Accessibility links

logo-print

ლეონიდ პარფიონოვი: ”რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს საერთოდ არ სჭირდება ჟურნალისტიკა”


ვლადისლავ ლისტევის გამოსახულება ”ოსტანკინოს” შენობაზე

ვლადისლავ ლისტევის გამოსახულება ”ოსტანკინოს” შენობაზე

რუსეთის ტელევიზიისა და მედიის მომხმარებლის მიმართ კრიტიკულმა სიტყვამ, რომელიც ჟურნალისტმა ლეონიდ პარფიონოვმა ვლადისლავ ლისტევის სახელობის პრემიის მიღებისას წარმოთქვა, ზოგი გაახარა, ზოგს შოკი მოჰგვარა. რა თქვა რუსეთის მედიის გამოცდილმა წარმომადგენელმა? რამ მოჰგვარა შოკი ხალხს?

ვისაც საბჭოთა პერიოდის ტელეგადაცემა „ვზგლიადი“უნახავს, ემახსოვრება ვლადისლავ ლისტევიც, რომლის ეს პროგრამა, ცენტრალური ტელევიზიით გადაცემული, „პერესტროიკის“ პირმშო იყო მედიაში. მან უზარმაზარი მასები აღაფრთოვანა. პროგრამის წამყვანები გმირებად მიაჩნდათ. შემდეგ, 1995 წელს, ლისტევი მოკლეს. თუ რატომ გამოასალმეს სიცოცხლეს ჩვენი ცნობილი კოლეგა, არ არის გარკვეული. ის ახლაც ახსოვთ და, აი, დაწესდა მისი სახელობის პრემია - რუსეთის ტელევიზიის განვითარებაში დამსახურებისთვის. ეს პრემია პირველად ლეონიდ პარფიონოვს მიენიჭა. სწორედ ამ ჯილდოს მიღებისას (მას თან ბიჭუნას ფიგურა და მილიონი რუბლიც მოჰყვა) მოსკოვში წარმოთქვა პარფიონოვმა სიტყვა, რომელსაც დიდი რეაქცია მოჰყვა. გამოსვლა მან ასე დაიწყო:

„დღეს საავადმყოფოში მოვინახულე ოლეგ კაშინი. ქირურგიული გზით, პირადაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, აღადგინეს რუსეთის ჟურნალისტიკის სახე. გაზეთ „კომერსანტის“ ჟურნალისტის მხეცურ ცემას ბევრად უფრო ფართო გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებასა და პროფესიულ სამყაროში, ვიდრე ყველა სხვა თავდასხმას რუსეთის ჟურნალისტების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. თუმცა ფედერალური ტელეარხების რეაქციაში შეიძლებოდა შეგემჩნიათ, რომ ეს გამოხმაურება, ერთგვარად, დადგმული იყო. მომხდარზე სახელმწიფოს მეთაურის გამოხმაურებაც ხომ განსხვავდებოდა პირველი პირის ნათქვამისგან ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შესახებ“.

ამის შემდეგ პარფიონოვმა უკვე ზოგადად დაახასიათა რუსეთის მედია და თქვა, რომ ორი მიზნით - მედიის ოლიგარქების ამოძირკვისა და ანტიტერორისტიულ ბრძოლაში ერთიანობისთვის - მოხდა „ფედერალური ტელეინფორმაციის გასახელმწიფოებრიობა“. პარფიონოვის დაკვირვებით, რუსეთში ჟურნალისტური თემები, ისევე როგორც ცხოვრება, ორ ნაწილად გაიყო. ერთ მხარესაა საკითხები, რომლებიც შეიძლება გავიდეს და მეორე მხარეს, რომელიც არ შეიძლება გავიდეს ტელევიზიით. ის თვლის, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ყველა მნიშვნელოვან ეთერში მოჩანს ხელისუფლების მიზნები და ამოცანები, მისი განწყობილება, მისი დამოკიდებულება, მეგობრები და მტრები. ინსტიტუციონალურად საერთოდ არ არსებობს ინფორმაცია, თქვა მოსკოვში, ტელეცენტრ „ოსტანკინოში“ გამოსვლისას პარფიონოვმა. ეს არის ხელისუფლების „პიარი“ ან „ანტიპიარი“. რუსეთის ტელევიზიის განვითარებაში დამსახურებისთვის პრემიის ლაურეატი ამტკიცებს, რომ ინსტიტუციონალური კორესპონდენტი აღარ არის ჟურნალისტი - ის მოხელეა, რომელიც მისდევს მომსახურების და დაქვემდებარების ლოგიკას. ამ გამონათქვამიდანაც დაასკვნით, რომ პარფიონოვმა გადაწყვიტა ეთქვა, რასაც ფიქრობს რუსეთის მედიაზე, გამოეთქვა კრიტიკა. ეს არის სიტყვა საქმეში ჩახედული და მასში ხანგძლივად მომუშავე ადამიანისა. მინდა გაგაცნოთ რუსეთის „ტელეაკადემიად“ წოდებული მსხვილ, წარმომადგენლობით ჟურნალისტთა გაერთიანების წევრის, ანატოლი ლისენკოს შეფასება. ლისენკო ამბობს, პარფიონოვმა ხმამაღლა თქვა ის, რასაც ბევრი ფიქრობს, მაგრამ რადგან ეს სიტყვა პრემიის გადაცემის დროს გაისმა, ამიტომ გახდა ის პოპულარული, ამიტომ მოჰყვა ასეთი რეზონანსიო. ლისენკოს მიაჩნია, რომ

