Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ემსახურება ასტანის დეკლარაციის მიღება


ეუთოს სამიტი ასტანაში
ეუთოს სამიტი ასტანაში
საქართველოს საგარეო უწყების განმარტებით, ეუთოს სამიტზე ასტანაში ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტის - სამოქმედი გეგმის - მიღება რუსეთის დესტრუქციული პოზიციის შედეგად ჩავარდა. როგორც ცნობილია, დაახლოებით 9-საათიანი დაძაბული კამათის შედეგად, 2 დეკემბერს ეუთოს 56-მა წევრმა სახელმწიფომ ასტანაში მხოლოდ ზოგადი სახის დეკლარაციის მიღება შეძლო.

სამიტის მასპინძელი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის - ყაზახეთის - საგარეო საქმეთა მინისტრმა კანატ საუდაბაევმა 2 დეკემბერს დიდი კმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ ასტანაში მიღებულ დეკლარაციაში კიდევ ერთხელ აისახა ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ერთგულება ეუთოს ფუძემდებლური პრინციპების, ნორმებისა და ვალდებულებების მისამართით და რომ ეს დოკუმენტი ხელს შეუწყობს მრავალმხრივი უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცებას ევროატლანტიკურ და ევრაზიულ სივრცეში.

თუმცა იმავე დეკლარაციის ხელმომწერი ქვეყნების უმრავლესობა, როგორც ცნობილია, აშკარა უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ ასტანაში ვერ მოხერხდა პროგრესის მიღწევა რეგიონში არსებული კონფლიქტების დარეგულირების კონკრეტულ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. ანუ არ არის დასახული კონკრეტული ამოცანები და გზები, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ეუთომ ფუძემდებლური პრინციპების, ნორმებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით.

მთავარ საკამათო საკითხად, რის გამოც ეუთომ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებულ შეთანხმებას ვერ მიაღწია, ასტანაში 2 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში, საქართველო სახელდებოდა. და სწორედ საქართველოს საკითხს გამოყოფს თავის კომენტარში რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის კორესპონდენტი გურბანუ აბენოვაც:

”ორგანიზატორები არაფორმალურ გარემოში ამბობდნენ, რომ სამიტის მთავარი დოკუმენტი უამრავჯერ ჩასწორდა. დელეგაციებს შორის კამათი მიმდინარეობდა ცალკეულ ფორმულირებებზეც კი. ძირითად მიზეზთან დაკავშირებით, რის გამოც ეს დოკუმენტი შესაძლოა ჩავარდნილიყო, ვარაუდობდნენ, რომ თავის როლს ისევ შეასრულებდა უთანხმოება რუსეთსა და საქართველოს შორის.”

გურბანუ აბენოვა ამ შემთხვევაში იმ ჩავარდნის საფრთხეზე ლაპარაკობს, რომლის წინაშეც იდგა, საბოლოო ჯამში, ძლივს მიღებული დეკლარაცია.
თუმცა რუსეთის წინააღმდეგობა კიდევ უფრო ძლიერი იყო სამოქმედო გეგმის გამო, სადაც საქართველოს კონფლიქტებთან დაკავშირებული თემებიც უნდა ასახულიყო. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე ამბობს, რუსეთი ამგვარი პერსპექტივის ერთადერთი მოწინააღმდეგე იყო:

”აქ იყო სერიოზული უთანხმოება ჩვენსა და რუსეთის ფედერაციას შორის და ამ განხეთქილებაში დასავლეთმა კიდევ ერთხელ დაიჭირა ჩვენი პოზიცია. შესაბამისად, რუსეთს მოუწია ამ დოკუმენტის ჩაგდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამიტის მთავარი დოკუმენტები ჩავარდა იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაცია არ აღმოჩნდა მზად კონფლიქტებზე გადაედგა რაიმე კონსტრუქციული ნაბიჯი.”

რუსეთის აქტიური წინააღმდეგობის ფაქტი 3 დეკემბერს დაადასტურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემაც, რომლის თქმითაც, საქართველო არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა არანაირი სამოქმედო გეგმის მიღებას, ”სადაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და საქართველოში მომხდარი ომი არ იქნებოდა ასახული ობიექტურად და დეტალურად.” ამავე კომენტარიდან ირკვევა, რომ რუსეთმა ამ კონტექსტში ყველა შეთავაზება დაიწუნა და, საბოლოო ანგარიშით, ისე მოხდა, რომ ვერ შეთანხმდა, ”ერთი მხრივ, ეუთო და, მეორე მხრივ, რუსეთი.”

სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის დიდი იმედი გრიგოლ ვაშაძეს არც თავიდან ჰქონია და ეს მან ჟურნალისტებთან შეხვედრებზეც არაერთხელ აღნიშნა ასტანაში. საქართველოსთვის სასურველი ვარიანტის მიღება სათუო იყო თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ რუსეთი მას დაბლოკავდა და, ეუთოს სრული კონსენსუსის პრინციპიდან გამომდინარე, დოკუმენტის ჩასავარდნად რომელიმე ერთი წევრის უარიც კი სავსებით საკმარისია.

რაც შეეხება საქართველოს ხელმოწერას სამიტის დეკლარაციაზე, გრიგოლ ვაშაძის თქმით, სამიტი აუცილებლად უნდა დამთავრებულიყო რაიმე დოკუმენტის მიღებით ”იმისათვის, რომ რუსეთს არ ჰქონოდა პროპაგანდისტული ინსტრუმენტი ხელში, რომ საჭიროა ეუთოს დახურვა, უხეშად რომ ვთქვათ, და ახალი სისტემის შემუშავება.”

მართალია, სამიტის ნაადრევად დატოვებამდე, 2 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ საბოლოო დოკუმენტს რუსეთი არ მოაწერს ხელს, მაგრამ უკვე გვიან ღამით განახლებულ სხდომაზე რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელი დიდ მადლიერებას გამოხატავდა მეტად მნიშვნელოვანი, ისტორიული დეკლარაციის მიღებასთან დაკავშირებით. რუსეთი უკმაყოფილო მხოლოდ იმით დარჩა, რომ ასტანის სამიტმა სათანადო ყურადღება არ დაუთმო ევროპის უსაფრთხოების ახალ კონცეფციას, რომელიც კრემლის ინიციატივას წარმოადგენს.

სწორედ ამ კონცეფციის იგნორირების გამო, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ალექსეი ვლასოვი ვარაუდობს, რომ რუსეთი ასტანის სამიტმა მხოლოდ ნახევრად დააკმაყოფილა:

”დასკვნით დეკლარაციაში არ შევიდა კრემლისთვის გამაღიზიანებელი საკითხები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ, ამავე დროს, აქ კონკრეტული მხარდაჭერა არც ევროპის ახალი არქიტექტურის იდეის მისამართით ჩანს, რაც პრეზიდენტ მედვედევის შეთავაზებას წარმოადგენს. ასე რომ, 50/50 ... ”

თუკი საქართველოს საკითხის შემცველი დოკუმენტების მიუღებლობა რუსეთისთვის კმაყოფილების მიზეზად იქცა, იმავე ფაქტმა, როგორც უკვე ვთქვით, უკმაყოფილო დატოვა ეუთოს წევრი არაერთი სახელმწიფო. 2 დეკემბერს ასტანაში, შუაღამისას განახლებულ სხდომაზე, არაერთი უცხოელი დიპლომატის საჯარო გამოსვლებში აღინიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული კონფლიქტი სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს და რომ ეუთომ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაააქტიუროს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG