Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართე სიცოცხლე უსაფრთხოების ღვედით


1 დეკემბრიდან ძალაში შედის ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას სავალდებულოა უსაფრთხოების ღვედის გამოყენება მძღოლისა და მის გვერდით მჯდომი მგზავრისთვის. ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მძღოლი 40 ლარით დაჯარიმდება. როგორ ხვდებიან სიახლეს მძღოლები და რა შეიცვლება ღვედების გამოყენებით?

1 დეკემბრამდე საქართველოში უსაფრთხოების ღვედის გამოყენება სავალდებულო იყო გზების მხოლოდ იმ მონაკვეთებზე, სადაც მოძრაობის დაშვებული სიჩქარე 80 კილომეტრ/საათს აღემატებოდა. სიახლე, რომელიც შეუზღუდავად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება, მძღოლების ნაწილისთვის მისაღებია, თუმცა ურჩობას არც ცვლილების მოწინააღმდეგენი აპირებენ.

„რა უნდა ქნა, კანონი კანონია, უნდა დაემორჩილო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა თბილისელმა მძღოლმა, თუმცა კანონის გარდა მძღოლებს სხვა გამოსავალს არც სტატისტიკა უტოვებს. კვლევის მიხედვით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დაკვეთით ნატა ჯავახიშვილმა ჩაატარა, ირკვევა, რომ საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა მაჩვენებელი საშუალო ევროპულზე მაღალია:

„ევროპაში საშუალოდ არის 100 ათას მოსახლეზე 10,6 ლეტალური შემთხვევა. საქართველოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო 2005 წელს - 13,5 ლეტალური შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე, თუმცა ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი 20-მდე გაიზარდა, რაც ძალიან მაღალია!“

სწორედ ამ მაჩვენებლის შემცირების მიზნით გადაწყვიტა საქართველოს პარლამენტმა კანონმდებლობის გამკაცრება. პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ თოიძის, თქმით, კანონის მოქმედების არეალი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გაფართოვდა:

„კანონი მოქმედებდა ქალაქგარეთ გზებზე, სადაც ტრანსპორტი მაღალი სიჩქარით მოძრაობს... მაგრამ სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 80 კმ/სთ სიჩქარის ზემოთ ღვედი მაინცდამაინც დიდი მშველელი ვერ არის. ის დაბალ სიჩქარეებზე უფრო ეფექტურია, ვიდრე მაღალზე“.

უსაფრთხოების ღვედის გარეშე მოძრაობის შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ავტომობილის მძღოლი 40 ლარით დაჯარიმდება. იძულების ამგვარ ფორმას იწონებს ორგანიზაცია ”მძღოლი, გზა, სამართალის” ხელმძღვანელი რობერტ იანტბელიძე, რომლის თქმითაც, მძღოლების უმეტესობას ჰგონია, რომ ავტოკატასტროფაში არ მოყვება და ამიტომ ღვედის გაკეთებაც აუცილებელი არაა:

„დაჯარიმების შიშით გაიკეთებენ ღვედს, რომელიც 40 - 60%-ით ამცირებს უბედური შემთხვევების რიცხვს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რობერტ იანტბელიძემ. მის ამ მოსაზრებას ადასტურებს კვლევა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დაკვეთით ჩატარდა. ირკვევა, რომ უსაფრთხოების ღვედი განსაკუთრებით ეფექტიანად იცავს ადამიანს თავის ქალისა და კისრის ტრავმებისგან, რაც, თავის მხრივ, ამცირებს როგორც უბედური შემთხვევების რაოდენობას, ასევე ეკონომიკური ზარალის მოცულობას.

„ჩვენი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ავტოკატასტროფის დროს დაღუპულთა და დასახიჩრებულთა 67 პროცენტი საშუალოდ 30 წლის მამაკაცია, ანუ ძირითადად ზიანდება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ხოლო ღვედების გამოყენების შემთხვევაში ტრავმების ალბათობა და სიმძიმე მცირდება 40 პროცენტით, ანუ, რომ გადავიანგარიშოთ, საქართველო წლის განმავლობაში 120 მლნ ლარს დაზოგავს, შემცირდება სიკვდილიანობაც“, - უთხრა ნატა ჯავახიშვილმა რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG