Accessibility links

ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით საქართველოში ადამიანის უფლებათა კვირეული დაიწყო. კვირეულის ფარგლებში ნაჩვენები იქნება არაერთი დოკუმენტური ფილმი ადამიანის უფლებებსა და მისწრაფებებზე, დააღწიონ თავი ძალადობას. გარდა ამისა, გაიმართება დისკუსიები, რომელშიც, როგორც კვირეულის ორგანიზატორები აცხადებენ, აქტიურად იქნებიან ჩართულნი ახალგაზრდები. წლევანდელი კვირეულის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ მომავალ თაობაში ადამიანის უფლებების სხვადასხვა სფეროში ცნობიერების ამაღლებაა.

ეს არის კიდე ერთი რიგითი ამბავი იმისა, თუ როგორ ცდილობენ ადამიანები თავი დააღწიონ ძალადობას, იპოვონ სიმართლე, მონახონ გზა, რომელიც მათ თავისუფლებამდე მიიყვანს და, ერთიც - დაძლიონ შიში.

ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით საქართველოში ადამიანის უფლებათა კვირეულის გამართვის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს არის. ჩვენ არ გვინდოდა ჩაგვეტარებინა ისეთი ღონისძიება, რომელსაც ხალხი დაესწრებოდა, ერთ საათში დაიშლებოდა და მერე ყველაფერი დაავიწყდებოდათ, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენელი ნინო ღვედაშვილი:

“ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს ყოფილიყო კვირეული და არა ერთი დღე, რომელიც შეეხებოდა ადამიანის უფლებათა სხვადასხვა თემას, რადგან თვითონ სახლშიც გაწევრიანებულნი არიან სხვადასხვა თემაზე მომუშავე ორგანიზაციები”.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, ადამიანის უფლებათა ცენტრი, წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, კავშირი „საფარი“ და ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის კავკასიური ცენტრი - ეს ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც, კვირეულის ფარგლებში, საზოგადოებას ადამიანის უფლებათა სხვადასხვა სფეროში მიმდინარე პროცესებს გააცნობს, მათ შორის არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, არასრულწლოვანი პატიმრები, ქალთა უფლებები...

”დედაჩემი რომ მოკვდა, ისეთ სიცარიელე იყო... მე პატარა ვიყავი, 13 წლის, არც ვიცოდი, რას რა ერქვა. მერე ნაწყენი ვიყავი მამაჩემზე, დედაჩემს ასე რომ მოექცა. კარგად მახსოვს, სკოლიდან რომ მოვედი, დედა სამსახურში მეგონა და ბაბუას შევძახე, ბაბუ, მშია-მეთქი. ის გამოვიდა და მკითხა, დედა ნახეო? ჩანთა გამივარდა ხელიდან. დედა შუშაბანდში იწვა. ისე იყო ნაცემი, ფეხზე ვერ დგებოდა...”

ეს არის ნაწყვეტი დოკუმენტური ფილმიდან ”შინ და უკან”, რომელიც კავშირმა ”საფარი” ქალთა უფლებებს მიუძღვნა. ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, ამ ფილმს საზოგადოება მომავალ კვირაში ნახავს. ძალიან მარტივად თუ ვიკითხავთ, რას იძლევა მსგავსი ტიპის კვირეულები, ან რისი შეცვლა შეუძლია თარიღების აღნიშვნას, ”საფარის” თავმჯდომარე, ნატალია ზაზაშვილი, გვიპასუხებს:

”მე ვფიქრობ, რომ ერთი ადამიანით მეტმაც რომ გაიგოს იმის შესახებ, რომ ასეთი ფაქტები ხდება, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. თავად ძალადობის მსხვერპლ ქალებს კი მსგავსი აქტივობები მორალურად აძლიერებს, მე ეს მათგან ვიცი”.

კიდევ ერთი ფილმი, რომელსაც მომავალ კვირაში საზოგადოება იხილავს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ეძღვნება. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი რადიო თავისუფლებასთან საზოგადოებისათვის ფილმის ჩვენების მიზანზე საუბრობს:

”ფილმის მიზანია, დაანახვოს საზოგადოებას მსოფლიოში მომხდარი ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევები შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში; აჩვენოს, თუ როგორ მოქმედებს შეიარაღებული კონფლიქტი საზოგადოებაზე და რამდენად საერთოა სხვადასხვა ხალხსა და კულტურაში ადამიანების მისწრაფება იმისკენ, რომ დადგინდეს სიმართლე, რა მოხდა კონფლიქტის დროს, ვინ დამნაშავე იყო და ვინ მსხვერპლი”.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი როლის შესრულება სწორედ ახალ თაობას, ახალგაზრდობას შეუძლია. სწორედ ამიტომ ჩვენი სამიზნე ჯგუფები არიან არა პოლიტიკოსები, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ სტუდენტები”, - ამბობს ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენელი ნინო ღვედაშვილი.

ლუკა ჩემია საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია. ის აქტიურად არის ჩართული კვირეულის ორგანიზებაში. მე ვცდილობ, ჩემი თანატოლები ადამიანის უფლებებით დავაინტერესოო, ამბობს ლუკა:

”გული შემტკივა იმ ბავშვებსა და ქალებზე, რომელთა უფლებებიც ირღვევა და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი მეგობრებიც დაინტერესდებიან ამ პრობლემით”.

ადამიანის უფლებათა კვირეული, ანუ ჩვენი - თითოეული ჩვენგანის - უფლებების შვიდი დღე 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს, დასრულდება.
XS
SM
MD
LG