Accessibility links

logo-print

განახლებული ”ცისკარი” - ისტორიული სახელით თანამედროვე ბაზარზე


ჟურნალ ”ცისკრის” პრეზენტაცია

ჟურნალ ”ცისკრის” პრეზენტაცია

რამდენიმე დღის წინ განახლებულ ჟურნალ ”ცისკრის” პრეზენტაცია გაიმართა. სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალი უკვე მეოთხედ იწყებს ახალ ცხოვრებას. 1852 წელს გიორგი ერისთავის მიერ პეტერბურგიდან გამოთხოვილი ნებართვით დაარსებულ ჟურნალს არსებობა სამჯერ შეუწყდა. განახლებული ჟურნალის სარედაქციო ჯგუფი უკვე ბრენდად ქცეული სახელის გამოყენებით კონკურენტულ ბაზარზე თავის დამკვიდრებას ეცდება.

მხატვრული ლიტერატურის გზით ეროვნული თვითშეგნების გაღრმავება, საზოგადოების განათლებისა და მწერლობის ხელშეწყობა იყო ჟურნალ ”ცისკრის” მიზანიო, ვკითხულობთ ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის სახელმძღვანელოში. ”ცისკრის” ისტორიის მკვლევარი, მწერალი მიხო მოსულიშვილი ამბობს, რომ „ცისკრის“ წარმატება თავის დროზე ნოვატორული იდეებით სავსე ავტორებმა განაპირობეს:

რაღაც ეკლექტიკური ფორმა აქვს მიღებული - წარმოდგენილია ახალი და ძველი თაობის ავტორები ...
”აკაკი ჩამოვიდა პეტერბურგიდან და სხვანაირი ლექსების წერა დაიწყო, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები მოიტანა ილიამ, რაღაცნაირი აღორძინების პერიოდი აქვს ”ცისკარს” , მაგრამ მერე, როცა ილია იწყებს ”ივერიის” და ”საქართველოს მოამბის” კეთებას, მხოლოდ ანტონ ფურცელაძეღა შემორჩება ”ცისკარს” და ნელ-ნელა მწერლები ილიასთან გადადიან. ილიას სხვანაირი მიდგომა ჰქონდა, ილია საერთოდ მოდერნისტია.”

განახლებული „ცისკარი“ ძველი ტრადიციებისა და თანამედროვე მკითხველის ინტერესების გათვალისწინების ნაზავს წარმოადგენს. ისე როგორც საუკუნე ნახევრის წინანდელი „ცისკარი“, ახლანდელიც ცდილობს ჟურალის ფურცლებზე გამოაქვეყნოს როგორც ახალგაზრდა, ისე უკვე ცნობილი ავტორების ნაწარმოებები.

”რაღაც ეკლექტიკური ფორმა აქვს მიღებული - წარმოდგენილია ახალი და ძველი თაობის ავტორები. ვფიქრობ, საინტერესო იქნება ეს ახალი და ძველი თაობის ავტორების ნაზავი, რომელიც ამ ნომერმა დაიტია. ”

ასე ფიქრობს ახალგაზრა პოეტი გიორგი კეკელიძე. ჟურნალის რედაქტორს ზაურ კალანდიას სჯერა, რომ ჟურნალ „ცისკრის“ სამომავლო წარმატებას თუნდაც ის მიზეზი განაპირობებს, რომ მისი სახელი გარკვეული ასაკის მკითხველში ღრმად არის ჩამჯდარი და ეს მას დაეხმარება მუდმივი მკითხველი იყოლიოს, ამასვე ელის ავტორების მხრიდანაც:

”ცისკარი” ეს უკვე ტრადიციაა და თუ გურამ დოჩანაშვილი, რომელიც მოთხრობას წერს, სადმე მის დაბეჭდვაზე გაიფიქრებს, აუცილებლად ”ცისკარზე” გაიფიქრებს, მე ეს ვიცი, იმიტომ რომ ის ცისკრელია, იქ დაიბეჭდა პირველად. მაგრამ ჩვენც უნდა ვიმუშაოთ, უნდა მოვიპოვოთ ავტორები. ყველგან არის კონკურენცია.“

”ცისკარმა” …აკვნობა გაუწია იმ ყმაწვილ მწერლებს, რომლებსაც მერე, სამოციან წლებში, წინანდელ მწერლებთან ერთად ძლიერი ტალღა ჰკრეს ჩვენს აზრთა დენასა ...
თავის დროზე „ცისკრის“ წარმატების მიზეზი ისიც იყო, რომ სალიტერატურო ჟურნალების დიდი არჩევანი არ არსებობდა ბაზარზე და ჟურნალი თავად ირჩევდა რომელი ავტორის შემოქმედება გამოექვეყნებინა საკუთარ ფურცლებზე, ანუ ჟურნალი ქმნიდა ლიტერატურულ დროს, ახლა კი „ცისკარს“ დრო და გარემოება სთავაზობს წესებს. პოეტი მარიამ წიკლაური ამბობს, რომ „ცისკარი“ ისტორიის ტკბილ მოგონებებს არ უნდა დასჯერდეს - მის გამომცემლებს დიდი შრომა დასჭირდებათ ბაზარზე თვითდამკვიდრებისათვის:

”მართლა სხვა დროა და საკმაოდ დიდი რაოდენობით გამოდის ლიტერატურული პერიოდიკა - ”ლიტერატურული გაზეთი”, ”ქართული მწერლობა”, ”ჩვენი მწერლობა”, ”ლიტერატურული პალიტრა”, უამრავი სხვა. შეიძლება ისეთი შთაბეჭდილებაც შეგექმნას, რომ მწერალმა ვერ გაუძლოს ამ მოთხოვნას, იმიტომ რომ ყველა ჟურნალს უნდა ახალი მასალა და შეიძლება ჩვენი მწერლური ძალა არც იყოს საკმარისი ამ ყველაფრისთვის, მაგრამ, ალბათ, რაღაცას გააკეთებენ, რომ ეს არ იყოს მხოლოდ ისტორიის ტკბილი მოგონება და იყოს ნამდვილად ავანგარდში.”

ალბათ, კონკურენციის გამო მოხდა ისიც, რომ რამდენიმე ავტორის ნაწარმოები, რომელიც განახლებული „ცისკრის“ ფურცლებზეა გამოქვეყნებული, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ინტერნეტ თუ ბეჭდურ გამოცემებში ექნება მკითხველს წაკითხული.

განახლებული „ცისკარი“ თვეში ერთხელ გამოვა. თავის დროზე ილია ჭავჭავაძე წერდა:

”ცისკარმა” …აკვნობა გაუწია იმ ყმაწვილ მწერლებს, რომლებსაც მერე, სამოციან წლებში, წინანდელ მწერლებთან ერთად ძლიერი ტალღა ჰკრეს ჩვენს აზრთა დენასა.”

შეძლებს თუ არა განახლებული „ცისკარი“ ისეთივე ადგილის დამკვიდრებას ქართულ სალიტერატურო სივრცეში, როგორზეც ილია ჭავჭავაძე წერდა, ალბათ, დრო გამოაჩენს.
XS
SM
MD
LG