Accessibility links

logo-print
მსოფლიო 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დღეს აღნიშნავს. ამ დღის სიმბოლო იისფერი ბაფთაა, რომელიც თბილისში საგანგებოდ გამართულ კონფერენციაზე მისულ ადამიანებსაც ეკეთათ. ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის ეს დღე ამ მიმართულებით გაკეთებული თუ დაგეგმილი საქმეების პრეზენტირების საშუალება იყო, არასამთავრობო სექტორისათვის - პრობლემების წინ წამოწევისა და საერთაშორისო დონორების ყურადღების მიპყრობის მცდელობა, თავად შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისათვის კი - დღე, რომელიც ვერ იქცა მათ დღესასწაულად საქართველოში.

კონფერენცია ჩვეული წესით იწყება: მისალმება, კომენტარები მედიისათვის. მოწვეულ სტუმრებს იისფერი გულსაბნევები უკეთიათ. შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მიმართ ყველა სოლიდარულია. განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრებისაგან ვიგებთ, რომ საქართველოში თურმე უკვე არსებობს ამ პრობლემის მოგვარებისაკენ მიმართული ერთიანი კონცეფცია და სამოქმედო გეგმაც. წინგადადგმული ნაბიჯია ისიც, რომ ყველა თანხმდება - ამ ადამიანებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ის სერვისი, რაც ზოგადად ადამიანის განვითარებისათვის არის საჭირო:

”ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანაა ეს ადამიანები თავს გარიყულად არ გრძნობდნენ, იყვნენ ჩვენი საზოგადოების აქტიური წევრები და ყველა უნდა გავერთიანდეთ, რომ რაიმე ბარიერი არ არსებობდეს ამისათვის. ამას ემსახურება ის რეფორმები, რაც ტარდება განათლების სისტემაში, ჩვენც გვინდა ხელი შევუწყოთ იმ საწარმოების განვითარებას, რაც ასეთი ადამიანების მიერ არის დაარსებული.”

ტელეკამერებით სახეგანათებული ჯანდაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის ფონზე რამდენიმე უსინათლო დგას, ერთმანეთის მიყოლებით შემოდიან ინვალიდის სავარძლებს მიჯაჭვული ადამიანები.

ამასობაში განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე ლაპარაკობს, ამბობს, რომ მომავალ წელსაც ინკლუზიური განათლება სამინისტროს პრიორიტეტი იქნება.

გიორგი ძნელაძისათვის, რომელიც კოალიცია ”დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” თავმჯდომარეა, ისიც პროგრესია, რომ ქაღალდზე მაინც არსებობს რაღაც კონცეფცია, სადაც პრობლემებთან ერთად მათი გადაწყვეტის გზებზეცაა ლაპარაკი. მთავარია, როგორ შესრულდება. ის კონკრეტულ მხარდაჭერას ითხოვს:

შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია.
”USAID-ის მხარდაჭერით ჩვენ ინვალიდის ეტლების საწარმო გავაკეთეთ საქართველოში და ბევრი ადამიანი დაკმაყოფილდა საქართველოში წარმოებული ეტლებით და აუცილებელია ასეთი პროექტების მხარდაჭერა, რომ სოციალური საწარმოები, რომლებიც ახლა იკიდებენ ფეხს საქართველოში, განვითარდნენ, რადგან გარდა იმისა, რომ პროდუქციას ვუშვებთ, იქ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები არიან დასაქმებულნი.”

პროგრესი ფურცელზე - ასეთია სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლის ანა არგანაშვილის შეფასება ამ სფეროში არსებული ვითარებისა. ”სამწუხაროდ, ინდივიდებამდე ეს ცვლლებები, რაც ქაღალდზეა, არ მიდის. ერთ მაგალითს მოვიყვან. ორი დღეა დავდივართ ქალთან, რომელსაც აქვს პროგრესული დაავადება, რომელიც ტელეფონთანაც ვერ მიდის, ვეღარ გადაადგილდება და ამის გამო არც პენსიას იღებს, არც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის, არანაირი შემწეობით არ სარგებლობს. ანუ რეალურად, ადამიანები, რომლებიც ყველაზე რთულ მდგომარეობაში არიან, სისტემის გარეთ რჩებიან. და ამიტომ დღეს ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ზეიმის დღეა. დღეს არის პრობლემების შეხსენების დღე. თუ რამე საამაყო გვაქვს, ამას მთავრობა პირველ პირში არ უნდა ამბობდეს. მოდით, ეს თქვან იმ ადამიანებმა, ვისაც ეს ცვლილებები უნდა შეხებოდა.”

ვისაც ცვლილებები უნდა შეხებოდა, ის ადამიანები სულ ბოლო რიგში სხედან. მათ იციან, რომ ერთი წლის წინ მთავრობის ინიციატივით შეიქმნა ინვალიდთა საკოორდინაციო საბჭო, მაგრამ დღემდე არც ერთი სხდომა არ ჩატარებულა. ბევრი მათგანი იმასაც ამბობს, რომ ყოველ წელს ამ დღეს ცარიელი სიტყვების მოსასმენად მოდიან. უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელი რეზო მაისურაძე, უამრავი პრობლემის მიუხედავად, მხოლოდ ერთს ასახელებს:

”ეს არის განათლების პრობლემა. აი, ჩვენ, უსინათლოებს, ძალიან გვჭირდება ქართული კომპიუტერული სინტეზატორი, რომელიც მსოფლიოს ყველა ენაზეა უკვე თრგმნილი და ქართულად კი - არა. ჩვენ ამ სინტეზატორის გარეშე კომპიუტერის მოხმარება არ შეგვიძლია. არადა, ვერც გაზეთებს ვკითხულობთ ქართულად, არც წიგნები იბეჭდება ბრაილით. ჩვენ დახმარება გაგვიწია პოლონეთის საელჩომ, 40 000 ევრო გვაჩუქა, სახელმწიფოს 8 000 ევრო აქვს გათვლილი, მაგრამ სულ 100000 ევროა საჭირო და ვეძებთ გზებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.”

დიდი ხანი არ არის, რაც გოჩა ფილაური ინვალიდთა ეტლების იმ საამქროში მუშაობს, ზემოთ რომ ვახსენეთ, ყოველდღე, რვა საათის განმავლობაში. ის თავად 25 წელია ვერ დადის. ხელფასი ხუთას ლარამდე კი გამოსდის, მაგრამ ეს ახლა. ისე კი მისი პენსია 85 ლარია:

”სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ხომ შემოიღეს ეს დახმარება. მე არ მომცეს, რადგან ჩემს ძმასთან და მის ოჯახთან ვცხოვრობ. ესე იგი სადმე მარტო მიგდებული უნდა იყო, რომ ამ სიაში მოხვდე. სად არის, რომელ ქვეყანაში, რომ პირველი ჯგუფის ინვალიდს 85 ლარი ჰქონდეს პენსია.”

გოჩა ფილაური ამბობს, რომ არაერთხელ მოსმენილი სიტყვები მათი ინტეგრაციის შესახებ სიტყვებად რჩება. ეს არის კიდეც მიზეზი იმისა, რომ ასეთ ღონისძიებებზე სიარული არ უყვარს:

”რა არის ეს ინტეგრაცია, აი, მაგალითად, ასეთი საერთაშორისო დღე... ლამაზ სიტყვებს გვეტყვიან ვიღაც ბიძიები და მორჩა. გადით გარეთ, ვერსად ვერ შევა ჩვენნაირი ადამიანი - ვერც ტრანსპორტში, ვერც ბანკში, ვერც მაღაზიაში. ყველას ხომ არ ჰყავს ავტომობილი, რომ იაროს...”

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, 10 დეკემბერს, სახალხო დამცველის ოფისი კონკრეტულად უნარშეზღუდული ადამიანების მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოში სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას გეგმავს და, როგორც ანა არგანაშვილმა გვითხრა, საკმაოდ კრიტიკული შინაარსისას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG