Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის ჯარები ავღანეთს 2011 წელს დატოვებენ?


დევიდ კამერონისა (მარცხნივ) და ჰამიდ კარზაის პრესკონფერენცია ქაბულში შეხვედრის შემდეგ

დევიდ კამერონისა (მარცხნივ) და ჰამიდ კარზაის პრესკონფერენცია ქაბულში შეხვედრის შემდეგ

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის ჯარისკაცები ავღანეთიდან სახლში, შესაძლოა, უკვე მომავალ, 2011 წელს დაბრუნდნენ. კამერონი ამ განცხადებით დღეს გამოვიდა, ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტისას. ამავე დღეს იქ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი ჩავიდა.

კამერონის გამოსვლა შედგა კემპ ბასტიონში, სამხრეთ ავღანეთის მღელვარე რეგიონში - ჰელმანდში - განთავსებულ ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე. კამერონმა ავღანეთში ვიზიტი ამ ადგილიდან დაიწყო.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთანაც გამართა შეხვედრა სამშაბათს.

ბრიტანეთის კონტინგენტი, რომელიც 9,500 სამხედროსგან შედგება, სწორედ ჰელმანდში მსახურობს. ავღანეთში მიმდინარე ოპერაციას ამ დრომდე 340-ზე მეტი ბრიტანელი სამხედრო შეეწირა. მსხვერპლის რაოდენობის ბოლოდროინდელ მატებას კი ამ ომის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ზრდა მოაქვს ბრიტანეთის მოქალაქეებს შორის.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კამერონი მხარს უჭერდა გეგმას, რომელიც ითვალისწინებდა ავღანეთიდან ბრიტანეთის ჯარის 2015 წლისთვის გაყვანას. ახლა კი ავღანეთის პრეზიდენტთან ერთად ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე კამერონმა განაცხადა, რომ ის „რეალური პროგრესი“, რომელიც ავღანეთში ცხრა წლის განმავლობაში მიმდინარე ომში წელს იქნა მიღწეული, 2011 წელს „შეუქცევადად“ უნდა იქცეს.

ამასთან, კამერონის თქმით, ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ ხელი მოაწერა გარდამავალი პროცესის გეგმას, რომლის თანახმადაც, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა თანდათან ავღანელებზე გადადის. პროცესი მომავალ წელს დაიწყება და, როგორც მოელიან, 2014 წელს დასრულდება, როცა დასავლეთის ძალები თავიანთ საბრძოლო მისიას დაამთავრებენ:

„თავად გავხდი იმ პროგრესის მოწმე, რომელსაც ჰელმანდის პროვინციაში მივაღწიეთ. პრეზიდენტ კარზაისთან განვიხილე გეგმა, რომელიც პასუხისმგებლობის ავღანეთის ძალებზე დაკისრებას ითვალისწინებს, ისევე როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის გრძელვადიანი თანამშრობლობის პერსპექტივები. ამასთან, ვისაუბრეთ საერთო პრიორიტეტებზე 2011 წლისთვის, რომელიც კამპანიის წარმოებისთვის უმნიშვნელოვანესი წელი უნდა გახდეს“, - განაცხადა კამერონმა ჰამიდ კარზაისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ორი ლიდერის შეხვედრის ფონია „ვიკილიკსის“ მიერ გამოქვეყნებული - ერთ დროს საიდუმლო - დოკუმენტები, რომლებშიც ავღანეთში ბრიტანეთის ოპერაციების შესახებ კრიტიკული შეხედულებებია გამოთქმული.

2008 წლის ნოემბრით დათარიღებული ტელეგრამის თანახმად, ვაშინგტონი და კარზაი შიშობენ, რომ ბრიტანელები „ჰელმანდის სრულად გაკონტროლების მიზანს ვერ მიაღწევენ.“ ამასთან, ტელეგრამებში მოყვანილია ავღანელი მაღალჩინოსნების ეჭვები, რომ ბრიტანელებს რეალურად არ სურთ მეამბოხეებთან ბრძოლა.

თუმცა სამშაბათის პრესკონფერენციაზე კარზაიმ ამგვარი უთანხმოებები უგულებელყო და ბრიტანეთს „ავღანეთის და ავღანელების მუდმივი მხარდამჭერი ქვეყანა“ უწოდა.
პარალელურად, როგორც ვთქვით, ავღანეთს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსიც სტუმრობს. გეიტსი კარზაის და სხვა მაღალჩინოსნებს ხვდება.

აშშ-ში მომავალ კვირაში უნდა გამოქვეყნდეს ავღანეთში აშშ-ის სამხედრო პოლიტიკის ანალიზი, რომლის მიზანი იმის დადგენაა, იმუშავა თუ არა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ავღანეთში დამატებით 30,000 ჯარისკაცის გაგზავნის გეგმამ მეამბოხეების შევიწროებისა და კონტროლის ავღანელებზე დაკისრების თვალსაზრისით.

ამჟამად ავღანეთში კოალიციის 150,000 სამხედრო იმყოფება. მათ ნახევარზე მეტს ამერიკელები შეადგენენ. ბრიტანეთს კი ავღანეთში სიდიდით მეორე კონტინგენტი ჰყავს განთავსებული.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში ათასამდე ჯარისკაცისგან შემდგარი კონტინგენტი ჰყავს მივლენილი.
XS
SM
MD
LG