Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 3 დეკემბერი 2010


„ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი სამიტი ისტორიაში“ - ეუთოს ასტანის სამიტს ასეთ შეფასებას აძლევს გაზეთ”რეზონანსის” ფურცლებზე პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. მისი აზრით, რუსეთის იზოლაციაში მოქცევა მისთვის განაჩენი არ არის. ”რკინის ფარდის” უკან მყოფ საბჭოთა კავშირზე დიდი იზოლაცია წარმოუდგენელია, მაგრამ საბჭოთა კავშირმა მაინც იარსება, - ამბობს რამაზ საყვარელიძე, რომლისთვისაც ძნელია იმის განსაზღვრა, როდის უფრო სახიფათოა რუსეთი საქართველოსთვის - როცა დასავლეთი ემეგობრება თუ გულგრილად ექცევა.

ამავე გაზეთში წაიკითხავთ ინტერვიუს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტთან, ალექსანდრე რონდელთან. მისი შეფასებით, ”ვიკილიქსის” მიერ მასალების გამოქვეყნება ქვეყნებს შორის ურთიერთობებში რადიკალურად არაფერს შეცვლის: ”გამოქვეყნებული კონფიდენციალური მასალები ყველაზე დაბალი საფეხურის საიდუმლოებებს ეხება. არსებობს კიდევ საიდუმლოებები და ტოპ საიდუმლოებები. ეს უკანასკნელი კი 4 გრადაციისგან შედგება. ასე რომ, გამოქვეყნებული მასალები ქვეყანას არ დააქცევს.“

„ვიკილიქსის“ ქართული ნაწილის შეფასებების ერთი - ბურჯანაძის -კომპონენტის აქცენტირება გაზეთმა ”საქართველოს რესპუბლიკამ” სცადა. ”თავად ამ ვებგვერდს ბევრი კითხვის ნიშანი აქვს, აღნიშნავს ნინო ბურჯანაძე და განაგრძობს: ”აქ ჩინეთის ელჩი ამბობს, რომ ნინო ბურჯანაძე იქნება მომავალი პრეზიდენტი, რადგან სააკაშვილზე მოწიფული პოლიტიკოსია, რასაც ვეთანხმები და ვუდასტურებ. დიახ! ეს ასეა, განსაკუთრებით მეორე ნაწილში. ჩემი ასეთი რეკლამისათვის ხელისუფლებას დიდი მადლობა, რადგან ელჩის ეს ჩანაწერი ჩვენმა არხებმა აიტაცეს.”

„ოქრუაშვილს ოპოზიციის კრიტიკის უფლება არ აქვს“, - აღნიშნა გაზეთ ”ახალ თაობასთან“ სუბარში სახალხო კრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ბათიაშვილმა. მისი შეფასებით, სახალხო კრებას დღეს ალტერნატივა არ გააჩნია და ამ მოძრაობის ლოგიკურ შედეგს საზოგადოება ძალიან მალე იხილავს. სახალხო კრების მისამართით ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გამოთქმულ ფრაზაზე, რომ 25 ნოემბერს საპნის ბუშტი გასკდა, ირაკლი ბათიაშვილი ამბობს: ” საპნის ბუშტივით გასკდა თვითონ და ის იმედები გასკდა საპნის ბუშტივით 2007 წელს, რაც მასთან იყო დაკავშირებული. როდესაც ამდენი ხალხი გამოდიოდა მისი სახელით და მის დასაცავად. მე მაშინ ვიყავი ზონაში, სხვათა შორის, ციხეში ვიჯექი მაშინ და თვითონ კი რამდენიმე დღეც ვერ გაძლო. ახლა პარიზიდან კარგ ფეშენებელურ სახლში ზიხარ და იქიდან რომ კომენტარებს აკეთებ, ცოტა არასერიოზულია.” უთხრა გაზეთ ”ახალ თაობას” ირაკლი ბათიაშვილმა.

„ფიფამ მსოფლიოს რუსეთი ანაცვალა“ - პუბლიკაციას დღის ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენის შესახებ გაზეთი ”24 საათი” ამ პუბლიკაციით ეხმაურება. სტატიაში აღნიშნულია, რომ უპირატესობის მოსაპოვებლად თითოეული პრეტენდენტი ქვეყანა მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი ღირსებები ბოლომდე წარმოაჩინოს და ამომრჩევლები, როგორც ბავშვი, ისე მოხიბლოს ფოჩიანი კანფეტით. ოღონდ კანფეტის შესაფუთი მასალა მილიონები ღირს, წარმატების შემთხვევაში კი საქმე მილიარდებამდეც მიდის.
XS
SM
MD
LG