Accessibility links

logo-print

შიდსის საერთაშორისო დღეს საქართველო ახალი სტრატეგიით ხვდება


პირველ დეკემბერს მსოფლიოსთან ერთად საქართველოც შიდსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს და აივ ინფექციის თვალსაზრისით კვლავაც ინარჩუნებს ადგილს დაბალი გავრცელების ქვეყნებს შორის, თუმცა, ექიმების შეფასებით, ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, წლის დასაწყისიდან დღემდე გამოვლენილი შიდსის 410 შემთხვევა უკვე შემაშფოთებელი ტენდენციაა. მით უმეტეს, რომ შარშანდელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 50 შემთხვევით გაიზარდა.

შიდსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ორ საყურადღებო ამბავს გამოვყოფთ - პირველი, საქართველოში შიდსით დაინფიცირებულთა სტატისტიკა გაზრდილია და, მეორე, მაისში ინფექციასთან ბრძოლის ახალი სტრატეგია დამტკიცდება, რომლის ძირითადი მიზანი საზოგადოების რაც შეიძლება დიდი ნაწილის გამოკვლევა იქნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ ეს სტრატეგია 2011-2015 წლებს მოიცავს და მასში ქართველი ექსპერტებიც არიან ჩართულები. მათ შორისაა შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძეც. ის ამბობს, რომ თუ აქამდე ყველა არსებული პროგრამა საგანმანათლებლო შინაარსისა იყო და საზოგადოებას უხსნიდნენ, რა არის შიდსი, როგორ გადადის ან როგორ უნდა დაიცვას თავი ადამიანმა, ამჯერად შესაბამისი სამსახურები შეეცდებიან, ინფექცია ბოლო სტადიაზე კი არ გამოავლინონ, არამედ დასაწყისშივე: ”უნდა მივაღწიოთ იმას, რომ, მაგალითად, თუ საქართველოში არის 40 000 ინტრავენური ნარკომანი, გამოვიკვლიოთ თუ ყველა ვერა,მ მათი სამი მეოთხედი მაინც. და თუ ჩვენ გამოვავლენთ ყველა აივ ინფიცირებულს და ადრეულ სტადიაზე დავიწყებთ მათ მკურნალობას, ეპიდემიის წინსვლა შეწყდება.”

წლების განმავლობაში გავრცელებული იყო აზრი, რომ ეს დაავადება მხოლოდ ნარკომანებს, მეძავებს ან ჰომოსექსუალებს შეიძლება დამართნოდათ. თუმცა, რასაკვირველია, ეს ასე არ არის და ის ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება შეეხოს ...
შიდსს, რომელიც მსოფლიოში გავრცელებულ დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დაავადებაა (ის 1981 წელს გამოვლინდა პირველად), დღემდე 25 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ამ ინფექციით მსოფლიოში 33 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული.

საქართველოში, 2010 წლის მონაცემებით, ასეთი სურათი გვაქვს: ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 2646 შემთხვევა - მათ შორის, 1952 მამაკაცია, 694 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. ამ დაავადებით გარდაცვლილია 564 ადამიანი. ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია გამოვლენილი. გადაცემის გზებს შორის პირველ ადგილზე კვლავ ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება რჩება. თუმცა, ბოლო წლის მაჩვენებლებით, გაზრდილია ჰომოსექსუალური კონტაქტის გზით დაინფიცირებულთა წილიც.

”წლების განმავლობაში გავრცელებული იყო აზრი, რომ ეს დაავადება მხოლოდ ნარკომანებს, მეძავებს ან ჰომოსექსუალებს შეიძლება დამართნოდათ. თუმცა, რასაკვირველია, ეს ასე არ არის და ის ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება შეეხოს”, - შენიშნავს შიდსის ცენტრის ექიმი ეპიდემიოლოგი ნატო გარუჩავა. სხვათა შორის, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც საზოგადოებას უჩნდება, ასე ჟღერს: რამდენად დიდია შიდსის ვირუსით დაავადების რისკი იმ ადამიანებისათვის, ვინც არც ნარკომანია და არც შემთხვევითი სექსულური კავშირები აქვს, მაგრამ სარგებლობს სილამაზის სალონის ან სტომატოლოგის მომსახურებით? შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აქ საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და რისკის ორ ძირითად ჯგუფს გამოყოფს:არასტერილური შპრიცის მომხმარებელი ნარკომანები და დაუცველი სქესობრივი კონტაქტები. მისივე თქმით, სამკურნალო დაწესებულებებში ან სილამაზის სალონებში დაინფიცირების შემთხვევები, ფაქტობრივად, არ არსებობს.

ის, რომ მომსახურების ადგილებში, კლინიკებში დაინფიცირების ფაქტები დღემდე არ გახმაურებულა, ყურადღების მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს, ამბობს შიდსის ცენტრის ექიმი მაია ცინცაძე. მით უმეტეს, რომ მსგავს დაწესებულებებს გამაკონტროლებელი არ ჰყავს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გიგი წერეთელს, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის კომიტეტს, ვკითხეთ, იმ ფონზე, როდესაც ზედამხედველობის სამსახური მსგავს ობიექტებს პრაქტიკულად არ ამოწმებს, სილამაზის სალონებს არავინ უთვლის დროს, რამდენი ხნის განმავლობაში ხდება ხელსაწყოების დეზინფექცია და ა.შ., რომელმა მექანიზმმა უნდა დაიცვას მომხმარებელი ასეთ პირობებში. საკანონმდებლო ორგანოს ვიცე- სპიკერის პასუხი ასეთია: ”ჩვენ დღეს, გარკვეული დერეგულაციის პირობებში, ეს პასუხისმგებლობა მივანდეთ ინდივიდებს, იმ დაწესებულებებს, სადაც შესაძლოა ამის საფრთხე იყოს, იქნება ეს კლინიკა, საპარიკმახერო თუ სხვა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ჯანდაცვას ამ საქმეში ხელი არ დაუბანია, ჩვენ სულ ახლახან მივიღეთ ტექნიკური რეგლამენტების აუცილებლობა, მათ შორის, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის და მათი ვალდებულება და თვითრეგულაციის დონე საკმაოდ მაღალია.”

სტომატოლოგიურ კლინიკებსა და სილამაზის სალონებში ერთხმად ირწმუნებიან, რომ ყველა საჭირო ინსტრუმენტს დეზინფექციას უკეთებენ და რომ ზედმეტი პრობლემები არც მათთვისაა ხელსაყრელი. შესაბამისად, მათ მიმართ მომხმარებლის ნდობაზეა დამოკიდებული, ისარგებლებენ თუ არა მათი მომსახურებით. რაც შეეხება კიდევ ერთ საფრთხეს, სისხლის გადასხმის გზით ინფექციის გავრცელებას, როგორც შიდსის ცენტრში გვიხსნიან, საქართველოში მოქმედებს ე.წ. უსაფრთხო სისხლის პროგრამა, რაც იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერ დონორს სისხლის ჩაბარების შემთხვევაში აივ ინფექციის გამოსარიცხად ყველა საჭირო გამოკვლევა უტარდება.
XS
SM
MD
LG