Accessibility links

logo-print

ტრანსპორტის ფასი გაიზარდა - მგზავრები კი დისკომფორტს უჩივიან


დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ახალი - 50 თეთრიანი - ტარიფი ამოქმედდა. მგზავრობის ფასი არ გაზრდილა სოციალურად დაუცველი მოქალაქებისა და სტუდენტებისათვის: ისინი კვლავ 20 თეთრს იხდიან. ავტობუსების მგზავრების უმრავლესობა მგზავრობის საფასურის ზრდაზე უფრო მეტად ავტობუსების ნაკლებობას, გაზრდილი ინტერვალების გამო ხანგრძლივ ლოდინს და ტრანსპორტში ხალხმრავლობას უჩივის.

ავტობუსის გაჩერება ფილარმონიასთან. ხალხით გატენილ ავტობუსში კონტროლიორი ცდილობს ავიდეს, მგზავრები კი უკმაყოფილონი არიან იმით, რომ ავტობუსში მოთავსებულ ბილეთების ყუთთან მისვლა შეუძლებელია, რის გამოც ბილეთს ვერ იღებენ:

”მოდი, აი, აიღე ბილეთი, თუ შეძლებ! მე შენ გიჩივლებ, იცოდე! იმას რატო არ ამოწმებ, რამდენი აქვს ინტერვალი ამ ავტობუსს, ასე გატენილი როა?
- მიდი, იყვირე, იყვირე!..
- რა ვიყვირო! მარტო ბილეთის აღება კი არ არის საქმე, უზრდელო შენა!.. ”

”ბილეთის აღების პრობლემა ყველას აწუხებს. ჯერ ერთი, ავტობუსში არის ძალიან ბევრი ხალხი; მერე კიდე, მგზავრობა არის გაძვირებული, მეტრომაც მოიმატა და 50 თეთრი გახდა, ძალიან რთული პირობებია. ქვეყანაში, სადაც არ არის სამუშაო ადგილები, ადამიანებს გაუსაძლისი პირობები აქვთ...”

გადაჭედილი ტრანსპორტით მგზავრობის გარდა, ხალხი იმის გამოცაა უკმაყოფილო, რომ ავტობუსებს შორის ინტერვალი გაიზარდა. 1 ნოემბრიდან თბილისში ავტობუსების ხაზების რაოდენობა 125-დან 92-მდე შემცირდა. ამასთანავე, დამოკლდა რამდენიმე მარშრუტი, რამაც იმ მგზავრებს, რომლებიც გრძელ მანძილზე გადაადგილდებიან, დამატებითი პრობლემები შეუქმნა: გაიზარდა ლოდინის დრო, ასევე მგზავრებს ზოგჯერ რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ დანიშნულების ადგილზე მისასვლელად, რაც დამატებით თანხებთანაცაა დაკავშირებული:

”აი, აქედან სამსახურში მივდივარ და ჩემთვის უკვე მეექვსე ტრანსპორტია. ბილეთი გადავაგდე უკვე, თორე გაჩვენებდით კიდეც, დღის პირველ საათამდე უკვე 6 ტრანსპორტი გამოვიცვალე.”

”კლებადი კი არის ფასი, მაგრამ მაინც ჩვენს ჯიბეს ძალიან შეეტყო ფასის ზრდა ...
”სამი ტრანსპორტი უნდა გამოვიცვალო, სამსახურში რომ მივიდე. 85 წლის ვარ. უფასო კი მაქვს მგზავრობა, მაგრამ სამი ტრანსპორტის გამოცვლა მიწევს. რა არის ეს? ვინც იხდის, იმას ლარი და 50 თეთრის გადახდა უწევს - ეს რა არის?! პარლამენტში სხედან, თითქოს ვინმეს რამეს უკეთებენ. მინისტრები არიან დამნაშავე, თვითონ იმგზავრონ და ნახავენ... სამი ტრანსპორტის გამოცვლა მიწევს, სამის! რა არის ეს?!”

მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასდაკლების პრინციპის მიხედვით, ისინი, ვინც მგზავრობის საფასურს სპეციალური ბარათით იხდის, მეორე მგზავრობაში 30 თეთრს, მესამეში კი 20 თეთრს გადაიხდის, ბარათის არმქონე პირები კი მუნიციპალური ტრანსპორტით ნებისმიერი რაოდენობით მგზავრობაში 50 თეთრს გადაიხდიან.

”კლებადი კი არის ფასი, მაგრამ მაინც ჩვენს ჯიბეს ძალიან შეეტყო ფასის ზრდა.”

ფასის ზრდის მიუხედავად, მეტროში ხალხის რაოდენობა მაინც არ შემცირებულაო, ამბობს კონტროლიორი მარიამ ელოშვილი:

საშინელებაა, გადაჭედილია აქაურობა, წესიერად ვერც ვსუნთქავთ ...
”მე მეგონა, რომ ხალხის რაოდენობა შემცირდებოდა, მაგრამ ნამდვილად არ არის ხალხის ნაკლებობა და არც არავის გამოუთქვამს პრეტენზია ფასის მომატებასთან დაკავშირებით.”

მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის დროს, ჩვენი რეპორტაჟის მომზადებისას, უხეში დათვლით, შეიძლება ითქვას, მგზავრთა დაახლოებით 70 პროცენტი შეღავათებით მოსარგებლეები იყვნენ, ანუ ისინი, ვინც მგზავრობისთვის 20 თეთრს იხდის, ანუ სტუდენტები და სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლები. დანარჩენი მგზავრები კი 10 თეთრით გაზრდილ ტარიფზე მეტად მუნიციპალურ ტრანსპორტში არსებულ დისკომფორტზე ლაპარაკობდნენ:

”საშინელებაა, გადაჭედილია აქაურობა, წესიერად ვერც ვსუნთქავთ...”

”ძლივს ამოვედი ავტობუსში, სავსე იყო და კინაღამ დავრჩი. ვფიქრობდი ავსულიყავი თუ არა. მე პენსიონერი ვარ და არ შემეხო ფასის ზრდა, მაგრამ ვისაც შეეხო, იმისთვის რთულია ძალიან.”
XS
SM
MD
LG