Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას დღეს სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი გამოეხმაურნენ


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ჯერ ევროპარლამენტში, შემდეგ კი, ეუთოს სამიტზე გამოთქმულ ვალდებულებას, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საქართველო ძალას არასდროს გამოიყენებს, დღეს განცხადებებით გამოეხმაურნენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების პრეზიდენტები. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გავრცელებული, თუმცა, პრაქტიკულად იდენტური შინაარსის განცხადებების თანახმად, საქართველომ წერილობით უნდა დაადასტუროს ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად განმტკიცებული ვალდებულება. სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი ასევე აღნიშნავენ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებენ და მხოლოდ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული თავდაცვის უფლებით ისარგებლებენ. დე ფაქტო პრეზიდენტების მიერ დღეს გავრცელებულ ორივე განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების გარანტი მათი სტრატეგიული მოკავშირე - რუსეთია.
XS
SM
MD
LG