Accessibility links

logo-print

არჩევნები მოლდავეთში - პოლიტიკური კრიზისი დასრულდა?


მოლდავეთის არჩევნების ხმის დათვლის პროცესი

მოლდავეთის არჩევნების ხმის დათვლის პროცესი

გასულ ორ წელიწადზე ნაკლებში მოლდავეთის მოქალაქეებს სამჯერ მოუწიათ საკანონმდებლო ორგანოს არჩევა.გასულ კვირას ჩატარებული ბოლო, ვადამდელი, არჩევნები, რომელიც საჭირო გახდა პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვინაობის გამოსავლენად, ბევრს აძლევს იმედს, რომ დასრულდება კრიზისი ამ ევროპის უღარიბეს ქვეყანაში. მაგრამ გამარჯვებულსა და დამარცხებულს შორის სხვაობა კვლავ მცირეა. არსებობს თუ არა ამ იმედის რეალური საფუძველი და რას ნიშნავს მცირე უპირატესობა პროევროპულ და კომუნისტურ ძალებს შორის?

არჩევნების შედეგები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. კომუნისტურმა პარტიამ მთელი წლით შეაჩერა მოლდავეთის რესპუბლიკის განვითარება ...
ეკონომიკურ სიდუხჭირეს დაემატა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოიწვია მოლდავეთის საზოგადოებაში განხეთქილებამ. ამ ქვეყანაში საკმაოდ დიდი ნაწილი მოსახლეობისა კვლავ კომუნისტებს უჭერს მხარს, მაგრამ, ერთად აღებული, პროდასავლური ძალები მეტ მოქალაქეს იმხრობენ. თუმცა ეს უპირატესობა ვერ გახდა საკმარისი იმისათვის, რომ პარლამენტს მუშაობა შეძლებოდა და ამ ეტაპზე მიეღწია თავისი უმნიშვნელოვანესი მიზნისთვის - აერჩია პრეზიდენტი. ორშაბათს უკვე გავრცელდა ცნობა, რომ მოლდავეთის არჩევნები ევროკავშირისა და ეუთოს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ცალკე აღებული, კომუნისტური პარტიაა ძალა, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი უჭერს მხარს მოლდავეთში, მაგრამ გაერთიანებულ „ევროპასთან ინტეგრაციის ალიანსს“, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი უდგას სათავეში, მეტი ადამიანი მიემხრო. ასე იყო ადრინდელ არჩევნებშიც. მაშინ იმის გამო, რომ ალიანსს პარლამენტში ხმების დამაჯერებელი უპირატესობა მაინც არ ჰქონდა, პრეზიდენტიც ვერ აირჩიეს და, როგორც მიმომხილველები ფიქრობენ, ქვეყანა, ასე ვთქვათ,კრიზისში დაფუძნდა. ასოციაცია „მონაწილეობითი დემოკრატიის“ დირექტორი იგორ ბოცანი საერთოდ არჩევნების შედეგს დამაიმედებლად მიიჩნევს:

„არჩევნების შედეგები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. კომუნისტურმა პარტიამ მთელი წლით შეაჩერა მოლდავეთის რესპუბლიკის განვითარება. მთელი წელიწადი ისინი ყველაფერს ბოიკოტს უცხადებდნენ: პრეზიდენტის არჩევნებს, პარლამენტის სხდომებს, რეფერენდუმს. მათი მცდელობა, კვლავ ხელისუფლებაში მოსულიყვნენ, ჩაიშალა და ეს უდავო წარმატებაა „ევროპასთან ინტეგრაციის ალიანსისა.“

ბოცანი ამბობს, რომ ახლა პრობლემა ისაა, შეძლებენ თუ არა ალიანსის შემადგენელი პარტიები - ლიბერალ-დემოკრატიული, დემოკრატიული და ლიბერალური ძალები - კვლავ გაერთიანდნენ და გააგრძელონ ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობის განვითარება. მისი თქმით, მოლდავეთი ევროკავშირის მეოხებით ახერხებდა უკიდურეს გაჭირვებისგან თავის დაღწევას. ცნობილია, რომ ალიანსის ეს სამი ძალა ერთმანეთთან ჰარმონიულ ურთიერთობაში ვერ იყო, თუმცა ერთად იბრძოდნენ კომუნისტური დომინირების წინააღმდეგ. „ევროპული მოლდავეთის ეკონომიკური და პოლიტიკური სტრატეგიის ცენტრის“ ხელმძღვანელის ვიქტორ გურეუს აზრით, კომუნისტებმა დაამტკიცეს, რომ მყარი ელექტორატი ჰყავთ, რომ არჩევნებში წარმატებას მიაღწიეს მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა ალიანსმა სახელისუფლებო რესურსიც გამოიყენა და ხმაურიან საარჩევნო კამპანიასაც მიმართა. მაგრამ მან მაინც ვერ დაჯაბნა კომუნისტები ისე, რომ ქვეყანა დამოუკიდებლად ემართა. გურეუ სხვაგვარი გაერთიანების შექმნას მოელის, რადგან ფიქრობს, რომ „ალიანსმა“ სამუშაოს აწყობა ვერ მოახერხა ვერც როგორც სამთავრობო ძალამ, ვერც პოლიტიკურ დონეზე და მისი არსებობა აღსავსე იყო სკანდალებით. გურეუს თქმით, მათი მთავარი მიზანი ხელისუფლებაში დარჩენა იყო და არა ხალხზე ზრუნვა:

მთავარ პარტიებს ესმით, რომ მოლდავეთის რესპუბლიკის ყოფნამ სოციალ-პოლიტიკური კრიზისის არასტაბილურ მდგომარეობაში ჩვენს ქვეყანას შეიძლება საკმაოდ უარყოფითი შედეგები მოუტანოს ...
„გულწრფელად რომ ვთქვა, ხალხისთვის უფრო მიმზიდველი იქნებოდა გაერთიანება, რომელიც შეიძლება შეიქმნას მოლდავეთის რესპუბლიკის კომუნისტური პარტიისა და დღემდე მმართველი ალიანსის ერთ-ერთი კომპონენტის მონაწილეობით. პირველ რიგში, იგულისხმება დემოკრატიული პარტია ან ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია. ასეთი გაერთიანება შეიძლება გახდეს მოლდავეთის ეკონომიკური კრიზისიდან უფრო სწრაფი გამოყვანის საფუძველი.“

„მონაწილეობითი დემოკრატიის ასოციაციის“ დირექტორი იგორ ბოცანი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტებს მანდატების საკმარისი რაოდენობა აქვთ პარლამენტში იმავე პრეზიდენტის არჩევნების დროს თავისი სიტყვის სათქმელად, ისინი ვერ გაბედავენ უკვე მესამედ პრეზიდენტის არჩევნების ჩაფუშვას. და თუ ეს მოხდა, მომზადებულია საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მათ საშულებას არ მისცემს ვეტო დაადონ პრეზიდენტის არჩევას. ამიტომ არის ბოცანი ოპტიმისტურად განწყობილი. გურეუს კი მოჰყავს თავის არგუმენტი,რატომ შეიძლება დღემდე მმართველი ალიანსის რომელიმე წევრს სურვილი გაუჩნდეს კომუნისტებთან თანამშრომლობისა. ის ამის საფუძვლებზე ლაპარაკობს:

„მთავარ პარტიებს ესმით, რომ მოლდავეთის რესპუბლიკის ყოფნამ სოციალ-პოლიტიკური კრიზისის არასტაბილურ მდგომარეობაში ჩვენს ქვეყანას შეიძლება საკმაოდ უარყოფითი შედეგები მოუტანოს. ამას გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს უთანხმოება „ალიანსის“ ცალკეულ ლიდერებს შორის. რაც უნდა იყოს, მოლდავეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე მთავარ კანდიდატებად რჩებიან ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ფილატი და დემოკრატიული პარტიის ლიდერი მარიან ლუპუ. იმისთვის, რომ მათი კანდიდატურები გავიდეს, ერთსაც და მეორესაც კომუნისტების მხარდაჭერა დასჭირდება. იდეალური იქნებოდა კომუნისტური პარტიისა და დემოკრატიული პარტიის ალიანსი, რადგან ისინი იდეოლოგიურად ახლოს არიან ერთმანეთთან, როგორც მემარცხენე, მემარცხენე-ცენტრისტული ძალები.“

მაგრამ გურეუმ იცის, რომ ამ ორ პარტიას ერთად საკმარისი მანდატები პრეზიდენტის არჩევისთვის მაინც არ ექნება. ის ამბობს, რომ არ გამორიცხავს ისეთ ვარიანტს, როცა მემარცხენე და მემარჯვენე ძალები, „სახელმწიფოს გადარჩენის ალიანსს შექმნიან, როგორც ეს გერმანიაში მომხდარა,“ და შემდეგ თანამდებობებს და მისთანას, უბრალოდ, ერთმანეთთან შეათანხმებენ და გაინაწილებენ. ასე ფიქრობს „ევროპული მოლდავეთის ეკონომიკური და პოლიტიკური სტრატეგიის ცენტრის“ დირექტორი ვიქტორ გურეუ. მანვე გვითხრა, რომ მემარცხენე ძალების ხელისუფლებაში გამაგრების შემთხვევაშიც გაგრძელდება მოლდავეთის ევროპული ინტეგრაცია, თუმცა ეს სხვა ტემპით, სხვა ინტენსიურობით მოხდება. ასევე უყურებს ის მოლდავეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართ პოლიტიკურ ძალთა საერთო პოზიციას. აქაც აზრი კვლავ ერთია: უნდა გაერთიანდეს... მაგრამ სხვადასხვა ძალებს სხვადასხვანაირად წარმოუდგენიათ ამ მიზნის განხორციელება.
თუკი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩაიშალა, მოლდავეთს კიდევ ერთი ვადამდელი არჩევნები მოელის.
XS
SM
MD
LG