Accessibility links

logo-print
28 ნოემბერი, კვირა
ადრე დაძინება არ შემიძლია. ამიტომ დილითაც, უთენია, არ მეღვიძება. მაგრამ დღეს ადრე ადგომა მომიწია. მთელი ცხოვრება ტყეში მაქვს გატარებული და დიდხანს არ შემიძლია ქალაქში ყოფნა. ჯერ კიდევ გუშინ გადავწყვიტე, რომ ბორჯომში წავალ.

ბორჯომი განსაკუთრებით მიყვარს. მთელი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული. ზამთარი იყო თუ ზაფხული, ბორჯომის ხეობაში დავდიოდით. ადრეულ ბავშვობაში ჩემმა მშობლებმა ტაშისკარში დაიქირავეს ბინა და მერე, წლების განმავლობაში, სულ იმ სახლში ჩავდიოდით. არაჩვეულებრივი ხალხი იყო ჩვენი მასპინძლები - ჟორა და ტასო ლომსაძეები! დღესაც დიდი სითბოთი ვიხსენებ ამ სახლს და ამ ოჯახს. ბოლოს ნათესავებივით გავხდით და ტაშისკარში უკვე ისე ჩავდიოდით, როგორც საკუთარ სახლში.

ჟორას და ტასოს ჰყავდათ კავკასიური ნაგაზი, სახელად დუნაი. ეს ჩემი პირველი გამოცდილება იყო ჭკვიან ძაღლთან ურთიერთობისა. ტასოს მშობლები სოფელ ბულბულისციხეში ცხოვრობდნენ, მისი ძმა კი - ხაშურში. ჰოდა, ამ დუნაის მიაბამდნენ ხოლმე საყელოზე წერილს და ეტყოდნენ: „ახლა წახვალ ხაშურში... ან ბულბულისციხეში.“ და ეს დუნაიც, კარგი ფოსტალიონივით, გარბოდა ხაშურში ან ბულბულისციხეში და იქიდან პასუხიც მოჰქონდა. თუ ბულბულისციხეში მიდიოდა, სამი სოფელი უნდა გაევლო. ბრუნდებოდა დაგლეჯილი, ძაღლებთან ნაჩხუბარი, მაგრამ ერთგულად ასრულებდა დავალებას.

და კიდევ, ბორჯომი იმიტომ მიყვარს, რომ ორი წელიწადი ვცხოვრობდი ბორჯომის ტყეებში. ეს ის დრო იყო, მგლები რომ მივიჩვიე...

მოკლედ, დილაადრიან დავტოვე თბილისი და ბორჯომში ჩავედი. ბორჯომპარკში გავედი სასეირნოდ. შემოვიარე ყველა ის ადგილი, სადაც მე და მამაჩემი დავსეირნობდით და სადაც, ადრეულ ბავშვობაში, ერთად გადაგვიღია სურათები.

ბორჯომპარკში იაპონური ნეკერჩხალი დგას. შემოდგომაზე წითლდება, მუქი ნარინჯისფერი ხდება და შემორჩენილ ფოთლებში ნამდვილი ცეცხლი გიზგიზებს. საოცარი სილამაზის არის შემოდგომობით!

როცა შესაძლებლობა მაქვს, ყოველთვის ვცდილობ, გავიდე ქალაქიდან და იქ წავიდე, სადაც ოდესმე ვყოფილვარ. ეს მიახლებს მოგონებებს და წერას მიადვილებს. როცა ძველ ადგილებს ვუბრუნდები, ძველი ამბების ვიზუალიზება ხდება და ეს, ალბათ, უფრო მეტი სიმართლეა, ვიდრე როცა რაღაცას იხსენებ და გონებით წერ.

ახლა მგლებზე ვწერ: როგორ დაიწყო მთელი ეს ამბავი, როგორ მივიჩვიე მგლები, რანი არიან, როგორ იზრდებიან, როგორი ერთგულები არიან, და რა თქმა უნდა, კიდევ ორი რამ: როგორ გადამარჩინეს თავის დროზე ამ ველურმა მგლებმა და რა დონის აზროვნება აქვთ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

მოსაღამოვდა. თბილისში ვბრუნდები.

29 ნოემბერი, ორშაბათი
დღეს სახლში ვარ. წიგნზე ვმუშაობ. ორშაბათი მაინც მძიმე დღე გამოდგა. მძიმე თემაზე მომიხდა წერა – პარნასზე ვწერდი...