„პარფიონოვმა თქვა ის, რაც აღელვებს ყველას, ვინც გადაიტანა 1980-90-იანი წლები, ვინც აქტიურად მუშაობდა მაშინ და ცდილობდა რუსეთში სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის, აუსრულებელი ოცნებისთვის მიეღწია, ანუ იმისთვის, რასაც, როგორც ჩანს, რუსეთში უკუჩვენება აქვს. ეს ქვეყანა ისტიორიულად, უბრალოდ, არ იცნობს ასეთ რამეს. ისე რომ, პარფიონოვს არაფერი ახალი არ უთქვამს - უბრალოდ, მკაფიოდ ჩამოაყალიბა სათქმელი“.

ლისენკო ამბობს, ბრძოლით მიღწეულ „გლასნოსტს“- საჯაროობას - მოსმენის უნარის დაკარგვა მოჰყვა და იქნებ ახლა მაინც ისმინოს ხალხმა, რაც პარფიონოვმა თქვაო. პარფიონოვმა კი თავის გამოსვლაში ზუსტად დახატა რუსეთის ვითარება და ჟურნალისტის საქმიანობა:

„ბევრად უფრო დიდი საშინელებაა, რომ რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს ჟურნალისტიკა აღარც კი სჭირდება. საშინელებაა, როცა უკვირთ, „რა მოხდა, სცემეს. ჩვენთან ბევრს სცემენ. ვიღაც რეპორტიორის გამო ასეთი ამბავი რატომ ატყდაო“. მილიონობით ადამიანს ვერ გაუგია, რომ ჟურნალისტი პროფესიულ რისკს სწევს თავისი აუდიტორიის გამო. ჟურნალისტს იმიტომ კი არ სცემენ, რომ რაღაც დაწერა, თქვა ან გადაიღო, არამედ იმიტომ, რომ ეს წაიკითხეს, მოისმინეს და ნახეს“.

კაცმა რომ თქვას, ესაა ზუსტი შეფასება ჟურნალისტიკისა. პარფიონოვმა იცის ეს საქმე. მისი გამოსვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო. არაერთი კი, როგორც ზემოთ ციტირებული ლისენკო, თვლის, რომ მას ახალი არაფერი უთქვამს. მათ რიცხვშია „ენტევეს“ ყოფილი გენერალური დირექტორი ევგენი კისელიოვი, რომელსაც რუსეთში, როგორც ჟურნალისტს, არ ულხინდა და თვითონაც ამბობს, ამიტომ იქ აღარ ვმუშაობ, კიევში ვარ დაკავებული ჩემი საქმითო. ის გაკვირვებულიც კია, რატომ მოჰყვა პარფიონოვის გამოსვლას ასეთი რეაქცია:

„მე ეს მაკვირვებს, რადგან, მართლაც, რის შესახებაც ლეონიდი ლაპარაკობს, ყველამ იცის, ვისაც კი ტელევიზიასთან რამე კავშირი აქვს - მუშაობს იქ ან უყურებს ტელევიზორს. ამიტომ ეს ნამდვილად მაოცებს. თუმცა ეს აღმოჩენად იქცა სწორედ ინტერნეტის მომხმარებლისთვის, ახალგაზრდებისთვის, ვინც ტელევიზორს არც უყურებს“.

კისელიოვი პარფიონოვს პირადად იცნობს. ჟურნალისტის შეფასებისას ის ამბობს, გამოსვლის პათოსი მის სტილში არ არისო. აქვე გეტყვით, რომ თავის სიტყვაში პარფიონოვმა ისიც თქვა, უფლება არ მაქვს დავადანაშაულო ჩემი კოლეგები, რადგან არ ვარ მებრძოლი და არც სხვებისგან ველი საგმირო საქმეებს, მაგრამ საგნებს თავიანთი სახელები უნდა დავარქვათო. კისელიოვმა შემდეგი უთხრა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს:

„ლეონიდ გენადის ძეს უკომპრომისო პოლიტიკური მებრძოლის სახელი ადრე არ ჰქონია. ის ყოველთვის ამბობდა, უნდა დავრჩეთ საქმესთან, რადაც უნდა დაგვიჯდეს, ეს უნდა ვაკეთოთ, ბოლომდე უნდა შევეცადოთ დავრჩეთ ტელევიზიაშიო. მართალია, ყველამ ვიცით, რომ „მეფე შიშველია“. ის, რომ პარფიონოვმა იკისრა პატარა ბიჭუნას როლი, რომელმაც ხალხიდან იყვირა, მეფე შიშველიაო, საერთოდ არ არის მის სტილში“.

კისელიოვი აცხადებს, კარგი იქნება, თუკი ტელევიზიაში რამე შეიცვლება - მე მივემხრობი მას, თუნდაც ეს ცვლილება ჟურნალისტურ რეპუტაციაშერყეულმა პირებმა წამოიწყონ, მაგრამ მირჩევნია „პერესტროიკა 2“ შეუბღალავი სახელის მქონე ხალხმა ითავოსო.
XS
SM
MD
LG