Accessibility links

logo-print

173-ე სკოლაში ვითარებას გენერალური ინსპექცია არკვევს


თბილისის 173-ე საჯარო სკოლა

თბილისის 173-ე საჯარო სკოლა

დღეს 173-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა სკოლის მოსწავლეების პროტესტის გამო, რომელსაც პედაგოგებიც შეუერთდნენ. სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა უკმაყოფილება, მათივე განცხადებით, იმან გამოიწვია, რომ ორი კვირის წინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით გათავისუფლებული დირექტორის მზია გიორგობიანის ადგილას ყოფილი მანდატური თინათინ ნასიძე დაინიშნა, მან კი ყოფილი დირექტორი უკვე ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგობიდანაც გაათავისუფლა.

173-ე სკოლის ეზოში შეკრებილი მოსწავლეების განცხადებით, მათი პროტესტი მოჰყვა სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მზია გიორგობიანის გათავისუფლებას. მანამდე ის სკოლის დირექტორი იყო, თუმცა ორი კვირის წინ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ის ამ თანამდებობიდანაც გაათავისუფლეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, რომელზეც სკოლის მოსწავლეები საუბრობდნენ, დირექტორის გათავისუფლება რამდენიმე ხნის წინ საატესტაციო გამოცდების გაუქმების მოთხოვნით მეთორმეტეკლასელების პროტესტს მოჰყვა.
173-ე სკოლის ეზოში შეკრებილი მოსწავლეები და პედაგოგები

სკოლის მეათეკლასელების განცხადებით, ის პროცესი, რაც მათ სკოლაში მიმდინარეობს, მიუღებელია. მოსწავლეები ამბობენ,რომ ახალ დირექტორთან შეხვედრას ითხოვდნენ, მაგრამ უარი მიიღეს:

”ეს სიტუაცია სკოლას არ ჰგავს, უფრო ციხის მსგავსია. ვითხოვდით დირექტორთან შეხვედრას, მაგრამ არ შეგვხვდა. პირველი კლასით დაწყებული მეთორმეტეთი დამთავრებული, ყველა გარეთ ვართ. რამდენი ხანიც დაგვჭირდება, იმდენ ხანს არ შევალთ სკოლაში”, - ამბობენ მოსწავლეები.

ახალი დირექტორი თინათინ ნასიძე 173-ე სკოლაში დირექტორად დანიშვნამდე 117-ე საჯარო სკოლაში მანდატურად მუშაობდა. კომენტარის გაკეთება მედიასთან მან სკოლაში არ ისურვა - საკუთარი კაბინეტიდან არ გამოსულა, შემდეგ კი სატელეფონო კომენტარზეც უარი თქვა.

სკოლის მოსწავლეთა მშობლების განცხადებით, მათ ახალ დირექტორთან პრეტენზიები ნაკლებად აქვთ, მაგრამ ძველი დირექტორის პედაგოგად დაბრუნებას მოითხოვენ:

”ახალ დირექტორთან კი არ გვაქვს პრეტენზია, უბრალოდ, ძველ დირექტორთან არ გვქონდა პრეტენზია და რა საჭირო იყო მისი შეცვლა, ეს ვერ გავიგეთ. ძველი დირექტორი სკოლას გადასარევად ხელმძღვანელობდა, ღირსეული დირექტორი გვყავდა და ვერ გავიგეთ შეცვლა რა საჭირო იყო”.

პროტესტის მიზეზად სკოლის ფიზიკის პედაგოგი მარინა სიბაშვილი იმ გათავისუფლებების ციკლს ასახელებს, რომელიც ახალი დირექტორის დანიშვნას მოჰყვა. მისი ბრძანებით გათავისუფლდა ყოფილი დირექტორის ოთხი მოადგილე, ბუღალტერი, ბიბლიოთეკარი, საქმეთა მმართველი და მნე. დირექტორის მოადგილეების გათავისუფლებას კანონი ითვალისწინებს, - როდესაც იცვლება დირექტორი, იცვლება მისი მოადგილეებიც, - მაგრამ პრობლემას პედაგოგები იმაში ხედავენ,რომ 2 კვირის განმავლობაში სკოლა უმეთვალყურეოდ დარჩა, რადგან გათავისუფლებულ ადგილებზე ახალი თანამშრომლები ამ დრომდე არ დანიშნულან. ასევე სკოლაში ყველა პედაგოგს დაძაბული მოლოდინი ჰქონდა, მათაც ხომ არ შეეხებოდა გათავისუფლება:

”ისეთი ატმოსფერო იყო სკოლაში, რომ თითოეული პედაგოგი იმას ველოდებოდით, რომ, აი დღეს ან ხვალ რომელიმე უნდა წავიდეთ. ზეწოლა იყო პედაგოგებზე. ასეთ პროცესში სწავლება ცოტა ძნელია, მით უმეტეს, ჩვენ ბავშვებთან ვმუშაობთ და ბავშვებმაც იგრძნეს ეს, როგოც ჩანს”, - ამბობს ფიზიკის მასწავლებელი მარინა სიბაშვილი.
შიდა აუდიტმა გამოავლინა სერიოზული ფინანსური დარღვევები და დღის წესრიგში დადგა სკოლაში გენერალური ინსპექციის შესვლის საკითხი...

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, დღეს დილით 173-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. ის პედაგოგებს და მოსწავლეებს შეხვდა. მოგვიანებით ნაციონალურ ტელევიზიებთან გაკეთებულ კომენტარში მინისტრმა განაცხადა, რომ სკოლაში სერიოზული ფინანსური დარღვევები იყო, ვითარებას განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეისწავლის და სამი კვირის შემდეგ რეალური სურათი დაიდება:

”ამ სკოლას აქვს ვალები და როცა მე ნოემბერში ყველა სკოლის დირექტორს დავავალე, რომ მოემზადონ გათბობის სეზონისთვის, გაირკვა, რომ ამ სკოლაში გათბობა ვერ ჩაირთვებოდა, იმიტომ რომ იყო გაძარცული. მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად იქ დანიშნულიყო ადამიანი, რომელიც ფინანსურ წესრიგს დაამყარებდა. შიდა აუდიტმა გამოავლინა სერიოზული ფინანსური დარღვევები და დღის წესრიგში სკოლაში გენერალური ინსპექციის შესვლის საკითხი დადგა”.

სკოლის პედაგოგების განცხადებით, მათ ყოფილი დირექტორის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ ეპარებათ. თავად სკოლის ყოფილი დირექტორი და უკვე ყოფილი პედაგოგიც, მზია გიორგობიანი, ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.
XS
SM
MD
LG