Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას


ევროკავშირმა დღეს მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. ამის შესახექბ დღეს განაცხადა ევროკავშირის პრესმდივანმა. მისივე თქმით, ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში კარელ დე გუხტმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ელვირა ნაბიულინამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს დღეს ბრიუსელში ევროკავშირის და რუსეთის სამიტის დაწყებამდე. რუსეთი 17 წელია აწარმოებს მოლაპარაკებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესვლაზე და ბოლო დიდი სახელმწიფოა, რომელიც მასში ჯერაც არ გაწევრიანებულა. ევროკავშირი რუსეთის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. კრემლის განცხადებით, მიზანია 2011 წელს გაწევრიანება ორგანიზაციაში, რომელსაც ამჟამად 153 წევრი ჰყავს. მაგრამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას კვლავინდებურად ეწინააღმდეგება საქართველო. როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა, ნიკო მჭედლიშვილმა განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში, საქართველოს ამ საკითხში პოზიცია არ შეუცვლია და ისევ მოითხოვს საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზებას მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან, ანუ, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, რადგან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებით, მის ნებისმიერ ორ წევრს შორის საზღვარზე საქონლის მიმოსვლა გამჭვირვალე და ლეგაზლიზებული უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG