Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს სამიტზე ვერ მოხერხდა სამოქმედო გეგმის დამტკიცება


ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ანუ ეუთოს ორდღიანი სამიტი პრინციპების თაობაზე საერთო დეკლარაციის მიღებით დასრულდა. თუმცა ვერ მოხერხდა სამოქმედო გეგმის დამტკიცება რეფორმების და საერთაშორისო კონფლიქტების შესახებ - მათ შორის საქართველოს ტერიტორიული პრობლემების თაობაზე. სააგენტო „ფრანს-პრესი“ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ამ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა სწორედ საქართველოს საკითხთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ შეაფერხა, ისევე როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირებამ მთიანი ყარაბაღის საკითხის ირგვლივ. რაც შეეხება დეკლარაციას - რომელსაც „ასტანის დეკლარაცია“ ეწოდა - მას ორგანიზაციის წევრმა 56-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. დოკუმენტის მიღებას ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა „ისტორიული წარმატება“ უწოდა. მისი თქმით, სამიტის შედეგით ეუთოს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. თუმცა ასტანის სამიტის სხვა მონაწილეებმა იმედგაცრუება გამოთქვეს სამოქმედო გეგმის დაუმტკიცებლობის გამო. ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა შედეგის არაადექვატურობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ეუთოს წინსვლაში ვერ დაეხმარება. ამასთან, როგორც ფრანს-პრესი იუწყება, ამავე დიპლომატმა განაცხადა, რომ ევროკავშირი კვლავაც საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის მომხრედ რჩება.
XS
SM
MD
LG