Accessibility links

logo-print

რას გულისხმობს “მთის კანონი”


”მთის კანონის” განხილვა პარლამენტში

”მთის კანონის” განხილვა პარლამენტში

კანონი საქართველოს ”მთის შესახებ” ინიციატივაა, რომელსაც ქრისტიან- დემოკრატიული პარტია ლობირებს, იმართება საპარლამენტო შეხვედრები, არის გასვლები რეგიონებში. მაგალითად, დღეს პარტიამ კანონთან დაკავშირებით მსჯელობა პარლამენტში გამართა. სანამ პოლიტიკოსები თემის ახლებურ წამოწევას ცდილობენ, მოდით, წარსულ გამოცდილებას შევხედოთ. როგორც ირკვევა, საქართველოში ათი წლის განმავლობაში არსებობდა მსგავსი სახის კანონი, რომელიც უფუნქციობის გამო 2009 წელს წარსულს ჩაბარდა.
მაშინ ამ კანონის სახელი შედარებით გრძელი იყო: ”საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ.” მიიღეს 1999 წელს. მოდით, თვალი გადავავლოთ ფრაგმენტებს ორმოცგვერდიანი დოკუმენტიდან. კანონის ძირითადი მიზანი იყო:

”მთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა თანამედროვე მოთხოვნებისა და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით. სამეურნეო და სოციალურ-კულტურული აქტივობის გაძლიერება. მოსახლეობის სტიქიური მიგრაციის შეჩერება. დაცლილი და ნახევრად დაცლილი სოფლებისა და თემების აღორძინება. ადგილობრივი რესურსების განვითარება, მრეწველობის განვითარება, მოსახლეობის დასაქმების დონის ზრდა, სხვადასხვა წყაროებიდან ინვესტიციების მოზიდვა, ეკოსისტემების შენარჩუნება, გზების მშენებლობა.”

ამ მიზნების განხორციელების გარეშე ძველი მთავრობის ხელით გაწერილი კანონი წარსულს უკვე ახალი მთავრობის ხელში ჩაბარდა. 2009 წელს კანონის მოქმედება შეჩერდა. პარლამენტის საიტზე სახელწოდებას მთა, მთის, მაღალმთიანი მხოლოდ ქრისტიან-დემოკრატების აქტივობების მიმოხილვისას თუ წააწყდებით.
ეს პარტია შეხვედრებს მართავს, NDI-ის დახმარებით ექსპერტებთან მუშაობს, ყველაფერი კი კანონპროექტისთვის კეთდება, რომლის მსგავსიც ერთი წლის წინ გაუქმდა. ზოგადი სურათის დასანახად და შედარებების მოსაძებნად ისევ ინტერნეტს მივაშურეთ, სადაც „ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი“ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

საუბარია კანონმდებლობაზე სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებიც მოსახლეობის ინდუსტრიული ცენტრებისკენ მიგრაციის პირობებში ტერიტორიების დაცარიელებისგან დაცვას ისახავენ მიზნად. ევროპულ ქვეყნებში არსებობს სპეციალური ფონდები, რომლებიც სახსრებს მოიზიდავენ, შეღავათიან კრედიტებს გასცემენ, სოფლის, სატყეო, ფერმერულ მეურნეობებს ავითარებენ, ინფრასტრუქტურას აწყობენ, მცირე ფერმერებს ეხმარებიან და მაღალმთიან რეგიონებში საბინაო პირობებს აუმჯობესებენ. მაგალითად, შვეიცარიაში, მსგავსი პროგრამების განსახორციელებელ ფონდში, ეფექტური მმართველობის ცენტრს თუ დავეყრდნობით, ერთზე მეტი მილიარდი დოლარი გროვდება. კიდევ ერთი მაგალითია ბულგარეთი:

"ბულგარეთის რესპუბლიკის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონი” ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას ავალდებულებს ფინანსური დახმარებით ხელი შეუწყონ ინიციატივებს სოფლის მეურნეობის, სატყეო, მესაქონლეობისა და ტურიზმის განვითარებაში.”

