Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ამ დოკუმენტის გამო რამდენიმე პროექტი უკვე ჩაიშალა”


არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა ადამიანის უფლებათა ცენტრში
არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა ადამიანის უფლებათა ცენტრში
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი და ადამიანის უფლებათა სახლი კონფლიქტის ზონებში მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იმ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების შესახებ შექმნილმა დოკუმენტმა შეიძლება წარმოშვას. დოკუმენტი სხვადასხვა ერთობლივ პროექტში მონაწილე აფხაზებსა და ოსებს უდგენს, ნეიტრალურ ტერიტორიაზე მხოლოდ ქართული პასპორტით ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტით გადაადგილდნენ; ამასთანავე, არასამთავრობო სექტორს მათ მიერ განხორციელებული პროექტების ხელისუფლების მიერ დამოწმებას სთხოვს.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელს, გოგი ხუციშვილს, ესმის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვა გარკვეულ მოწესრიგებას მოითხოვს. მისთვის ისიც გასაგებია, რომ ასეთ შემთხვევებში სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების თანამშრომლობის გარეშე საერთო საქმის გაკეთება გაძნელდება. სწორედ სამოქალაქო საზოგადოება ახორციელებს იმ პროექტებს, რომლებიც დიალოგის აღდგენისა და ჩართულობისკენაა მიმართული, რაც არის კიდეც სტრატეგიის მიზანი... მაგრამ გოგი ხუციშვილი შიშობს, რომ ეგრეთ წოდებულმა მოდალობების დოკუმენტმა, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების დოკუმენტმა, მასში ჩადებული მოთხოვნების გამო, ძალიან მოკლე ხანში მხარეებს შორის ყველანაირი დიალოგი არ ჩაშალოს. მაგალითად, ერთ-ერთი მოთხოვნის მიხედვით, არასამთავრობო სექტორის მიერ განხორციელებული პროექტი არა მხოლოდ განხილული უნდა იყოს ხელისუფლებისგან, არამედ, მთელი ბიუროკრატიული ფორმალობების დაცვით, პირდაპირ დამოწმებულიც. პროექტში ჩართულ აფხაზურ და ოსურ მხარეებს, ეს, როგორც მინიმუმ, დააფრთხობს:

”ის, რომ პროექტების განხორციელება თანხმდება და მოწმდება ხელისუფლების მიერ, ეს იწვევს წინააღმდეგობას აფხაზი და ოსი მონაწილეების მხრიდან, რომლებიც იმ ადამიანების წნეხის ქვეშ არიან მოქცეული, რომლებიც ყოველგვარი დიალოგის წარმართვის წინააღმდეგ გამოდიან. ეს დოკუმენტი კი ქმნის იმ ფორმალურ ჩარჩოს, რომელიც ძალიან ადვილად გამოსაყენებელია იმ ძალების მხრიდან, რომელთაც ნებისმიერი დიალოგის ჩაშლა სურთ”.

თუ მხარეები ნეიტრალურ ტერიტორიაზე ხვდებიან, ამავე დოკუმენტის წესების მიხედვით, პროექტში მონაწილე აფხაზი თუ ოსი ადგილზე უნდა ჩავიდეს არა რუსული პასპორტით, რომლითაც ისინი რეალურად გადაადგილდებიან კიდეც, არამედ ქართული პასპორტით ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტით, რომლებიც ჯერ გამოცემულიც არ არის. გოგი ხუციშვილი ფიქრობს, რომ თავისთავად იდეა კი კარგია, მაგრამ არარეალური. ხუციშვილის აზრით, თბილისიდან დაწესებული თამაშის წესებით არც აფხაზები ითამაშებენ და არც ოსები. სწორედ ამიტომ ექსპერტი ფიქრობს, რომ ნეიტრალურობის აქამდე არსებული ელფერი უნდა შენარჩუნდეს და ეს ერთგვარი დამცავი ზოლი არ გადაიკვეთოს:

”ჩვენი მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები ამის პასუხად ამბობენ, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ქართულ პასპორტს იღებს, იზრდება და ნელ-ნელა მივაღწევთ იმას, რომ ოსები და აფხაზები ჩამოვლენ და პროექტებში მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ ქართული სამგზავრო დოკუმენტებით. რეალურად ეს ასე არ არის, რადგან ის, ვინც ქართულ პასპორტს იღებს, ამას უკიდურესი პირადი გაჭირვების გამო აკეთებს: მაგალითად, სამედიცინო მიზნებით, და ამაზე დე ფაქტო მთავრობები თვალს ხუჭავენ. იქ კი, შეხვედრებზე, ჩამოდის ხალხი, როგორც იმ ხელისუფლების დესპანი, და ის ქართულ პასპორტს არ აიღებს”.

ჩაშლილ პროექტებზე ლაპარაკობს ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენელი ნინო ღვედაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ აფხაზებმა რამდენიმე პროექტზე უკვე თქვეს უარი, თუმცა ეს ჯერჯერობით არაფორმალური უარია და საერთაშორისო ორგანიზაციები მათ გადარწმუნებას ცდილობენ.

შერეული ოჯახების ასოციაციის პრეზიდენტი, რეზო ბენდელიანი, ამბობს, რომ ჯერჯერობით მათ ორგანიზაციას დაბრკოლება არ შექმნია და შერეული ოჯახები მისვლა-მოსვლას ახერხებენ. მისთვის უფრო აქტუალური სხვა კითხვაა:

”ჯერ ის ვთქვათ, აფხაზური მხარე საერთოდ იღებს ამ სტრატეგიას? მე როგორც ვიცი, ისინი წინააღმდეგნი არიან და ეს ჩემთან პირად საუბარშიც დაადასტურეს”.

ერთობლივ პროექტებში ჩართულ აფხაზ და ოს პარტნიორებს რომ გარკვეული პრობლემები უკვე შეექმნათ, ამას ადასტურებს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის წარმომადგენელი გიორგი კუპატაძეც, რომელიც ცოტა ხნის წინ რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილსა და არასამთავრობო სექტორს შორის სწორედ ამ საკითხებზე შემდგარ შეხვედრას ესწრებოდა. გიორგი კუპატაძე ამბობს, რომ ამ თემის ხელახლა წამოწევა და ახალ მინისტრთან შეხვედრა კონფლიქტის ზონებში მომუშავე ორგანიზაციებისათვის მეტად მნიშვნელოვანია.

აქვე უნდა ითქვას, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ყოფილმა მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ გარკვეულ შენიშვნებს გაითვალისწინებდნენ და, რადგან სტრატეგია ღია დოკუმენტია, მასში ცვლილებებსაც შეიტანდნენ... თუმცა არასამთავრობო სექტორი საფრთხეებზე ხელახლა იმიტომაც ალაპარაკდა, რომ დოკუმენტში ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა, უკუშედეგი კი, მათი თქმით, მასში ჩადებულმა წესებმა უკვე მოიტანა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG