Accessibility links

logo-print
მას შემდეგ, რაც ვებსაიტი ”ვიკილიკსი” ამ ერთი კვირის წინ, 29 ნოემბერს შეუდგა ამერიკელი დიპლომატების საიდუმლო შეტყობინებების გამოქვეყნებას, მის გარშემო მითქმა-მოთქმამ მორიგ კულმინაციას მიაღწია: ამჯერად, ”ვიკილიკსის” დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის, დაპატიმრების გამო. ის სამშაბათს დააკავა პოლიციამ ლონდოში, თუმცა ასანჟისთვის წაყენებულ ბრალდებებს, როგორც ცნობილია, არაფერი აქვს საერთო ვიკილიკსის მიერ საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებასთან.

ავსტრალიის მოქალაქე, 39 წლის ჯულიან ასანჟი, რომელიც ბოლო კვირის მანძილზე მსოფლიოში უდავოდ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანად იქცა, დღეს თავად გამოცხადდა ლონდონის პოლიციაში, მისი ადვოკატების მიერ შეთანხმებულ დროს და ადგილას. ის დააპატიმრეს...

ლონდონი: ფოტოგრაფები ცდილობენ, სურათები გადაუღონ პოლიციის მანქანაში მყოფ პირებს, რომელთა შორისაც 7 დეკემბერს დაპატიმრებული ჯულიან ასანჟიც ეგულებათ
მოგვიანებით ასანჟი სასამართლოს წინაშე წარდგა, სადაც უარი თქვეს მის თავდებით გათავისუფლებაზე. ასე რომ, ასანჟი პატიმრობაში რჩება. სასამართლოს ახლა 28 დღე აქვს საიმისოდ, რომ გადაწყვიტოს, დააკმაყოფილებს თუ არა შვედეთის თხოვნას ასანჟის ექსტრადიციის შესახებ. თუ რატომ შვედეთის, ცნობილია: ”ვიკილიკსის” დამაარსებელი სწორედ შვედეთში სექსუალური ძალადობის და, შესაბამისად, შვედეთის მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე დააპატიმრეს.

ასანჟი ბრალდებას უარყოფს. ის ირწმუნება, რომ სინამდვილეში საქმე ეხება მისი რეპუტაციის შესალახად მიმართულ კამპანიას. ამიტომ ასანჟის დაპატიმრებას „მედიის თავისუფლებაზე თავდასხმა“ უწოდა ”ვიკილიკსის” პერსმდივანმა. მისივე თქმით, ვებსაიტი არ აპირებს, შეწყვიტოს საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნება.

ასანჟის დაპატიმრებამდე ”ვიკილიკსის” მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაცია საქართველოსაც ეხება. საიდუმლო დიპლომატიური შეტყობინებებით ირკვევა, რომ ნატომ 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ გადაწყვიტა, გაეძლიერებინა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის დაცვა. გეგმა სახელწოდებით „მფარველი არწივი“ შემუშავდა ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის და პოლონეთის დასაცავად - რუსეთის სამხედრო აგრესიის შემთხვევაში. ”ვიკილიკსის” მიერ მოპოვებული ამ, საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ლონდონის ყოველდღიური „გარდიანი“ წერს: ცივი ომის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ალიანსმა საგანგებო სამხედრო გეგმა შეიმუშავა რუსეთის შესაძლო აგრესიისაგან აღმოსავლეთ ევროპის დასაცავადო. გაზეთის ცნობით, ნატოს არმიის ცხრა დივიზია (კერძოდ, შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, გერმანიისა და პოლონეთის საჯარისო შენაერთები) შეირჩა საბრძოლო ოპერაციებისთვის, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შესაჩერებლად.

რაც შეეხება ნატოს გადაწყვეტილების გასაიდუმლოების მიზეზს, ეს იყო სურვილი, არ გაემწვავებინათ დაძაბულობა ნატო-მოსკოვის ურთიერთობაში. „გარდიანის“ ცნობით, რომელსაც ის „ინფორმირებულ წყაროებზე“ მითითებით ავრცელებს, ნატოს ლიდერებმა საჯარო დისკუსიის გარეშე, ჩუმად დაამტკიცეს გეგმა გასულ თვეში, ალიანსის სამიტზე ლისაბონში.

მომდევნო დღეებში მორიგი საიდუმლო ცნობების გავრცელებას უნდა მოველოდეთ: საინფორმაციო საგენტო „ასოშიეიტიდ-პრესის“ ცნობით, მას ”ვიკილიკსის” წარმომადგნელმა უთხრა, რომ ამერიკელი დიპლომატების საიდუმლო შეტყობინებების გამოქვეყნება გაგრძელდება იმისდა მიუხედავად, თუ რა ბედი მოელის ჯულიან ასანჟს.

მეორე მხრივ, საკითხავია, რამდენად ძლიერ გავლენას იქონიებს ”ვიკილიკსის” საქმიანობაზე ფინანსური ზეწოლა, რომელსაც ის ბოლოხანს განიცდის: „ასოშიეიტიდ-პრესის“ ცნობით, მას საფინანსო-საკრედიტო უწყება Visa-მ ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა შეტყობინება, რომ მიმართავს ზომებს, რათა შეაჩეროს ”ვიკილიკსის” ვებსაიტის სასარგებლოდ განხორციელებული ოპერაციები. Visa იტყობინება, რომ საქმე ეხება დროებით ზომას, ვიდრე მიმდინარეობს ”ვიკილიკსის” საქმიანობის გამოძიება და ვიდრე გარკვეულა, შეესაბამება თუ არა ეს საქმიანობა Visa-ს წესებს. ამავე შინაარსის განცხადება გააკეთა MasterCard-მა. პოპულარულმა სინტერნეტო-საფინანსო სამსახურმა PayPal-მა კი მანამდე შეწყვიტა ”ვიკილიკსთან” კავშირი. გარდა ამისა, შვეიცარიის ერთ-ერთმა ბანკმა დახურა ჯულიან ასანჟის საბანკო ანგარიში, რომელზეც, ასანჟის ადვოკატების განცხადებით, ათიათასობით ევრო ინახება.
XS
SM
MD
LG