Accessibility links

logo-print
21 ნოემბერი, კვირა
დილას სალომე მირეკავს და მთხოვს, რომ მასთან გავიდე და ბავშვებთან - გიორგისთან და ქეთისთან - რამდენიმე საათით დავრჩე. სალომე ჩემი უმცროსი და არის, მოდელიორ-დიზაინერი. გიოს სიცხე აქვს; ძიძა რამდენიმე დღით წასულია სამეგრელოში; სალომე კი აუცილებლად გასასვლელია თავის მკერავთან, რომ საბოლოო მითითებები მისცეს კაბის მოდელის თაობაზე, რომელიც „ბრავოს“ წამყვანისთვის, რუსკასთვის, არის შექმნილი და ოთხშაბათისთვის უნდა მოესწროს. თაზო, სალომეს მეუღლე, რომ ბრუნდება, მე ჩემთან, გალერეაში, გავრბივარ, რომ სასწრაფოდ დავამთავრო ნახატი, რომელიც ჟენევაში უნდა გაიგზავნოს. ნახატისთვის უკვე მზად არის ორმეტრიანი ხის კონტეინერი, რომელიც ორშაბათს თემომ, ჩემმა მეუღლემ, DHL-ში უნდა მიიტანოს შვეიცარიაში გასაგზავნად.

22 ნოემბერი, ორშაბათი
დილას მე და თემო ვდგებით, ჩვენს ველოსიპედებზე ვსხდებით და ერთი საათის განმავლობაში ნუცუბიძეზე წრეებს ვარტყამთ; მანქანების გამონაბოლქვით მოწამლულები ვბრუნდებით სახლში, ვწესრიგდებით, ვსაუზმობთ და თემოს მანქანით აღმაშენებლის გამზირზე მივდივართ - თემო თეატრში, მე - ჩემთან, გალერეაში, პროექტზე სამუშაოდ. ვიკეტები დარბაზში, ვრთავ მუსიკას და ვინც უნდა დამირეკოს, მიკაკუნოს, არაფერი მესმის. ყურსასმენები მაქვს გაკეთებული და ვუსმენ ყველაფერს, რაც კი ჩემთვის თემოს iPhone-ზე აქვს ჩაწერილი - ანუ სხვადასხვა ჟანრის მუსიკა, რაც მე მაინცდამაინც არ მიყვარს. მუშაობის დროს მე მიყვარს ქართული ხალხური სიმღერებისა და კლასიკური მუსიკის მოსმენა, მაგრამ რას ვიზამ...

ღამის 12-1 საათამდე გალერეაში, დიდ ტილოებზე ვმუშაობ და სახლში შუაღამისას ვბრუნდებით.

23 ნოემბერი, სამშაბათი
კულტურის სამინისტროდან ბათუმში პლასიდო დომინგოს კონცერტზე დასასწრებ მოსაწვევებს ვიღებთ. რა თქმა უნდა, წასვლას ვაპირებთ - უკვე ოცი წელიწადია, დომინგო ჩემი უსაყვარლესი ტენორია. დილიდან ვიწყებ რეკვას პარიზსა და ბერლინში ჩემს არტდილერთან, რათა გამოფენის ზუსტ თარიღზე შევთანხმდეთ. მე მინდა, რომ გამოფენა პარიზში გაზაფხულზე გაიხსნას, მას კი - შემოდგომაზე, იმ მიზეზით, რომ გაზაფხულზე პარიზში მუდმივად გაფიცვებია და ეშინია, გალერეაში ხალხი ვერ ივლისო. უკვე რამდენიმე დღეა, ამაზე ვკამათობთ.

