Accessibility links

ქართული პრესის მიმოხილვა, 1 დეკემბერი 2010

  • ნიკო ნერგაძე

ქართული პრესის უშუალოდ მიმოხილვამდე ერთი რამ უნდა აღვნიშნოთ: გაზეთები, სხვა მედიასაშუალებებთან შედარებით, განუზომლად დიდ ადგილს უთმობენ სახალხო კრების დეტალებს, მისი ორგანიზატორების თუ კრიტიკოსების კომენტარებს და ზოგადად მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თუ რანაირი სახალხო მღელვარება იქნება. ამიტომაც ჩვენი პრესის მიმოხილვები ხშირად ერთმანეთს ემსგავსება. რა თქმა უნდა, შეიძლება რომ მოვიძიოთ სხვა თემაზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები, რასაც ვაკეთებთ კიდევაც, მაგრამ როდესაც გაზეთი მოწინავე სტატიებს, პირველი გვერდის დიდ ნაწილს სწორედ ამ თემას უთმობს და როდესაც ჩვენ მიმოხილვას ვაკეთებთ, ალბათ, არ იქნება სწორი სახალხო კრებასთან დაკავშირებული სტატიები თუ ინტერვიუები მთლიანად უგულებელვყოთ. კი, ამით მიმოხილვები ერთმანეთს ემსგავსება, მაგრამ რა პრესაცაა, იმას მიმოვიხილავთ.

”ვერსიის” პირველი გვერდის უდიდესი ნაწილი გუბაზ სანიკიძის, ნინო ბურჯანაძისა და ეკა ბესელიას ფოტოს უჭირავს. სათაურია „რა მოხდა 26 ნოემბერს სახალხო კრების ოფისში - ვინ და რატომ ეუზრდელა ეკა ბესელიას და რა ”უბრძანეს”ტელეფონით გოგი ქავთარაძეს“. აქვე გეტყვით, რომ პუბლიკაციაში ვერც ერთ ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ ნახავთ. სტატიაში მოყვანილია ლელიკო ჯაფარიძის სიტყვები - მას გაზეთი პროცესებში აქტიურად ჩართულ სახედ გვაცნობს. ის ამბობს, ერთ-ერთი პარტიის ლიდერი უყვიროდა ეკა ბესელიას და საკადრისი პასუხი მიიღოო. ვინ პარტიის ლიდერი, არ ვიცით.

„რეზონანსის“ პირველ გვერდზე ნინო ბურჯანაძესთანაა ინტერვიუ. „არც ერთი უშედეგო მიტინგი და მსვლელობა“ - ასეთია სათაური. ინტერვიუს ნაწილი ყოფილი თავდაცვის მინისტრის კრიტიკას ეძღვნება: „ირაკლი ოქრუაშვილის კრებისადმი დარტყმები ზღვარს გადავიდა. განცხადებები, რომლებსაც ის აკეთებს, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და რამდენად რეალურად ოპოზიციურია მისი პარტია, ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენსო”, - უთხრა ბურჯანაძემ ”რეზონანსს”.

”რეზონანსი” წერს, დასუფთავების გადასახადსაც გაზრდიანო. პარლამენტში შესულია კანონპროექტი ”ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ”, რომლითაც უქმდება მოსაკრებლის ზედა ზღვარი, ახლა ერთ სულ მოსახლეზე ლარნახევარს რომ არ უნდა აღემატებოდეს. შემდეგ თვითმმართველობებს ექნებათ უფლება, რომ ეს გადასახადი საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგონ.

ბოლოს, თუ თბილისის კინოფესტივალი გაინტერესებთ, მასზე სტატიას ”24 საათში” ნახავთ, სადაც ფესტივალის მონაწილე ფილმებია განხილული. ”საკონკურსო ათეული” - ასე ჰქვია სტატიას.
XS
SM
MD
LG