Accessibility links

logo-print

სახალხო კრებას სათათბირო დარბაზის სპიკერი და ქომაგი ჰყავს


წარმომადგენლობითი სახალხო კრების სათათბიროს პირველი შეკრება

წარმომადგენლობითი სახალხო კრების სათათბიროს პირველი შეკრება

წარმომადგენლობითი სახალხო კრების სათათბირო ორგანოს დღეს პირველი ორგანიზაციული შეკრება ჰქონდა. 25 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ კრების დელეგატების მიერ არჩეულმა 74-კაციანმა სათათბირომ დღეს რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო.

წარმომადგენლობითი სახალხო კრების სათათბიროს მიერ არჩეული ორგანოების ხელმძღვანელთა ვინაობა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ორსაათიანი დახურული შეკრების შემდეგ გაახმაურა:

”არჩეულ იქნა სათათბირო დარბაზის სპიკერი ბატონი გოგი ქავთარაძე. შეიქმნა სახალხო ქომაგის ინსტიტუტი და არჩეულ იქნა მისი ხელმძღვანელი ქალბატონი ეკა ბესელია; ასევე ბატონი გია ბურჯანაძე არჩეულ იქნა კონკრეტულად სახალხო ქომაგის ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ადამიანების არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ მორალური, პოლიტიკური და, ზოგ შემთხვევაში, ფიზიკური დაცვაც კი”.

სათათბირომ დღეს კიდევ რამდენიმე საკითხის ირგვლივ იმსჯელა. შეიქმნება სახალხო კრებისა და მასში შემავალი პოლიტიკური პარტიების საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთიანი სამსახური და ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც იმაზე იზრუნებს, რომ ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ მედიაში დაბალანსებული ინფორმაცია გახმაურდეს. ასევე ცნობილი გახდა, რომ 21 დეკემბერს თბილისის ყველა რაიონული კომიტეტის პრეზენტაცია გაიმართება - კომიტეტებისა, რომელთაც 25 ნოემბრის შეკრებაზე დაუმორჩილებლობის კომიტეტები უწოდეს, დღევანდელი სხდომის შემდეგ კი - სახალხო კრების კომიტეტები. ასევე დაკონკრეტდა ამ კომიტეტების საქმიანობის მიზნები. ამის შესახებ კრების სათათბიროს წევრმა, „ქალთა პარტიის“ ლიდერმა, გუგული მაღრაძემ, განაცხადა:

”თუ რაიმე უსამართლო გადაწყვეტილება იქნება ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებული, ასეთ შემთხვევაში იქნება გარკვეული ორგანიზაციული ჯგუფი, რომელიც გამოხატავს პროტესტს სხვადასხვა ფორმით. ეს შეიძლება იყოს პიკეტირება, შეიძლება იყოს უცხოეთისთვის მიმართვა, პრესაში გამოქვეყნება - სხვადასხვა ფორმა იქნება. აქამდე ეს ორგანიზებული არ იყო, ეს იყო სპონტანური. სახალხო კრება, ფაქტობრივად, ორგანიზაციის ფორმაა”.

ნინო ბურჯანაძემ კი განაცხადა, რომ კომიტეტების ფუნქცია იქნება საზოგადოებაში არსებული შიშის გატეხა. ცნობილია, რომ ასეთი კომიტეტები მთელი საქართველოს მასშტაბით შეიქმნება. მათ უფლებებს ქომაგის ინსტიტუტი დაიცავს, რომელსაც ეკა ბესელია უხელმძღვანელებს.

ზოგადად წარმომადგენლობითი სახალხო კრების სამომავლო სტრატეგიის შესახებ სათათბიროს წევრები დღეს ცოტას საუბრობდნენ. ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა შარტავამ, კითხვაზე, ვინ და როგორ უნდა შეიმუშაოს კრების სტრატეგია, ასე გვიპასუხა:

”სათათბიროს სპიკერ ბატონ გოგი ქავთარაძესთან და წარმომადგენლობითი სახალხო კრების თავმჯდომარე ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილთან უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად და დეტალურად სათათბირო დარბაზის საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და სტრატეგიაზე იმუშავებს. დღეს ამ ტიპის გადაწყეტილებები იქნება მიღებული და ეს ჯგუფები როგორც კი ამუშავდებიან, უკვე გვექნება უფლება ვილაპარაკოთ სახალხო კრების, როგორც პროცესის, განხორციელებისა და წარმატებით დასრულების გამოკვეთილ სტრატეგიაზე”.

წარმომადგენლობითი სახალხო კრება საზოგადოებას დამატებითი გეგმების შესახებ უკვე 21 დეკემბერს ეტყვის.
XS
SM
MD
LG