Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ფედერალური კრების წინაშე


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ყოველწლიური მოხსენებით გამოდის კრემლში, ფედერალური კრების წინაშე
რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ყოველწლიური მოხსენებით გამოდის კრემლში, ფედერალური კრების წინაშე
მოწოდება დასავლეთთან უფრო მჭიდროდ თანამშრომლობისაკენ, დაპირება, რომ გაზრდიან სახსრებს ბავშვებისთვის და დაპირება, რომ აწარმოებენ ბრძოლას კორუფციასთან - ასეთი იყო დებულებები და გეგმები, რომლებზეც ყურადღება გამახვილდა რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის გამოსვლაში: მოხსენებაში, რომლითაც პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ გამოდის პარლამენტის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე.

დმიტრი მდევედევი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მომავალ ათწლეულებში შესაძლოა, გამალებული შეიარაღების ახალი ეტაპი დაიწყოს, თუ მოსკოვი ვერ მიაღწევს დასავლეთთან შეთანხმებას ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაზე. მედვედევის დღევანდელ გამოსვლას, როგორც ცნობილია, წინ უსწრებდა მიმდინარე თვეშივე, ათიოდე დღის წინ ლისაბონში ჩატარებული ნატოს სამიტი, მასზე კი ალიანსმა და რუსეთმა მიიღეს გადაწყვეტილება, ერთად მოძებნონ ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობის გზები.

მედვედევმა ფედერალური კრების მონაწილე დეპუტატებს უთხრა: „ამ დარბაზში მინდა, დაუფარავად გითხრათ, რომ მომავალ ათწლეულებში გველის შემდეგი ალტერნატივა: ან მივაღწევთ თანხმობას ანტისარაკტო თავდაცვის საკითხში და შევქმნით თანამშრომლობის სრულყოფილ მექანიზმს, ან კიდევ - თუ ვერ მივაღწევთ კონსტრუქციულ შეთანხმებას - დაიწყება გამალებული შეიარაღების ახალი ეტაპი და მოგვიწევს მივიღოთ გადაწყვეტილებები ახალი მოიერიშე საშუალებების განთავსების შესახებ“.

იყო დრო, როცა მოსკოვი კატეგორიულად ეწინააღმდეგეობდა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გეგმას ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის თაობაზე. გეგმა ითვალისწინებდა ანტისარაკეტო სისტემის კომპონენტების განთავსებას პოლონეთსა და ჩეხეთში. მაგრამ ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გეგმაში ცვლილება შეიტანა: შეერთებული შტატები ჯერ აპირებს საზღვაო ბაზირების ანტისარაკეტო გზაგადამჭრელების განთავსებას, რასაც მოგვიანებით უნდა მოჰყვეს სახმელეთო ბაზირების სისტემა. და ნატო ცდილობს, რუსეთთან თანამშრომლობის პლატფორმად აქციოს სწორედ ის საკითხი - ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, რომელიც წლების მანძილზე იწვევდა მოსკოვის მკვეთრ უკმაყოფილებას.

დეპუტატების წინაშე მედვედევი გამოვიდა ასევე მოწოდებით, განახლდეს ძალისხმევა მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების შესაჩერებლად. „რუსეთი მზად არის,- დაინტერესებულ სახელმწიფოებთან ერთად იმუშაოს რაკეტების გავრცელების საწინააღმდეგოდ მიმართული მექანიზმების გაძლიერებაზე“.

მედვედევის ამ მოწოდების ფონია მისი ამერიკელი კოლეგის, ბარაკ ობამას ძალისხმევა, შეერთებული შტატების სენატი დაიყოლიოს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ რუსეთთან ხელშეკრულების, ანუ ახალი START-ის რატიფიცირებაზე. ორმა პრეზიდენტმა წელს მოაწერა ხელი ახალ START-ს.

საშინაოპოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას, მედვედევმა ყურადღება გაამახვილა მძიმე დემოგრაფიულ ვითარებაზე და მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთში ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესება. საამისოდ ის გამოვიდა ინიციატივით, რომელიც რამდენიმე ზომას ითვალისწინებს. მათ შორის არის თვეში 3 000 რუბლის, ანუ 100 დოლარის გამოყოფა მესამე შვილის დაბადების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის გამოყოფა სამ- ან მეტშვილიანი ოჯახისთვის.

მედვედევის განცხადებით, რუსეთმა შეძლო ეკონომიკის სტაბილიზება მძიმე კრიზისის შემდეგ და წელს ეკონომიკის ოთხპროცენტიანი ზრდა არის მოსალოდნელი. თუმცა, მედვედევის თქმით „რასაკვირველია, ვითარება ეკონომიკაში ჯერ კიდევ რთულია. ჯერ არ დაძლეულა კრიზისის ყველა შედეგი - ამის შესახებ პირდაპირ უნდა ითქვას. მაგრამ ჩვენი სოციალური ვალდებულებების შესრულება კვლავაც უსათუოა“.

რუსეთის პრეზიდენტი ფედერალური კრების წინაშე ყოველწლიური გამოსვლისას კიდევ რამდენიმე თემას შეეხო. მათ შორის იყო განცხადება, რომ ევროკავშირი უნდა დაეხმაროს რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებაში. არც ამ (ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების) და არც რომელიმე სხვა კონტექსტში მედვედევს საქართველო არ უხსენებია.
XS
SM
MD
LG