ეს ამბავი კი ასე იყო: შემატყობინეს რომ თბილისში ერთ ოჯახს ჰყავს ბრწყინვალე სენბერნარი, რომელიც თავშესაფარში უნდა ჩააბარონ დასაძინებლად. პატრონი ჯარში წასულა და ძაღლს ვეღარავინ უმკლავდებოდა. წარმოუდგენლად აგრესიული ძაღლი იყო. მთხოვეს, იქნებ რამე მოუხერხო, ცოდოა მოსაკლავადო.

მივედი, ვნახე - უზარმაზარი ძაღლი იყო! 105 კილოს იწონიდა. ამოდენა ძაღლი, წმინდა ბერნარის ეკლესიაშიც არ მინახავს, შვეიცარიაში.

გამოკეტილი ჰყავდათ ოთახში, რომელსაც კარი მოხსნილი ჰქონდა და მის მაგივრად გისოსები დაემაგრებინათ. იტალიური ეზო იყო და როცა ძაღლი მოსასაქმებლად გამო ეზოში უნდა გაეყვანათ, მეზობლები იხიზნებოდნენ. კარს გაუღებდნენ და გამოუშვებდნენ ძაღლს, მერე პატრონი ოთახში საჭმელს შეუტანდა და გამოიქცეოდა, ძაღლი საჭმელად ოთახში შევარდებოდა და პატრონიც მაშინვე კეტავდა რკინის გისოსებს. მოკლედ, გლეჯდა ეს სენბერნარი ყველაფერს - პარნასი ერქვა.

როგორც კი დავინახე, საოცრად მომეწონა. პატრონს ვთხოვე, დღეს ნუ გაუშვებთ ეზოში, ხვალ დილით მოვალ და წავიყვან-მეთქი. მეორე დღეს რომ მივედი, ვხედავ, ძაღლი კანკალებს, ისე უჭირს. ვიცოდი, არ იკადრებდა სენბერნარი ოთახში მოსაქმებას. ისეთი გამწარებული იყო, ყურადღება არ მომაქცია. კარი რომ გავაღეთ, ეზოში გავარდა. მივედი და საბელი გავუკეთე. ასე შედგა ჩვენი ნაცნობობა. პარნასი ჩემი გახდა. და დაიწყო ჩვენი რთული დამეგობრება. ერთი პრობლემა მქონდა: დილის 6 საათისთვის უნდა გამეყვანა, სანამ ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა. ვინმეზე რომ გაეწია 105-კილოიან ძაღლს, როგორ დავიჭერდი?! ძალიან ყურადღებით ვიყავი, როგორც კი ძაღლს დავინახავდი, ზურგზე შემოვახტებოდი. ჩემიანად მისდევდა, მაგრამ ვეღარ ეწეოდა.

ერთხელაც, ქუჩაში ვართ. ძალიან ცუდი ამინდია. მეცხვარის ტყაპუჭი მაცვია, სვანური ქუდი წარბებზე მაქვს ჩამოფხატული და ეს ჩემი წვერი... საშინელი სანახავი ვიყავი, ალბათ! პარნასი გაზონზე თავის საქმეს აკეთებს. ჩაიცუცქა და ვხედავ, ვიღაც კაცი კურცჰარს ასეირნებს. მე ეს ტყაპუჭი გავიხადე და პარნასს თავზე შემოვახვიე, რომ ძაღლი არ დაენახა. პატრონს ვანიშნებ, ახლოს არ მოხვიდე-მეთქი. ის კაცი კი გაღიზიანდა - ვისი რა საქმეა, სად წავალო. კურცჰარი ისეთი ვინმეა, ეს ჩემი პარნასი არ გამოეპარა. მოკლედ, მოგვიახლოვდნენ.

