Accessibility links

logo-print

რატომ შეიძლება ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში


რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინი

რუსეთში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებამ რუსეთის მთავრობა გაახარა, ბრიტანეთისას და სხვებსაც გული დასწყვიტა. ალბათ, არამხოლოდ იმით აიხსნება ბრიტანეთის პრესაში გამოქვეყნებული მოსაზრებების რადიკალურობა, რომ თვითონ ეს სახელმწიფოც იყო კანდიდატთა სიაში.

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა გაისმა ხმები, ეს წინაწარ იყო დაგაწყვეტილიო. ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ტერი ვენეიბლზი მიიჩნევს, რომ ფიფამ რუსეთს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ამ ქვეყნის საიდუმლო სამსახურის მუშაობის შედეგად მიანიჭა. იქნებ არც უნდა გაგვკვირვებოდა რაც მოხდა, „ფიფა და კაგებე ხომ მსოფლიოს ბოლო ორი საიდუმლო ორგანიზაციააო“ - ეს ნათქვამი ხუმრობას უფრო ჰგავს, ვიდრე სერიოზულ განცხადებას, რომელიც ინგლისელი მწვთნელის სიბრაზეს გამოხატავს. არანაკლებ გამწარებულია გაზეთი „დეილი მირორი“, რომელიც რუსეთთან ერთად ეხება კატარსაც, სადაც, ფიფას სურვილით, 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი მოეწყობა. გაზეთი წერს, რუსეთი მაფიოზური სახელმწიფოა, რომელშიც ფესვები აქვს გადგმული კორუფციას, კატარი კი შუასაუკუნეობრივი სამეფოა, სადაც სიტყვის თავისუფლება არ არსებობსო; ორივე ნავთობიდან მიღებულ ფულში ცურავსო.

რას ფიქრობენ რუსი ექსპერტები მათ ქვეყანაში ფეხბურთის ჩემპიონატის ჩატარებაზე? რუსეთში გამომავალ გაზეთ „სპორტს ექსპრესის“ ფეხბურთის განყოფილების რედაქტორის ბორის ბოგდანოვის აზრით, თუკი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება შეძლო სამხრეთ აფრიკამ და შეძლებს ბრაზილია, რუსეთიც მოახერხებს. მისი კოლეგა, ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის სპორტული მიმომხილველი ალექსეი კუზნეცოვი კი აცხადებს, რომ მას მერე, რაც რუსეთს სოჭის ზაფხულის ოლიმპიადის ჩატარების საშუალება მიეცა, არაფერია გასაკვირი. ის ამბობს, რომ ფიფას მოქმედებაში არის თავისუბური ლოგიკა - მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა:

„იმაში, რომ დღევანდელი ხელისუფლება რუსეთში, ამა თუ იმ ფორმით, 2018 წლამდე დარჩება, ფიფას ეჭვი არ ეპარება. ეს ერთი. მეორეც ისაა, რომ ფიფასთვის ძალიან მნიშვნელოვანია განვითარება. 2010-ში - სამხრეთ აფრიკა, 2014 -ში - ბრაზილია, შემდეგ, 2018 წელს, - რუსეთი, მერე კი - კატარი. ეს ქვეყნები არ არიან განვითარებული, მაგრამ, სამაგიეროდ, იქ ფეხბურთის წინსვლა დაიწყება ჩემპიონატების შემდეგ. და კიდევ ერთი: ესაა საფინანსო უზრუნველყოფა. ცხადია, რომ რუსეთიც და კატარიც სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაზე ადვილად გაუმკლავდებიან იმ უზარმაზარ საფინანსო ხარჯებს, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატისთვისაა საჭირო.“

ბორის ბოგდანოვი ლაპარაკობს იმ ნაკლოვანებებზე, რაც რუსეთში არსებობს, მაგრამ რასაც მოევლება. სტადიონების ხარისხი არ ვარგა, არაა ინფრასტრუქტურა და ცუდი გზებია, პრობლემები არის, მაგრამ არის რვა წელიწადიც მათ გადასაჭრელად. ვადა საკმაოდ გრძელია. რესურსების, პოლიტიკური ნების, ასევე ნორმალური საორგანიზაციო პროცესის მეშვეობით ამ პრობლემების მოგვარება შეიძლება, ფიქრობს ბოგდანოვი. ალექსეი კუზნეცოვი ვარაუდობს, რომ ხარჯები მსოფლიო ჩემპიონატისთვის გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან იქნება ამოღებული, გაიზრდება საწვავის, სხვა ძირითადი პროდუქტების ფასი. მას არ მოსწონს, რომ ეს თანხები არ ხმარდება რუსეთში მასობრივი სპორტის განვითარებას. კუზნეცოვის შეფასებით, მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში ფიზკულტურასა და სპორტზე საფინანსო დარტყმა იქნება და ეს რუსეთის მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ. კუზნეცოვს მისი კოლეგა ბოგდანოვი უპასუხებს, რომ არაა დარწმუნებული, რომ ეს ფული მართლაც იქნება გამოყენებული სოციალურად სუსტი ადამიანების სასარგებლოდ, თუკი ჩემპიონატი არ ჩატარდება. ამიტომ, ამბობს გაზეთ „სპორტს ექსპრესის“ რედაქტორი, მას ურჩევნია, ის მსოფლიო ჩემპიონატს მოხმარდეს.
XS
SM
MD
LG