მივდივარ აღმაშენებელზე გალერეაში, მოდიან მარინა ვაშაყმაძე და მისი მეუღლე, სტუმრად მოჰყავთ ლუიზიანის უნივერსიტეტის პროფესორი ცოლთან ერთად. სტუმრებს ჩაის ვთავაზობ. ძალიან სასიამოვნო ხალხია. ისინი მთხოვენ, რომ ჩემი ნამუშევრები ავხსნა, რაც მაინცდამაინც არ მიყვარს, მაგრამ მათ თხოვნას ანგარიშს მაინც ვუწევ. დიდხანს ვსაუბრობთ. ჩემი ნამუშევრები მოსწონთ და ერთ-ერთს ყიდულობენ. მე მათ გალერეის კატალოგებს ვჩუქნი და ვემშვიდობები. ღამის 1 საათამდე ვაგრძელებ მუშაობას და შემდეგ მივდივარ ნუცუბიძეზე, სახლში - ჩემს მშობლებთან და და-ძმებთან ერთად - ჩაის სუფრაზე.

24 ნოემბერი, ოთხშაბათი
დილას ვდგები. მე და თემური ველოსიპედით ვარტყამთ წრეებს. ნერვები მეშლება, რომ ამდენი გამონაბოლქვია. ვბრუნდები სახლში, ვწესრიგდები და გალერეაში ჩემს პროექტზე სამუშაოდ მივდივარ. ჩავივლი ძალიან გრძელ კიბეს, რომელიც ეკლესიასთან ჩადის. ეკლესიაში შევდივარ იმ იმედით, რომ იქნებ მოძღვარი დამხვდეს და დამლოცოს მუშაობის დაწყების წინ. სანთლებს ვყიდულობ და გზას ვაგრძელებ. ვჯდები ტაქსიში და აღმაშენებელზე გალერეაში მივდივარ. 4-5 საათი ვმუშაობ. მე და თემო შესვენებაზე წავიხემსებთ და მუშაობას ვაგრძელებთ. ჩემთან სტუმრად მოდის ჩემი მეგობარი, დედა თებრონია.

8 საათზე ამერიკაში ჩემს მეგობარს „სკაიპით“ ვუკავშირდები, ეს მეორდება თითქმის ყოველ ოთხშაბათს. დღეს მე და თემო სახლში ცოტა ადრე ვბრუნდებით, რათა ბათუმში კონცერტზე წასასვლელად მოვემზადოთ... თუმცა მაინც ვასწრებთ, რომ ჩემს მშობლებთან და და-ძმებთან შევიაროთ და შევთანხმდეთ, დილას ბათუმისკენ რომელ საათზე გავიდეთ ისე, რომ კონცერტის დაწყებამდე დასვენებაც მოვასწროთ. 10 საათზე „ბრავო“ იწყება და გვაინტერესებს, სალომემ წამყვანისათვის როგორი კაბის მოდელი შექმნა. ყველას მოგვწონს შავი კაბა, რომელიც ძალიან უხდება რუსკას და რომელშიც ის აშკარად თავისუფლად გრძნობს თავს - ჩვენ, ყველას ასე გვეჩვენება. ვურეკავთ სალომეს, რომ წარმატებული მოდელი მივულოცოთ. ის ყურმილს არ იღებს - ალბათ ჯერ კიდევ სტუდიაშია... მარიამი მაღელვებს - ექიმმა ძალიან ბევრი ანტიბიოტიკი გამოუწერა...

25 ნოემბერი, ხუთშაბათი
10 საათზე, გიორგის მანქანით, თბილისიდან ბათუმისკენ გავდივართ: მე, თემო, დიმა და რენატა. 8 საათზე ვაპირებდით გასვლას, მაგრამ არც ერთს არ გაგვეღვიძა. გზაში ცოტა ვნანობ, რომ თვითმფრინავით არ გადავფრინდით, მაინც დიდი გზაა.

ბათუმში ჩემი ძმის მეგობარი, ასლანი, გვხვდება - რესტორანში, სადილზე გვეპატიჟება. სუფრიდან ადგომას არავინ ვჩქარობთ, თუმცა უკვე დროა, სასტუმროში მივიდეთ, მოვწესრიგდეთ: კონცერტის დაწყებამდე სულ ორი საათია დარჩენილი.

