Accessibility links

ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმის წევრებმა სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს


ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმი

ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმი

სტამბოლში 4 დღის განმავლობაში ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრა კინაღამ ჩაიშალა, რადგან ოსური მხარის პოზიცია მონაწილეობის თაობაზე ბოლო წუთამდე გაურკვეველი იყო. ფორუმის ორი წარმომადგენელი ცხინვალიდან სტამბოლში სხვადასხვა მიზეზის გამო არ ჩავიდა, არადა, ოსურ მხარეს რომ საერთოდ უარი ეთქვა მონაწილეობაზე, ფორუმის იდეა საერთოდ აზრს კარგავდა. მაგრამ ბოლო წუთებში გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორმა თემურ ცხოვრებოვმა ახალი წევრების შეკრება და თურქეთში ჩაყვანა შეძლო. როგორც ცნობილია, წინა შეხვედრის შემდეგ, რომელიც ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენში გაიმართა, ცხინვალში ფორუმის ოსი ეროვნების წარმომადგენლების დევნა დაიწყო. მოღალატეობრივ საქმიანობაში დაადანაშაულეს და სასტიკად სცემეს თემურ ცხოვრებოვს, სხვა წევრებსაც დაემუქრნენ.

შეხვედრის დასაწყისში ცხოვრებოვმა თავისი თანამოქალაქეების სტამბოლში ჩასვლა სამოქალაქო გმირობად შეაფასა, რადგან, ყველაფრის მიუხედავად, 5 ახალი წევრი ქართველებთან შეხვედრას დასთანხმდა. სტამბოლში ჩასვლამდე თემურ ცხოვრებოვმა საქმის კურსში დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებაც ჩააყენა. მისი აზრით, ფორუმის შიგნით რომ აზრთა სხვადასხვაობაა, ეს ორგანიზაციის მუშაობის შემაფერხებლად არ უნდა იქცეს. მისი თქმით, ეს ერთადერთი მოედანია, სადაც ოსური და ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თანაბარ დონეზე საუბრობენ.

„ მე მინდა ამ ფორუმის მოედნიდან ქართველ საზოგადოებამდე მივიტანო, რომ ძველებურად ცხოვრება შეუძლებელია. უნდა დავფიქრდეთ, ახალ რეალობას შევხედოთ და თანაბარი პირობებით ვისაუბროთ. ჯერჯერობით ჩემთან, როგორც ოსთან, ასე მხოლოდ ამ ფორუმის ქართველი წარმომადგენლები საუბრობენ. ჩვენ სწორედ ასე ვლაპარაკობთ და, განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობაც ამიტომ გვაქვს. იმედია, რომ ხელისუფლებებსაც ამ დონემდე მივიყვანთ და ისინიც თანასწორ საუბარს დაიწყებენ. არა ურთიერთბრალდებებზე, არამედ იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა აღარ იომონ“,–ამბობს თემურ ცხოვრებოვი.

ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმის ახალი წევრები, ოსური მხრიდან, ძირითადად ჟურნალისტები და იურისტები იყვნენ. რომლებმაც ქართველ კოლეგებთან ერთად სამომავლო პროექტებზე იმუშავეს. შეხვედრა პოზიტიური განწყობით მიმდინარეობდა, რამაც ალინა ჩოჩიევას გაკვირვება გამოიწვია:

„როდესაც თვითმფრინავით მოვფრინავდი, სიმართლე გითხრათ, კვლავ ვფიქრობდი რა განწყობით დამხვდებიან იქ, რა რეაქციები ექნებათ და როგორი პოზიცია. უკვე ურთიერთობის შემდეგ კი შთაბეჭდილებები ძალიან, ძალიან დადებითი მაქვს. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი“, – არ დამალა საკუთარი განწყობა ახალგაზრდა იურისტმა ალინა ჩოჩიევამ.

სტამბულის შეხვედრაზე ფორუმის წევრებმა მომავალი წლის სამოქმედო გეგმაზე იმუშავეს. ფორუმის ქართველი წევრის ზურაბ ბენდიანიშვილის აზრით, დიალოგი აუცილებელია, ამ ფორუმს კი, თავის მხრივ, ისეთი პრობლემების მოგვარება შეუძლია, რომელიც რიგით მოქალაქეებს ორივე მხრიდან ცხოვრებას ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს.

„მიუხედავად ძალიან ბევრი ბოროტი სურვილისა, ფორუმის შეხვედრა ძალიან ეფექტური იყო. ზაფხულში დიდი ზეწოლა იყო ოსური მხარის წევრებზე, ფიზიკურად გაუსწორდნენ თემურ ცხოვრებოვს, მაგრამ 5 ახალი წევრი დაესწრო ამ შეხვედრას და ესენი ახალგაზრდები იყვნენ. ტრადიცია არ დავარღვიეთ და ახალი წევრები მოვიწვიეთ. იმედს არ ვკარგავთ, რომ მალე არსებული კი არა, ახალი პროექტები დაიწყება“, – ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი.

ფორუმის მუშაობას ორგანიზებას ჰოლანდიური ორგანიზაცია «IKV Pax Christi» უზრუნველყოფს. ორგანიზაციის დონორი ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროა. კავკასიური პროგრამის კოორდინატორის სინტა დეპონდტის თქმით, ფორუმის უახლოეს გეგმებში პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების დიალოგში ჩართვა შედის.

ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის მომდევნო შეხვედრის გამართვა აპრილში იგეგმება. ფორუმის წარმომადგენლებს დიდი სურვილი აქვთ, რომ შეხვედრებში პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები ჩართონ.
XS
SM
MD
LG