდასთან მოუწევთ. ანალიტიკოსებისთვის მოსალოდნელია, რომ ასტანაში განსაკუთრებულ ყურადღებას მიიპყრობს პრეზიდენტ სააკაშვილის სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც მან 23 ნოემბერს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაახმაურა. საუბარია ცალმხრივ დეკლარაციაზე, რომ საქართველო არ გამოიყენებს ძალას ოკუპანტების წინააღმდეგ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა აბსოლუტურად მშვიდობიანი ხასიათის მატარებელი იქნება. გავიხსენოთ, რომ ამ ინიციატივის შექება-შეფასებისას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა იეჟი ბუზეკმა ასტანის სამიტიც ახსენა:

„თქვენი დღევანდელი მესიჯი, ბატონო პრეზიდენტო, მნიშვნელოვანი იყო ყველა ჩვენგანისათვის. მნიშვნელოვანი იყო ასევე ეუთოს ასტანის სამიტის წინ, რომელიც 1-2 დეკემბერს გაიმართება. პირველ ყოვლისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისათვის, კავკასიისა და სამხრეთ კავკასიისათვის. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ თქვენ გაბედული ადამიანი იყავით, მაგრამ ჩვენ ახლა დავინახეთ, რომ თქვენ წინდახედული ადამიანიც ხართ“.

იქნება ეს ევროპარლამენტი, ნატოს სამიტი თუ ეუთოს სამიტი, ერთმანეთის შემავსებელ სარბიელად განიხილავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელი ირაკლი მჭედლიშვილი. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივა ასტანის სამიტის ყურადღებას მიიპყრობს:

”ასეთი ფორუმები ავსებს ერთმანეთს. მაგალითად, ნატოს სამიტზე გადაწყვეტილებების მიღება ნატოს წევრ-სახელმწიფოებს შეუძლიათ, ხოლო ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე, ბუნებრივია, - ევროკავშირის ქვეყნებს. მოგეხსენებათ, რომ ნატოს ყველა ქვეყანა არ არის ევროკავშირის ქვეყანა... რაც შეეხება ეუთოს ქვეყნების სამიტს, ეს კიდევ უფრო ფართო ფორუმია. ეს ფორუმები ერთმანეთს ავსებს და უსაფრთხოებაზე და სიტუაციის მოგვარებაზე ორიენტირებული იდეების მოსინჯვის და დამუშავების საშუალებას იძლევა”.

ასტანაში განხილვას კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მოელიან და ეს ეუთოს მისიის საქართველოში დაბრუნების პრობლემური საკითხია. ამგვარ პერსპექტივას აქტიურად უჭერს მხარს ეუთოს ყაზახეთის თავმჯდომარეობა და ყველა ის პოლიტიკოსი თუ დიპლომატი, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკონტროლობა აღელვებს. ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა ამ საკითხთან მიმართებით არაერთი არასასიამოვნო აზრის მოსმენა მოუწიოს ასტანაში ჩასულ რუსეთის პრეზიდენტს, რომლის ქვეყანამაც, ვეტოს გამოყენებით, ეუთოს მისიის საქართველოში მუშაობას საბოლოო წერტილი 2009 წლის ზაფხულში დაუსვა.
XS
SM
MD
LG