პარნასმა ტყაპუჭიდან თავი გამოინთავისუფლა, ძაღლი დაინახა და დაუყეფა. ისეთი ხმა ჰქონდა, ახლო-მახლო შენობებში მინები ზანზარებდა! კურცჰარი ადგილზე გაშეშდა, პირიდან დუჟი წამოუვიდა. მე მოვასწარი და ზურგზე მოვაჯექი პარნასს. პატრონი მოვიდა და თავის ძაღლს ხელი წაჰკრა გამოსაფხიზლებლად. ეს ძაღლი კი, ასევე გაშეშებული და ფეხებგაფშეკილი გვერდზე გადავარდა. იქვე, ახლოს, ტროლეიბუსი გაჩერდა. წინა კარი გაიღო თუ არა, კურცჰარი წამოხტა და ტროლეიბუსში შევარდა. პატრონი უკანა კარიდან შეჰყვა. მგზავრებს ეს დუჟმორეული ძაღლი ცოფიანი ეგონათ, სკამებზე ახტნენ. პატრონი აწყნარებს, ვიღაც ქალი ჩხუბობს, და ვხედავ: პატრონს სილა გააწნა. და ამ დროს მესმის ამ კაცის ბღავილი: „აბა რა ვქნა, ამ ნადირებს შევაჭმევინო ჩემი ძაღლი?“ - ასე მრავლობითში თქვა - ჩემზე და პარნასზე. ავტობუსის ხალხმა გამოიხედა და რას ხედავენ? მე ზედ ვაზივარ პარნასს, ის კი ტროლეიბუსისკენ მიიწევს... და მესმის კივილი: „შოფერ, კარები დახურე!“ ტროლეიბუსი დაიძრა და მე დავრჩი ჩემს ძაღლზე ამხედრებული. „პარნას, აბა წინ!“ - შევძახე და გავაჭენე!

ექვს თვეში იდეალური ძაღლი გახდა პარნასი. ამ ხმამ პატრონამდე მიაღწია და ძაღლის დაბრუნება მოინდომა. ატყდა ერთი ამბავი! სამსახურიდან მაგდებდნენ, სასამართლოში მიჩივლეს. ვერაფრით ვამტკიცებდი, რომ ჩემი იყო. ბოლოს, წამართვეს. წაიყვანეს სანატორიუმ „ლიკანში“ და იქ დააბეს. რამდენიმე კვირაში მოკვდა დარდით.

30 ნოემბერი, სამშაბათი
სამშაბათი დღე იყო, როცა მგლებმა გადამარჩინეს. მგლებმა, რომლებიც ბორჯომის ნაკრძალში მივიჩვიე მათი ქცევის შესასწავლად. სანამ ჩემი მგლები მეყოლებოდა, მინდოდა მცოდნოდა, როგორ ცხოვრობენ გარეული მგლები.

მძიმე გამოდგა ეს დღე. დილით მგლებს დავყვებოდი სანადიროდ, რომ მენახა, როგორ ნადირობენ. იარაღი არ დამქონდა. 11 საათი დავრბოდით: ხან ძუნძული, ხან - გიჟური სპრინტი! ქანცგაწყვეტილი ვიყავი...

მგლების ოჯახის პერსონალურ ტერიტორიაზე არის ადგილი, სადაც მთელი ოჯახი იკრიბება. ამ ადგილამდე - „რანდევუ საიტამდე“ - კიდევ ოთხი კილომეტრია დარჩენილი. უცებ ვხედავ, უზარმაზარი ლოდი აგდია. რომ დავჯდე ვეღარ ავდგები, მაგრამ იმას კი ვახერხებ, მთელი დღის მზით გამთბარ ლოდს ზურგით მივეყუდო. ლამის კბილიდან ოფლი გამომდის... უცებ, ლოდის უკნიდან გამოდის დათვი და ყალყზე დგება. ჩემსა და მას შორის ერთი მეტრია. რომ მოინდომოს, თათით მომწვდება. რა დღეში ჩავვარდებოდი? დათვსაც შეეშინდა. ვდგავართ ასე და ვუყურებთ ერთმანეთს...

ისეთ დღეში ვიყავი, რომ დღესაც ვერ ვიხსენებ, ვბღაოდი თუ რას ვშვრებოდი. მახსოვს, ხელები მქონდა აწეული და რაღაც მოძრაობებს ვაკეთებდი. განწირული ვიყავი და უცებ ვხედავ: მგლებმა - ძუმ და ხვადმა - დათვს შეუტიეს და ქუსლზე უკბინეს. არადა, თუკი რამე შანსი აქვთ, მგლები დათვის ნაკვალევსაც კი ერიდებიან!

დათვი წავიდა და მაშინ მივხვდი, რომ ბევრი რამ, რითაც ადამიანი ამაყობს, ადამიანის მოგონილი არ არის. ამ შემთხვევაში - ალტრუიზმი.

გონს მოვედი და როცა სიარული შევძელი, გზა განვაგრძე, მივედი „რანდევუს“ ადგილზე. გავეხვიე ნაბადში და მიწაზე დავეგდე.

1 დეკემბერი, ოთხშაბათი
როცა ცხოველებზე და ადამიანებზე ვლაპარაკობ, თან მერიდება და თან ვგრძნობ, რომ არ შეიძლება, არ ვილაპარაკო. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ვერ ვიტან ადამიანებს, მაგრამ სინამდვილეში სულ პირიქითაა. უნდა უთხრა, ადამიანს რას სჩადის და რას აკეთებს; უთხრა, რომ მისი ძირითადი საქმიანობა იმ ტოტის ხერხვაა, რომელზეც ზის.

დილიდან ძველ ფოტოებს ვარჩევდი და წავაწყდი ჩემს გადაღებულ ფოტოს, რომელზეც ჩემი გია და ლალი ბადრიძეები არიან. ეს ფოტო, დაახლოებით 20 წლის წინ, ჯვარზე გადავიღე.

წარმოუდგენლად მომინდა იქ ასვლა. მერე, თითქმის მთელი დღე, პარაპეტზე ვიჯექი და მცხეთას ვუყურებდი.

2 დეკემბერი, ხუთშაბათი
ნენსი... დღეს ნენსის ვიხსენებ და ნენსიზე ვწერ.

ჩემს მეგობრებს პატარა პუდელი ჰყავდათ, რომელიც თავის დროზე რუსეთიდან ჩამოვუყვანე. მეცნიერები რატომღაც თვლიან, რომ ძაღლს არ შეუძლია ტელევიზორის ეკრანზე მიმდინარე მოვლენების აღქმა. ვისხედით და ვუყურებდით ძველ ამერიკულ ფილმს - „ჩემპიონს“. ამ პუდელ ნენსის ერთი სუსტი წერტილი ჰქონდა: ბავშვებზე გიჟდებოდა. ჰოდა, ვსხედვართ მე, ჩემი მეგობარი და ნენსი, და ვუყურებთ ტელევიზორს. ფილმში ერთი სცენაა, როდესაც მამა სილას აწნის თავის პატარა ვაჟს. მე არ ვიცი რამდენად ესმოდა ნენსის ამ ფილმის შინაარსი, მაგრამ ის, რაც მოხდა, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო: როცა მამამ შვილს სილა გააწნა, ნენსი ეცა ტელევიზორს და კინაღამ დალეწა.

არ ვიცი, რას ამბობს ამაზე მეცნიერება...

3 დეკემბერი, პარასკევი
დღეს კარგი დღეა. სკაიპით ველაპარაკე ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, რომელთაც, სამწუხაროდ, მხოლოდ სკაიპით ვხედავ. ჩემი ქალიშვილი ნინო ამერიკაში ცხოვრობს, სამი შვილი ჰყავს. ბავშვთა ფსიქოლოგია. გიორგი ლონდონშია თავისი ცოლ-შვილით - ტყუპი ბიჭებით. საქართველოს ელჩია დიდ ბრიტანეთში.

ამ ზაფხულს ორივე თბილისში იყო - და ხუთივე შვილიშვილი. გიორგის კიდევ უწევს ჩამოსვლა, ნინოს უფრო იშვიათად ვხედავ. უმცროს შვილიშვილს ამ ზაფხულამდე სკაიპით ვიცნობდი...

4 დეკემბერი, შაბათი
დღეს უპატრონო ძაღლების თაობაზე დამირეკა ახლობელმა. ამ ზარმა გამახსენა 20 წლის განმავლობაში დაუძლეველი პრობლემა.

საქართველოში ისტორიულად არ არსებობს ცხოველთან ურთიერთობის კულტურა. წლების განმავლობაში პრობლემა მოუგვარებალი რჩება - მიუხედავად იმისა, რომ, ოფიციალური სტატისტიკით, წელიწადში 11 ათასზე მეტ ძაღლს ხოცავენ, ძაღლების რიცხვი იზრდება. შარშან დავამთავრე უპატრონო ძაღლების აღრიცხვა თბილისში, გამოვიდა 25-30 ათასი.

იმიტომ რომ მას, ვინც ამ პრობლემით არის დაკავებული, პრინციპში, წარმოდგენა არ აქვს ეკოლოგიის კანონზომიერებაზე და ამდენი წლის განმავლობაში ვერ მიმხვდარა, რომ ამ მეთოდების გამოყენება არავითარ შედეგს არ მოიტანს. მაგრამ, მეორე მხრივ, ალბათ ხელს აძლევთ ეს ვითარება, რადგან ერთი ძაღლის მოსპობა 40 ლარამდე ჯდება.

ამ პრობლემის გადაწყვეტას პირი არ უჩანს. არაკომპეტენტურობა, სამწუხაროდ, ცხოვრების სტილი გახდა: მთავარი ის არის, ბევრი ილაპარაკო, გრაფიკები და რიცხვები შეადგინო, პრობლემას კი არაფერი შველის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG