Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობამ საპენსიო რეფორმის განხორციელება გადაწყვიტა


პენსიონერების საპროტესტო აქცია. 2010 წლის თებერვალი
პენსიონერების საპროტესტო აქცია. 2010 წლის თებერვალი
მომავალ კვირაში საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც საპენსიო სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებს შეეხება. მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, პენსიები და სხვა სოციალური შეღავათები თუ დახმარებები თავს ერთ პაკეტში მოიყრის. ეს უფრო მიზნობრივს გახდის როგორც სოციალურ დახმარებას, ასევე მის ადმინისტრირებას. ხელისუფლება ამ ცვლილებებს საპენსიო რეფორმას უწოდებს, სპეციალისტები კი ამბობენ, რომ საპენსიო სისტემას სულ სხვაგვარი და საფუძვლიანი ცვლილებები ესაჭიროება.

ბოლო ორი კვირის მანძილზე არაერთი პოლიტიკური დისკუსია გაიმართა პენსიების გაზრდის შესახებ. თბილისის ბიუჯეტის დამტკიცებისას საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ინგა გრიგოლიამ, არსებული 80 ლარიანი პენსიის საარსებო მინიმუმამდე - 140 ლარამდე - გაზრდა მოითხოვა:

”ჩვენ მოვითხოვთ, პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდეს, ანუ საუბარია ოფიციალურად დაფიქსირებულ 140 ლარზე. არ შეიძლება, რომ ამაზე 1 თეთრით ნაკლები იყოს პენსია.”

2011 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას მმართველ პოლიტიკურ ძალას წინასაარჩევნო დაპირება - პენსიების 100 დოლარამდე გაზრდა - შეახსენეს ქრისტიან-დემოკრატების სხვა ლიდერებმაც. ამ კრიტიკას მმართველი უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა უპასუხა:

„თქვენ როდესაც საუბრობთ 100 დოლარზე, მაშინ მე ჩამოგითვლით რამდენნაირ დახმარებას იღებს ესა თუ ის მოქალაქე. ეს არის სახელმწიფო კომპენსაცია, საარსებო შემწეობა, სამედიცინო დაზღვევა და სოციალური ვაუჩერი. ეს ყველაფერი ფულად გამოსახულებაში რომ გადათარგმნოთ, 100 დოლარზე მეტია.“

პეტრე ცისკარიშვილის განცხადება ყველა პენსიონერს არ შეეხება, მაგრამ ბევრი სოციალურად გაჭირვებული სტატუსის მქონე პენსიონერი, დახმარებებისა და შეღავათების სახით, სახელმწიფოსგან 100 დოლარზე მეტ დაფინანსებას იღებს. ახლა მთავრობამ სოციალური პაკეტის პენსიის საფარქვეშ გაერთიანება გადაწყვიტა და საკანონმდებლო ინიციატივაც მოამზადა. ის გასულ კვირაში უკვე განიხილა პარლამენტის ბიურომ და შემდგომი დამუშავებისთვის მთავრობას დაუბრუნა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გიორგი ხუროშვილის ინფორმაციით, საქართველოში 518 სხვადასხვა სახეობის პენსია, სოციალური დახმარება და შეღავათი არსებობს, რაც ართულებს დახმარების იმ ბენეფიციარამდე მიღწევას, რომელსაც ის ყველაზე მეტად სჭირდება:

”გათვალისწინებული უნდა იყოს მოქალაქის მატერიალური და სოციალური მდგომარეობა და გადაწყვეტილებები და ფორმულა შემუშავებული უნდა იქნეს ამის გათვალისწინებით.“

მთავრობის საპარლამენტო მდივნის გიორგი ხუროშვილის განცხადებით, საპენსიო სისტემის ცვლილებების დამტკიცება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

ამჟამად საქართველოში 800 ათასზე მეტი პენსიონერია, მათი პენსიის გასაცემად კი ბიუჯეტი 853 მილიონ ლარს ხარჯავს. ამას ემატება სხვადასხვა სახის სოციალური პროგრამების ფინანსები. ასე რომ, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 1,5 მილიარდი ლარი გადის. ექსპერტების განცხადებით, ყველა ქვეყნის საპენსიო ხარჯები - მათ შორის, საქართველოსიც - ზრდის ტენდენციით ხასიათდება და ეს სერიოზულ პრობლემებს უქმნის საბიუჯეტო სტაბილურობას. შესაბამისად, მთავრობები ეძებენ გამოსავალს, რაც, თავის მხრივ, სოციალური მღელვარების მიზეზს წარმოადგენს. თვალსაჩინოებისთვის გამოდგება საპროტესტო აქციების ტალღა, რომელმაც ჯერ საბერძნეთს, შემდეგ კი საფრანგეთს გადაუარა.

ასეთი პროტესტების მიზეზი საპენსიო სისტემის ეგრეთ წოდებული ”სოლიდარული” პრინციპი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პენსიონერთა პენსია დასაქმებული მოქალაქეებისგან ამოღებული თანხებით ფინანსდება. ბოლო დროს კი საპენსიო ასაკის მოქალაქეთა რაოდენობა იზრდება და დასაქმებულთა რაოდენობა ვეღარ ახერხებს მზარდი საგადასახადო წნეხის გამკლავებას.

ექსპერტების აზრით, ეს პრობლემა უკვე დგას საქართველოს ბიუჯეტის წინაშე, რადგან პენსიების თუნდაც საარსებო მინიმუმთან გათანაბრება თითქმის ორჯერ მეტ საბიუჯეტო სახსრებს მოითხოვს. ასევე, საქართველოში ევროპასთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია მთლიან შიდა პროდუქტის მაჩვენებელთან საპენსო ხარჯების შეფარდება და მზარდია საპენსიო ასაკის მოსახლეობის რიცხვიც. საპენსიო სისტემის პრობლემებზე ეკონომიკის ექსპერტი რეზო საყევარიშვილი საუბრობს:

„ის ადამიანური რესურსი და ის შრომითი რესურსი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო გადასახდელების მობილიზაცია იმისათვის, რომ ქვეყანამ მოახერხოს თავისი საპენსიო ვალდებულებების რეალიზაცია, საქართველოში, სამწუხაროდ, არის კლებადი.“

რეზო საყევარიშვილი, ისევე როგორც საპენსიო სფეროს საკითხებზე მომუშავე სხვა ექსპერტები, ამბობს, რომ აუცილებელია საქართველოში განხორციელდეს ფართო რეფორმა, რომელიც ძირფესვიანად შეცვლის არსებულ სისტემას. რეკომენდაციები მრავალფეროვანია. მათ შორისაა კერძო დაგროვებითი სისტემის სტიმულირება, შერეული მოდელი და სხვა.

ეკონომიკის კიდევ ერთი ექსპერტის, გია ჯანდიერის, აზრით, საჭიროა ხელისუფლებამ საპენსიო სისტემის რეფორმა დროულად განახორციელოს, რათა არ დაგროვდეს ისეთი საპენსიო ვალდებულებები, რომელთა გასტუმრება მომავალში ნებისმიერ მთავრობას გაუჭირდება:

„ჩვენ გვაქვს ყველაზე კარგი პოზიცია იმისთვის, რომ ყველაზე კარგი მოდელი შევქმნათ.“

მიუხედავად ასეთი რეკომენდაციებისა, საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით ფართომასშტაბიანი საპენსიო რეფორმისგან თავს იკავებს და რეფორმას მხოლოდ სოციალურ დახმარებათა სისტემის ოპტიმიზაციას უწოდებს.
XS
SM
MD
LG