Accessibility links

logo-print

რამდენად არის დაცული საქართველო ტერორისტული აქტებისგან


შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

მას შემდეგ, რაც 7 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა რუსი მაიორის მიერ დაგეგმილი სერიული ტერორისტული აქტების საქმე, ლოგიკურად გაჩნდა შეკითხვა: სამომავლოდ რამდენად არის დაცული საქართველო ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე მსგავსი ტიპის საფრთხისგან? სამშაბათს პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამართალდამცველებს მუშაობის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ მოუწოდა. რას გეგმავს ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაძლებელია თუ არა სრული პრევენცია?

რუსეთის შეიარაღებული ძალების მაიორის ევგენი ბორისოვის მიერ მართული ჯგუფის დაკავებულ წევრებს თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 დეკემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ”აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული, ჯგუფურად ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაული, კერძოდ, ტერორისტული აქტის - აფეთქებების - განხორციელება, რაც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის და სხვა მძიმე შედეგის საშიშროებას და ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესს”.

გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, იძებნება აფეთქებების ორგანიზებასა და შესრულებაში ეჭვმიტანილი კიდევ ორი პირი, რომლებიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ოკუპირებულ გალის რაიონს აფარებენ თავს. ამავე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილთა ჯგუფი, რომელმაც 5 აფეთქების განხორციელება მოასწრო და ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ჰექსოგენის შემცველი ასაფეთქებელი მოწყობილობებით სწორედ ოკუპირებული აფხაზეთის უკონტროლო ტერიტორიიდან მარაგდებოდა. ცნობილია ისიც, რომ ეს ჯგუფი კიდევ არაერთ აფეთქებას გეგმავდა.

”ჩვენ სერიოზული საფრთხე ავიცილეთ თავიდან და მე მიხარია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ასეთი ტიპის დანაშაულებების მხრიდან ნაკლები საფრთხე ემუქრებათ”, - თქვა 7 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.

”ნაკლები საფრთხე”, ბუნებრივია, ”გარანტირებულ უსაფრთხოებას” არ ნიშნავს და სამინისტროში ისიც კარგად იციან, რომ დამნაშავეთა ჯგუფის გამოვლენით ძირითადი პრობლემა არ გამქრალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ 21-ე საუკუნის უკურნებელი სენის - ტერორიზმის - საფრთხისგან არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული. თუმცა უკონტროლო ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა მსგავსი საფრთხეების მოსალოდნელობას კიდევ უფრო ზრდის.

რამდენად ექვემდებარება კონტროლს ასაფეთქებელი მასალების შემოდინება?

იმ პირობებში, როდესაც ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვარზე სახელმწიფო შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი საკონტროლო-გამშვები პუნქტების განთავსებას, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს; ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში შემოტანილი ტვირთების შემოწმება პრაქტიკულად შეუძლებელია. აქვე გავიხსენოთ, რომ, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ჩვენების მიხედვით, ასაფეთქებელი ნივთიერებები მას შესანახად ერთხელ ჩვეულებრივი სამგზავრო ავტობუსითაც გაუგზავნეს.

ამასთან, არსებობს შემოვლითი გზებიც, რომელთა გაკონტროლებასაც ფიზიკურად შეუძლებლად მიიჩნევს ჩვენთან საუბარში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე:

”ვინც კარგად იცნობს აფხაზეთისა და სამეგრელოს რეგიონების გამყოფ ზოლს, ყველამ კარგად იცის, რომ შეუძლებელია ამ ზოლის სრულფასოვნად დაცვა იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით... მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას და გადმოადგილების საშუალება მიეცეს... და, ამავე დროს, აკონტროლო ხალხის მასა, რომ რაიმე არ გადმოიტანოს, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია”.

7 დეკემბერს, როდესაც სამართალდამცველებს მასშტაბური საქმის გახსნისთვის გულითადი მადლობა გადაუხადა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მათ მუშაობის კიდევ უფრო გაძლიერებისკენაც მოუწოდა.

როგორ და რა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს სამართალდამცველი ორგანოების მუშაობა?

მართალია, პრევენციული ღონისძიებების კუთხით მუშაობის გაძლიერების აუცილებლობას უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილიც ხედავს, მაგრამ ის მეტად საფრთხილოდ მიიჩნევს ზღვარს, რომელიც, ტერორიზმთან აქტიური ბრძოლის ჭრილში, უსაფრთხოების გაძლიერებასა და ადამიანის უფლებებს შორის გადის:

”ეს პრობლემა მთელ მსოფლიოშია და ყველა ხელისუფლება ცდილობს ეს ზღვარი არ გადალახოს... საზოგადოება უნდა იყოს პრინციპული და არ უნდა დაუშვას, რომ ასეთი ფაქტების გამო თავისუფლება შეგვიზღუდონ... ”

სწორედ იმიტომ, რომ ადამიანის კონსტიტუციით დაცული ძირითადი უფლებები და თავისუფლება არ შეიზღუდოს, ტერორიზმის საყოველთაო საფრთხის მიუხედავად, საქართველოს პოლიცია არ გეგმავს მასობრივი კონტროლის განსაკუთრებული ღონისძიებების გატარებას, ამბობს ჩვენთან საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი. ეს პრინციპი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებითაც იმუშავებს და, უტიაშვილის თქმით, იმისათვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე თანაბარი უფლებებით სარგებლობდეს, დაუშვებელია თუნდაც უკონტროლო ოკუპირებული ტერიტორიებიდან შემოსული სატრანსპორტო საშუალებების მასობრივი ჩხრეკა:

”არა, არა, არა... არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ ისეთი მდგომარეობა, როდესაც ტერაქტების შიშით ჩვენ შევზღუდავთ ჩვენი მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლებას ან დავიწყებთ მოქალაქეების პირად ჩხრეკას საფუძვლიანი ეჭვის გარეშე. არ იგეგმება მასობრივი კონტროლის ღონისძიებები. უბრალოდ, პოლიცია შეეცდება, რომ უფრო მეტი ყურადღებით იყოს. ასევე მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ”.
XS
SM
MD
LG