Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შსს-მ გახსნილად გამოაცხადა სექტემბერ-ნოემბერში მომხდარი ტერაქტები


საქართველოს შსს-მ გახსნილად გამოაცხადა, სექტემბერ-ნოემბერში მომხდარი ტერაქტები და დამკვეთად რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცერი ევგენი ბორისოვი დაასახელა. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე შს-თა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ განაცხადა, რომ სექტემბერში აშშ-ის საელჩოს მახლობლად, ოქტომბერში თბილისის რკინიგზის სადგურთან და ხობის რაიონში სარკინიგზო ხიდზე, ნოემბრის ბოლოს კი, დედაქალაქში, ჯავახიშვილის ქუჩაზე და მუხიანის დასახლებაში მომხდარი აფეთქებების გამო, სამართალდამცავებმა 4 დეკემბერს დააკავეს უშუალო შემსრულებლად მიჩნეული გოგიტა არქანია და მისი 5 თანამზრახველი. ზღულაძის ცნობით, აღმოჩენილია გამოსაყენებლად გამზადებული 13 ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელთაგან 4 დამატებით იყო აღჭურვილი მსხვერპლის რაოდენობის გასაზრდელად. შსს-ს ინფორმაციით, გალის რაიონის მკვიდრის გოგიტა არქანიას ჩვენების თანახმად, მისი ოჯახის წევრებისადმი მუქარით, დავალების შესრულება მოსთხოვა და ასაფეთქებელი მოწყობილობები და ანაზღაურება გადასცა ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფი რუსული შეიარაღებული ძალების ოფიცერმა ევგენი ბორისოვმა. ეკა ზღულაძის განცხადებით, დადგენილია, რომ ყოველი აფეთქების წინ და შემდეგ, ბორისოვს ტელეფონით, ან უშუალოდ ატყობინებდნენ ოპერაციის მომზადებას და შესრულებას, ტელეფონის შესაბამისი ნომერი კი, რეგისტრირებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახელზე. შსს-ს ცნობითვე, ტერაქტების გამო იძებნება 2 ეჭვმიტანილი, რომლებიც ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებიან. ეკა ზღულაძის განცხადებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სამინისტრო მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ მხარესთან და იმედი აქვს, რომ რუსეთის შესაბამისი სამსახურების კონსტრუქციული დამოკიდებულების შემთხვევაში შეძლებს სხვა მონაწილეებისა და მოწმეების დაკითხვას.
XS
SM
MD
LG