რა მდგომარეობაა საქართველოში? ყოველ შემთხვევაში, ინტერნეტში ვერც ქრისტიან-დემოკრატების კანონპროექტს წააწყდებით და ვერც სხვა ანალიტიკურ ან ფაქტობრივ მასალას საქართველოს მთის მდგომარეობაზე სურათის შესაქმნელად. საკუთარ ვებგვერდზე (http://cdm.ge) ქრისტიან- დემოკრატები კანონპროექტის ნაცვლად საინტერესო ციტატას გვთავაზობენ:

”საქართველოს ტერიტორიის 86 პროცენტი მთაა და მხოლოდ 14 პროცენტია ბარი. ასეთი პროპორციის მიუხედავად, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ბარში ცხოვრობს.”

ტენდენციის ზოგადი სურათის დასანახად, ალბათ, ეს ციტატა გამოდგება, თუმცა ცოტა მეტს, ალბათ, ერთ-ერთი მთიანი რეგიონის - ბარისახოს -რწმუნებული გიორგი არაბული გვეტყვის, რომელიც ზამთარში დაცარიელებულ სოფლებს და ხევსურეთის ძირითადი ნაწილის სრულ იზოლაციას აკვირდება:

„ზამთარში ძალიან ცოტა ოჯახი რჩება, ყველაზე მეტი - 150 ოჯახი, არც მაგდენი. იმიტომ რომ ზამთარში ძალიან რთული პირობებია იქ: არაა გზა, გაწყვეტილია ყველანაირი კავშირი, არ არის ელექტროენერგია, მოწყვეტილები არიან გარე სამყაროს. გზის გაყვანა არ შეიძლება რთული პირობების გამო, ზვავსაშიშროების გამო.“

რა არის პრობლემის ფუნდამენტი? კანონი არსებობდა, თუმცა ვერ იმუშავა, მიგრაცია გრძელდება, იზოლაციაც. აი, რას ამბობს ევროსაბჭოს საექსპერტო ჯგუფის წევრი დავით ლოსაბერიძე, რომელსაც ამ საკითხებთან საექსპერტო შეხება აქვს.

რადიო თავისუფლება: იდეაში საუბარია იმაზე, რომ მთაში ადამიანი დარჩეს და არ მოხდეს მიგრაცია ქალაქისკენ?

დავით ლოსაბერიძე: კი, მაგრამ ეს რომ მოხდეს, ეს უნდა იქცეს სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიის ნაწილად. ძალით ვერავის ვერ დატოვებ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც პირობები არაა. სახელმწიფო ამ შემთხვევაში უნდა ცდილობდეს, რომ შექმნას შესაბამისი პირობები ამ მიმართულებით. ეს პირობები კი შეიქმნება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ადგილებს ექნებათ გარკვეული პირობები, არა მარტო მთიან, არამედ სხვა რეგიონებსაც და არ იქნება ცენტრალიზებული ყველაფერი, როგორც ახლა არის და ეს ცენტრალიზაცია გრძელდება ამჟამად.

რადიო თავისუფლება: საიდან უნდა დაიწყოს პრობლემის მოგვარება?
დავით ლოსაბერიძე: სახელმწიფომ უნდა გაარკვიოს რა უნდა საბოლოო ჯამში, უნდა თუ არა ძლიერი სოფლები, ძლიერი ქალაქები. სახელმწიფო უნდა შეეგუოს იმას, რომ მოხდეს ის, რაც ხდება ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებში, ანუ ძლაუფლების ნაწილი გადაეცემათ ადგილებს და ეს არ არის პარლამენტის გადატანა სხვა ქალაქში, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებათა გაძლიერებას ნიშნავს.

საკითხი კი მარტივია: მიგრაცია და ქვეყნის არაპროპორციული განვითარება. და, მოკლედ, აღარ ჩამოვთვლით ყველა იმ საკითხს, რომელიც კანონით 1999 წელსაც იყო გაწერილი. ამ შემთხვევაში საკითხი რომ მხოლოდ კანონით არ შემოიფარგლოს, დავით ლოსაბერიძე ფიქრობს, რომ თემა ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს.
XS
SM
MD
LG