Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი აფეთქებებს ”შოუს” უწოდებს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი
რუსეთის მაიორის მიერ დაგეგმილი ტერორისტული აფეთქებების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 7 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციას მოსკოვი 2 დღის დაგვიანებით გამოეხმაურა. ვგულისხმობ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე 9 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც სერიული აფეთქებები თბილისის ხელისუფლების მორიგ შოუდ არის შეფასებული. განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რომ მოსკოვი უარს ამბობს თბილისის მიერ შეთავაზებულ საგამოძიებო თანამშრომლობაზე, ქართული მხარე კი ამ საკითხის წამოწევას ჟენევის მოლაპარაკებათა მოახლოებულ მორიგ რაუნდზე გეგმავს.

აფეთქებების სერიას, რომლის დაგეგმვაშიც გამოძიება რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცერს ადანაშაულებს, იმავე რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს სპეცსამსახურების ნახელავად მიიჩნევს. ფრაგმენტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან:

”მორიგი შოუ, დადგმული თბილისის ხელისუფლების მიერ, გონიერი ადამიანებისთვის ღიმილის მომგვრელი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ცნობა აფეთქების დროს ხანშიშესული ქალის გარდაცვალების შესახებ. ეს უფრო საქართველოს სპეცსამსახურების არაპროფესიონალურ მუშაობაზე მეტყველებს. მსოფლიო უკვე მიეჩვია საქართველოს დედაქალაქიდან მომდინარე ცნობების ნაკადს, რომელიც შეეხება ”რუსი ოკუპანტების მცდელობებს, მოახდინონ სიტუაციის დესტაბილიზაცია“. ეს ისტორიები სულ უფრო არასარწმუნო ხდება... თუმცა სააკაშვილის რეჟიმის ბოლო გამოგონებას განსაკუთრებით პროვოკაციული ელფერი აქვს. მასში იკვეთება მცდელობა ჩააგდოს განხეთქილების მარცვალი ჩვენს წამყვან საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში.”

მოსკოვის ასეთი რეაქცია სულაც არ გაჰკვირვებიათ თბილისში და ეს კარგად ჩანს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის დავით დარჩიაშვილის მიერ 9 დეკემბერს ტელეეთერით გაკეთებულ კომენტარში. დეპუტატი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაცია ტრადიციულად არასოდეს აღიარებს საკუთარ თუ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე ჩადენილ ამა თუ იმ დანაშაულს. თუმცა რუსეთი საერთაშორისო საზოგადოების თვალში პასუხისმგებლობას ვერ აიშორებს:

”გამოძიება აჩვენებს ამ ყველაფრის საფუძვლიანობას და შემდეგ უკვე თითონ სასამართლო პროცესი საბოლოო წერტილს დაუსვამს... და საერთაშორისო რეზონანსი ამ ყველაფერს უკვე აქვს.”

დავით დარჩიაშვილის მიერ ნახსენები საერთაშორისო რეზონანსის მიუხედავად, გამოძიების დასრულებამდე ოფიციალური კომენტარების გაკეთებისგან თავს იკავებს საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის - შეერთებული შტატები, რომლის საელჩოც თბილისში, საგამოძიებო მასალების მიხედვით, ასევე წარმოადგენდა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსი მაიორის მიერ მართული ტერორისტული ჯგუფის ერთ-ერთ სამიზნეს. თუმცა 22 სექტემბერს მომხდარი აფეთქების პროცესში, ეჭვმიტანილთა ჩვენებით, გარკვეული შეცდომები იყო დაშვებული, რამაც უშუალოდ ამერიკის საელჩოს ტერიტორია აფეთქებას გადაარჩინა.

ნაადრევი შეფასებებისგან თავს იკავებს, თუმცა 8 დეკემბერს ტელეეთერით გაკეთებულ კომენტარში გამოძიებასთან ყველა ინფორმირებული წყაროს თანამშრომლობის აუცილებლობაზე ლაპარაკობს შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი.

თანამშრომლობა საქართველომ რუსეთის ფედერაციასაც შესთავაზა, თუმცა, როგორც 9 დეკემბერს საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდანაც ნათლად ჩანს, რუსეთი შეთავაზებაზე უარს ამბობს.

ასეთი მიდგომა სავსებით მოსალოდნელი იყო ბესო ალადაშვილისთვის, ექსპერტისთვის უსაფრთხოების საკითხებში. ის ფიქრობს, რომ საქართველოსთან საგამოძიებო თანამშრომლობაზე დათანხმება, რუსეთის გაგებით, ბრალის არაპირდაპირი აღიარების ტოლფასი იქნებოდა. ალადაშვილი თვლის, რომ შედეგიანი საერთაშორისო რეზონანსის გამოსაწვევად საქართველოს მხარეს მყარი მტკიცებულებების წარმოდგენა ევალება.

შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მხარე რუსეთს უახლოეს დღეებში გადასცემს, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა 8 დეკემბერს ჩვენთან საუბრისას. მისი თქმით, რუსი კოლეგების თანამშრომლობაზე დათანხმებას საქართველოს დელეგაცია 16 დეკემბერს ჟენევაში, საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის ფორმატშიც შეეცდება.

თუმცა იმავე ჟენევის მოლაპარაკებებს, მოსკოვის გაგებით, თბილისი სულ სხვა მიზნებს უკავშირებს. 9 დეკემბერს რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება იუწყება, რომ აფეთქებების გამოგონილი საქმით ”ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის წინ საქართველოს პრეზიდენტს უნდა კიდევ ერთხელ მიიპყროს ყურადღება, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში ”ყველაზე დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფოს” ლიდერმა - იმ სახელმწიფოსი, რომელსაც ”გარკვეული ბოროტი ძალები” შემდგომ განვითარებაში ხელს უშლიან.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG