Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითი უფლებადამცველების წინააღმდეგ


ცხინვალი
ცხინვალი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ამას წინათ ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გამოვიდა და უფლებადამცველების კრიტიკა დაიწყო. კოკოითის აზრით, ჩრდილო ოსეთში მცხოვრებ უფლებადამცველებს არა აქვთ უფლება ცხოვრება ასწავლონ სამხრეთელ ოსებს. მას ყველაზე მეტად რუსლან მაყაევი არ მოსწონს, რომელიც აქტიურად იბრძოდა ცხინვალში დაკავებული უფლებადამცველის, ფატიმა მარგიევას, გასათავისუფლებლად და კოკოითის მუდმივად აკრიტიკებდა ადამიანის უფლებების შელახვისთვის. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის აზრით, უფლებადამცველები, რომლებიც სხვადასხვა ფონდების მიერ ფინანსდებიან, მხოლოდ უარყოფით მოვლენებს ამჩნევენ და ქურდებისა და ნარკომანების დამცველებად გამოდიან.

„როცა ნარკომანებს იჭერენ, პრეზიდენტია დამნაშავე. როცა კეთილმოწყობისთვის გამოყოფილ ფულს ფლანგავენ, მაშინაც პრეზიდენტია დამნაშავე. ყველა უცბად უფლებადამცველი ხდება. ეს ბუმბერაზი ეგრეთ წოდებული მაყაევისნაირი უფლებადამცველები ჯერ იმისთვის გვაკრიტიკებენ, რომ მშენებლობა არ მიმდინარეობს. ვიჭერთ ხალხს და მაშინვე ისინი დამცველებად უდგებიან ხალხს, ვინც ფულს იპარავდა და ბინძურ საქმეებს აკეთებდა. ამ ხალხს მორალური უფლება არა აქვს სამხრეთ ოსეთზე ილაპარაკოს. ცხოვრობ მანდ, ჩრდილოეთ ოსეთში, და უვლი რაღაც ღორების ფერმას, მიხედე შენს საქმეს და აქ ნუ გვასწავლი როგორ ვიცხოვროთ“, – განაცხადა ედუარდ კოკოითიმ

ოსი უფლებადამცველი რუსლან მაყაევი დიდი ხანია დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციის დიდი მასშტაბების, არასამართლიანი არჩევნებისა და უკანონო პატიმრების გამო აკრიტიკებს. მისი სტატიები ხშირად იბეჭდება როგორც რუსულ, ისე ჩრდილოოსურ პრესაში. რუსლან მაყაევი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ კოკოითის უფლებადამცველები არ სჭირდება, რადგან მათ გარეშე თავს კომფორტულად გრძნობს. მისი თქმით, მას ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება უნდა რიგითი ოსების სიღარიბის ფონზე:

„სამხრეთ ოსეთის ციხეში მე ვიცი ორი ადამიანი, რომლებიც პატიმრები კი არა, მძევლები არიან ისე, როგორც ეს ჩეჩნეთში და თალიბების დროს ავღანეთის ციხეებში ხდებოდა, როცა ადამიანები, უბრალოდ, მძევლები იყვნენ გასაცვლელად ან მატერიალური სარგებლისთვის. უფლებადამცველები, რა თქმა უნდა, მას (კოკოითის) არ სჭირდება, ისევე როგორც არ სჭირდება, მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლო და სამართლიანი არჩევნები - არც საპარლამენტო და არც საპრეზიდენტო. მას არ უნდა ასობით ათასი დევნილის გახსენება სამხრეთ ოსეთიდან და საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან. ისინი ისევე ზარალდებიან რუსეთის ტერიტორიაზე, როგორც ზარალდებოდნენ საქართველოში. განსაკუთრებით ჩრდილო ოსეთში მათ ომონის ხელჯოხები ხვდებათ. მას იქ უამრავი უმუშევარი ჰყავს. მათი დასაქმებისთვის ფინანსები არ არსებობს. რა თქმა უნდა, მას ბედნიერი ცხოვრება უნდა და არ უნდა კანონი“, – ასე უპასუხებს კოკოითის ბრალდებას რუსლან მაყაევი.

რუსლან მაყაევი კოკოითის კრიტიკას მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევს და აცხადებს, რომ უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს. სწორედ მაყაევის და სხვა რუსი უფლებადამცველების დამსახურებაა, რომ რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ ცხინვალის ციხიდან ოსი უფლებადამცველი ფატიმა მარგიევა გაათავისუფლეს. მარგიევა იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით იყო დაკავებული, უფლებადამცველები კი მას განსხვავებული მოსაზრებების გამო პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევდნენ. მოსკოვში ატეხილი დიდი ხმაურის შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავები იძულებულნი გახდნენ მარგიევა სასამართლო დარბაზიდან გაეთავისუფლებინათ.
XS
SM
MD
LG