„შერატონში“ მივდივართ და ირკვევა, რომ ნომერი, რომელიც ჩვენმა მეგობარმა ორი დღით დაჯავშნა ჩვენთვის და, თანაც, საფასური წინასწარვე გადაიხადა, სხვაზეა გაცემული! ასეთი საოცარი რამ შოკში გვაგდებს ჩვენც და ჩვენს მეგობარსაც. ცოტა ხანში ყველაფერი გვარდება და ნომერში ავდივართ. გამოცვლას ძლივს ვასწრებთ და კონცერტზე იმ იმედით გავრბივართ, რომ იქნებ საღამოს, პაატას დახმარებით, პირადად გავიცნოთ პლასიდო დომინგო.

კონცერტი არის სრულიად დაუვიწყარი! მიუხედავად იმისა, რომ ღია ცისქვეშ ვსხედვართ, ძალიან გემოვნებით გაკეთებულ გარემოში, არავის გვცივა, იმდენად დიდი ენერგია და სილამაზე იფრქვევა სცენიდან. როსინი, ვაგნერი, ვერდი და, ბოლოს, სიურპრიზი - კონცერტი მეგრული სიმღერით გვირგვინდება! ვრეკავთ პაატასთან, მაგრამ მობილური გამორთული აქვს. უკვე აღარ გვაქვს იმედი, რომ კულისებში შესვლას შევძლებთ.

საღამოს ძალიან სასიამოვნო გარემოში ვატარებთ - წულუკიძეების ოჯახში. ჩვენი მასპინძელი, ასლანი, ჩაის სუფრასთან გვასმენინებს საუკეთესო აუდიოვიდეოჩანაწერებს მსოფლიოს საოპერო საგანძურიდან. საჩუქრად პავაროტის „ბლუ-რეი“ დისკს ვიღებ და ძალიან გახარებული ვარ. ღამის 2 საათზე ვბრუნდებით „შერატონში“. დაძინებას ვერ ვახერხებთ. განუწყვეტლივ ვარჩევთ ამ საღამოს გატარებულ დროს და ბოლოს, 4 საათზე ვიძინებთ. დაბლა, ფიოეში ჩვენი ნაცნობები დაძინებას, მგონი, არც აპირებენ.

26 ნოემბერი, პარასკევი
დილას საუზმეზე ჩავდივართ და პაატას და ანჟელას ვხვდებით თავიანთ მეგობრებთან ერთად. ყველანი მივდივართ ახალი, დიდი კომპლექსის დასათვალიერებლად, რომელიც ძველი ბაზრობის ადგილზეა აშენებული. მის თავზე უზარმაზარი, 50-მეტრიანი გადასახედი, ღია აუზია მოთავსებული, რომელიც, როგორც აღინიშნა, შეიძლება გინესის რეკორდების წიგნშიც კი შევიდეს.

ვემშვიდობებით პაატა ბურჭულაძეს და მის მეგობრებს და თბილისისაკენ მივემგზავრებით. გზაში წასახემსებლად ჯარგვალში ვჩერდებით. თბილისიდან ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ქეთი, ჩემი რძალი, და დედაჩემი, მანანა, გვირეკავენ, რომ სუფრა გაშლილია და გზაში არსად გავჩერდეთ. ჩვენ მაინც ორივეს ვასწრებთ.

სახლში დაბრუნებისთანავე ჩემი ძმისშვილი, კახა, მადგება თავზე და კატეგორიული ტონით მთხოვს, ოთხშაბათისთვის სკოლაში წასაღებად ზამთრის პეიზაჟი დავუხატო. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა უარს ვერ ვამბობ. სად ჩემი ნახატები და სად პეიზაჟი?! მაგრამ კახას უარს ვერ ვეტყვი.

27 ნოემბერი, შაბათი
დილას ვდგები, ვწესრიგდები, გავრბივარ გალერეაში. ძალიან მინდა, რომ საღამოს ლოცვაზე წასვლა მოვასწრო, მაგრამ ალბათ ვერ შევძლებ იმიტომ, რომ 6 საათზე სტუდიაში ჩაწერაზე უნდა ვიყო მარინასთან, თუმცა ვინ იცის, იქნებ მოვასწრო კიდეც. ვნახოთ...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG