Accessibility links

logo-print
იქით “ვიკილიკსი” აზანზარებს სისტემებს, აქეთ, ანუ რუსეთში, ინტერნეტი, სულ მცირე, გამოძიებას აიძულებს ერთი ადგილი გაანძრიოს და საქმეში ჩაერთოს. “ერთი ადგილის განძრევისკენ მოწოდება” იქნება სწორი სახელწოდება სტატიისა, რომელიც “იზვესტიაში” გამოჩნდა და სადაც ეს - ერთი შეხედვით, მარტივი - სცენა გათამაშდა: გზაზე მოძრაობისას ერთ-ერთმა მოქალაქემ გზა ვერ დაუთმო უკან მომავალ “ბე ემ ვეს” მარკის ავტომობილს, რომელსაც ციმციმაჩართული “ჯიპი” მოჰყვებოდა. ამის შედეგად, მძღოლს დაკუნთულმა ადამიანებმა გზა გადაუკეტეს, ფანჯარა ჩაუმსხვრიეს, სათვალე მოაძრეს და დაუმტვრიეს. მარტივი ამბავია: საქმე ბუნებრივად ხვდება მილიციაში, რომელიც, სტატიის მიხედვით, ექვსი დღის განმავლობაში არაფერს აკეთებს. ყველა კარგად იქნებოდა, რომ არა ერთი მარტივი დეტალი: დაზარალებული მოქალაქე ბლოგერი აღმოჩნდა და, როგორც “იზვესტია” წერს, ეს ამბავი თავის ბლოგზე აღწერა. ბლოგერებმა ერთ საათში გაარკვიეს ის, რასაც პოლიცია ექვსი დღე არკვევდა. კერძოდ, “ჯიპში” და “ბე ემ ვეს” მარკის ავტომობილში ერთ-ერთი ადგილობრივი ცნობილი ბიზნესმენი და მისი დაცვა მსხდარა. სოციალურ ქსელებში ატეხილი ხმაური რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ რაშიდ ნურგალიევამდე მისულა, რომელსაც პირადად დაუვალებია მოსკოვის მილიციის უფროსისთვის საკითხი შეესწავლა. თავდამსხმელებზე ძებნა გამოცხადებულა. ესეც - ინტერნეტჩართულობის მაგალითი!..

საინტერესო მონაცემები “ვედომოსტისგან”: გაზეთის ინტერნეტვერსია აქვეყნებს ინფორმაციას რუსეთის მმართველთა ინტერნეტმისაწვდომობაზე. გამოქვეყნებულია ოთხმოცდაათამდე ჩინოვნიკის - მათ შორის, პრეზიდენტ მედვედევის - გვარი, რომელთა გასწვრივ გრაფებში ვხედავთ, თუ რა სახის სოციალურ ქსელებს იყენებენ თანამდებობის პირები. ბლოგი ოთხმოცდაათიდან 30 ჩინოვნიკს - მათ შორის, მედვედევს - აქვს. თხუთმეტს - მათ შორის, მედვედევს - ტვიტერის ექაუნთი აქვს, ფეისბუკის ექაუნთი კი აქვს მხოლოდ ორს. ამ ორში მედვედევი არაა. რაც მთავარია, გაზეთი გვთავაზობს ჩინოვნიკთა ინტერნეტგვერდების ბმულებს. ანუ ერთი დაწკაპუნება და ამა თუ იმ ჩინოვნიკის პირად ვებგვერდზე ხართ. იქ რას ნახავთ და რამდენად ნიშნავს ეს რამეს, მეორე თემაა, რომელზეც, ალბათ, პრესა მოგვიანებით დაწერს.

ღიაობისა და გამჭვირვალობის ტენდენციებზე თვალის დევნების პროცესში ინტერესს იწვევს გამოძიება, რომლის შედეგებსაც “ნოვაია გაზეტა” აქვეყნებს. სტატიის მიხედვით, მილიონებად შეფასებულ ტენდერებში, რომლებსაც რუსეთის ძალოვანი სტრუქტურები ატარებენ, მუდმივად ერთი და იგივე კომპანიები იმარჯვებენ, რომელთა უკან ეროვნებით ქართველი ადამიანები დგანან, მათ შორის, მოსკოვში ცნობილი რესტორნის, ‘ხვანჭკარას’, მეპატრონე, რომლის სურათიც, ჩოხებით და ყანწებით გაფორმებული, “ნოვაია გაზეტას” საგამოძიებო სტატიაშია ჩაწებებული. ”ნოვაიას” ინფორმაციით, ასობით მსგავსი კომპანია, რომელთა შემოსავალი ასობით მილიონი უნდა იყოს, 71 წლის პენსიონერ ქალზეა დარეგისტრირებული. გაზეთი აღნიშნავს, რომ ვერ მოხერხდა გარკვეულიყო ვინ იდგა ამ სქემების უკან თავად ძალოვან სტრუქტურებში. ასეა თუ ისე, დღესდღეობით ამ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს. ალბათ, უნდა დავძინოთ, რომ, იმავე “ვედომოსტის” შედარებით ძველი მონაცემებით, რუსეთში სახელმწიფო შესყიდვებისას წლიურად ბიუჯეტის ერთ მერვედს იპარავენ.

დაბოლოს, ისევ გამჭვირვალობა და ტენდენციები, ჯულიან ასანჟისეული. უფრო სწორად, რუსულ ინტერნეტსივრცეშიც არიან “ვიკილიკსის” იდეით შეპყრობილი ბლოგერები, რომლებიც სხვადასხვა სახის ინფორმაციას აგროვებენ და აქვეყნებენ. ეს ინფორმაცია, ძირითადად, ეხება კორუფციას, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, მილიარდობით დოლარს აღწევს. “ვედომოსტის” ავტორი ევგენია პისმენნაია ამ თემაზე წერის დროს შენიშნავს, რომ ზოგიერთი თეორიის თანახმად, ეკონომიკური ზრდის კუთხით, სისტემათა არსებობის გარკვეულ ეტაპზე კორუფცია საპოხის ფუნქციას ასრულებს მორღვეული ბიუროკრატიის ჩამოქცევისგან დაცვის საქმეში. დეტალებს აღარ შევეხები, სტატიის წაკითხვა თავად შეგიძლიათ. დავძენ მხოლოდ, რომ ავტორის აზრით, ეს არგუმენტი დღევანდელი რუსეთის პირობებში მცდარია. ავტორს კონკრეტული კალკულაცია მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, კორუფციის დონის კლება კონკრეტული ეკონომიკური ზრდის პირობა გახდება. ამის წახალისებას კი, ავტორის რწმენით, ის ათეულობით ბლოგერი შეძლებს, ვინც ამ თემაზე არსებულ მასალებს საზოგადოებისთვის ღიას ხდის და მოქალაქეებს დააფიქრებს იმ კონკრეტულ ფინანსურ დანაკარგზე, რომელსაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, კორუფციული სისტემის გამო თითოეული მათგანი განიცდის.
XS
SM
MD
LG