Accessibility links

logo-print

ევროკავშირი მხარს უჭერს რუსეთის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში


ბრიუსელში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ევროკავშირმა მხარი დაუჭირა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ორმა მხარემ - ევროკავშირმა და რუსეთმა - ეს ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებით გამოხატა. ამით მნიშვნელოვნად გამყარდა პერსპექტივა, რომ რუსეთი მართლაც გახდება ამ ორგანიზაციის წევრი. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველო რუსეთის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება მანამ, სანამ არ იქნება ლეგალიზებული საბაჟო გამშვები პუნქტები მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან.

რუსეთი კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა თითქმის ორი ათწლეულის წინ დასახულ მიზანს - ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას - ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმებით.

ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ბრიუსელში მიმდინარე რუსეთ-ევროკავშირის სამიტის პარალელურად გაფორმდა, მოსკოვს ამ პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაღობას უხსნის.

ბრიუსელში იმყოფება რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, რომელიც ევროკავშირის ლიდერებთან მართავს შეხვედრას. მათ შორის არიან ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რუმპე და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ.

ევროკავშირთან ამ ურთიერთგაგების მემორანდუმისთვის ნიადაგი მოსკოვმა გასულ თვეში შეამზადა, როცა გამოაცხადა, რომ მზად არის თანდათან გააუქმოს საექსპორტო გადასახადი გარკვეულ ნედლეულზე - მაგალითად, ხე-ტყეზე. ამ გადასახადებს უკვე დიდი ხანია აპროტესტებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო - ფინეთი.

რუსეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომელიც კვლავაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გარეთ არის დარჩენილი. მოსკოვი იმედოვნებს, რომ ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმება მის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას უკვე მომავალ წელს გახდის შესაძლებელს. ბაროზუ მოსკოვის ამ მიზანს „რეალისტურს“ უწოდებს.

რუსეთის პრეზიდენტი ბრიუსელში პოლონეთში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ჩავიდა. ვარშავაში ვიზიტის მიზანს ორი ქვეყნის ურთიერთობის გაუმჯობესება წარმოადგენდა, ისევე როგორც პოლონეთის რუსეთის მოკავშირედ ქცევა ევროკავშირის შიგნით.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მოსკოვის გაწევრიანების პერსპექტივას ორშაბათს პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმაც დაუჭირა მხარი - მისი თქმით, ეს რუსეთსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური კავშირების „გამოცოცხლებას“ შეუწყობს ხელს.

ოქტომბერში რუსეთმა აშშ-თან მოაგვარა გარკვეული უთანხმოებები, რომლებიც აფერხებდა მის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას.

თუმცა ამ ორგანიზაციისკენ მიმავალ გზაზე რუსეთს კვლავაც რჩება გარკვეული წინაღობები - მათ შორის, როგორც იცით, საქართველოს წინააღმდეგობა. საქართველო, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრია, მოსკოვის მხრიდან მისი სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის - მხარდაჭერას აპროტესტებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის პრეს-მდივანმა, ნიკო მჭედლიშვილმა, რადიო თავისუფლებას სამშაბათს კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ საქართველოს პოზიცია უცვლელი რჩება:

„საქართველო ითხოვს ისევ იმას, რასაც ითხოვდა ერთი თვის წინ, ორი თვის წინ და ორი წლის წინ. ეს არის საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზება მდინარე სფოუზე და როკის გვირაბთან. ეს ერთადერთი მოთხოვნა ისევ რჩება დღის წესრიგში და საქართველოს არ შეუცვლია ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია. ჯერჯერობით ამ მდგომარეობით, რაც არის, - რა მდგომარეობაც ჩვენ გვაქვს რუსეთთთან, - საქართველო არ დაუჭერს მხარს რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას“, - განაცხადა მან.

კვლავ ბრიუსელის სამიტს რომ დავუბრუნდეთ, ვაჭრობის საკითხების გარდა, რუსეთი და ევროკავშირი სხვა თემებზეც მსჯელობენ. მათ შორის არის რუსეთის სურვილი მას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დაუწესონ.

თუმცა ეს, სავარაუდოდ, ახლო მომავალში არ მოხდება. ბრიუსელში განთავსებულ ევროპული პოლიტიკის შემსწავლელ ცენტრში მომუშავე რუსეთის ანალიტიკოსის მაიკლ ემერსონის თქმით, სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან მიმართებით ევროკავშირის ყოყმანის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩრდილოეთ კავკასიიდან მომდინარე პოტენციური საფრთხეა:

„ამ მხრივ დიდ შედეგებს არ მოველი, იმიტომ რომ უვიზო რეჟიმს ფუნდამენტური პრობლემები უკავშირდება. დაწესების შემთხვევაში უვიზო რეჟიმი ჩრდილოეთ კავკასიისა და ჩეჩნეთის მთელ მოსახლეობაზეც გავრცელდება, რამაც შეიძლება ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროებს პრობლემები შეუქმნას“, - ამბობს ანალიტიკოსი.

ვიზებთან დაკავშირებით სხვა წინადადებებიც განიხილება. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელზეც ევროკავშირის ვიზა ორჯერ გასცეს და რომელსაც წესები არ დაურღვევია, ავტომატურად უნდა მიენიჭოს ხუთწლიანი, მრავალჯერადი გამოყენების ვიზის მიღების უფლება.
XS
SM
MD
LG