Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ილორის ეკლესიის რეკონსტრუქციის შედეგად, სრულად დაირღვა ძეგლის ავთენტურობა”


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ვანდალიზმად აფასებს ოჩამჩირის რაიონში მდებარე, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისთვის ჩატარებულ რეკონსტრუქციას. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ განაცხადა, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ოფიციალური წერილებით მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს და მოუწოდებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული საშუალებები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართულად განადგურების შესაჩერებლად. რურუას თქმით, აფხაზეთში მომხდარი ვანდალიზმი უახლოეს ხანში უნდა აღიკვეთოს. სამინისტროს ცნობით, ილორის მე-11 საუკუნის ეკლესიის რეკონსტრუქციის შედეგად, სრულად დაირღვა ძეგლის ავთენტურობა, ტაძარს დააშენეს რუსული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი გუმბათი, აღმოსავლეთ კედელზე არსებული ხუთი ქართული წარწერა კი თეთრად შეღებეს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამმართველოს უფროსმა, დემურ ბჟანიამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ მოინახულა ილორის ეკლესია და ზოგიერთი რამ იქ მართლაც შეცლილია. კერძოდ, ბჟანიას თქმით, ცოტათი შეცვლილია ეკლესიის იერსახე. „გუმბათი მართლაც დაადგეს ტაძარს, თუმცა, როგორც ჩვენ გავიგეთ, ეკლესიის მოძღვარს თავისი გადაწყვეტილება არ შეუთანხმებია სამართალდამცავ ორგანოებთან, რამაც ტაძრის სახის შეცვლა გამოიწვია,” - განაცხადა ბჟანიამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG