Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა კანკუნის კონფერენციაზე


მექსიკის საკურორტო ქალაქ კანკუნში გრძელდება გაეროს საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებს ეძღვნება. კონფერენცია 10 დეკემბერს დასრულდება, ასე რომ შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თუმცა კანკუნში წინასწარვე ითქვა, რომ არ აპირებენ კლიმატური ცვლილებების თემაზე რაიმე ახალი გლობალური ხელშეკრულების მიღებას: ფორმდება შეთანხმებები ცალკეულ საკითხებზე, როგორიც არის ტყეების გაჩეხვის პრობლემა, ან განვითარებადი ქვეყნების დახმარება, კლიმატური ცვლილებების შედეგებისაგან მათს დასაცავად. 8 დეკემბერს კანკუნის კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა.

13 წელია გასული მას შემდეგ, რაც იაპონიის ქალაქ კიოტოში დაამტკიცეს მსოფლიოს ისტორიაში პირველი ხელშეკრულება, რომელიც ხელმომწერ ქვეყნებს ავალდებულებს სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების ემისიის შეკვეცას. თუმცა, კიოტოს ოქმი, უფრო ზუსტად, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმი მხოლოდ ნაწილია მდიდარ და განვითარებად ქვეყნებს შორის უფრო ფართომასშტაბიანი და უფრო ხანგრძლივი დისკუსიისა, თუ რომელ სახელმწიფოებს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გარემოსთვის საზიანო ემისიების შეკვეცაზე...

ამასობაში კი დრო გადის და, ალბათ, არსებობს ერთადერთი რამ, რაზეც კონსენსუსია მიღწეული და რაც საქართველოს პრეზიდენტმა ასე გამოხატა: „ჩვენ გვჯერა, რომ დებატების დრო იმის თაობაზე, საჭიროა თუ არა მსოფლიოს რეაგირება კლიმატის ცვლლებაზე, გავიდა. ერთადერთი საკითხი, რაც ჩვენს წინაშე დგას, არის ის, თუ როგორ ვიმოქმედოთ,” განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა კანკუნის კონფერენციაზე ნაწილობრივ ესპანურ ენაზე გამოსვლისას.

გლობალურ ვითარებასთან ერთად ის რეგიონისა და, კონკრეტულად, საქართველოს პრობლემებსაც შეეხო, გამოთქვა რწმენა, რომ „დაბალნახშირბადიანი სამყარო არა მარტო გარემოს გააუმჯობესებს, არამედ ხელს შეუწყობს რეგიონული უთანხმოებების შემცირებას“.

„ჩვენი ქვეყანა გლობალური ენერგომომარაგების გზაჯვარედინზე მდებარეობს, რეგიონში, სადაც ნავთობის და გაზის არსებობა საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ხელს უწყობდა საწვავის კონფლიქტებს. განახლებადი ენერგიის ადგილობრივი წყაროების შექმნა უზრუნველყოფს იმას, რომ ენერგია არ გამოიყენებოდეს პოლიტიკურ იარაღად. ამის განხორციელება მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, როგორც საქართველო იქცევა, ქმნის სტაბილურობას რეგიონში“, განაცხადა სააკაშვილმა და გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანაა, შეუძლია მოახდინოს „დიდი გავლენა“ რეგიონში.

საქართველოს პრეზიდენტმა ჩამოთვალა კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს აქვს გადადგმული კლიმატის ცვლილებების წინაღამდეგ ბრძოლაში: ეს არის თბილისის (რეგიონში პირველი დედაქალაქის) მიერთება ევროკავშირის ინიციატივა „მერების შეთანხმებასთან“, რომლის მიზნებს შორისაცაა სათბური ეფექტის მქონე გაზების ემისიის საგრძნობლად შემცირება 2020 წლისთვის. ყველაზე მნიშვნელოვან კონკრეტულ ნაბიჯად დასახელდა საქართველოს აქტიური ძალისხმევა განახლებადი ელექტროენერგიის პროგრამის განვითარების გზაზე. ინფორმაციით, რომელიც პრეზიდენტის გამოსვლაშია მოყვანილი, საქართველოში განახლებად წყაროებზე მოდის ელექტროენერგიის წარმოების 80 პროცენტზე მეტი. იქვე პრეზიდენტმა კონფერენციაზე შეკრებილებს აუწყა, რომ მომავალი წლიდან საქართველოს ხელისუფლება იწყებს ტრადიციული მანქანების ელექტრომანქანებით ჩანაცვლებას - ოფიციალური უწყებებისა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

კანკუნის კონფერენციაზე გამოსვლის ბოლო ნაწილში მიხეილ სააკაშვილი ოკუპაციის პრობლემას შეეხო, მისი თქმით, ტრაგიკულ ვითარებას, რომელიც, კერძოდ, აფხაზეთშია შექმნილი, დე ფაქტო მმართველების მოქმედების შედეგად...

„მათ მიერ გუმისთის მდინარიდან ინერტული მასალების მოპოვებამ მშენებლობის პროექტისათვის, რომელიც სოჭის ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება, მეწყრები და მიკროკლიმატის გადაგვარება გამოიწვია. მათ მიერ ნავთობის უკანონო მოძიება შავ ზღვაში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ხდება სრულ სიბნელეში, ყოველგვარი ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე, რომელიც გარემოზე გავლენის შემოწმების საშუალებას იძლევა. ეს უაღრესად შემაშფოთებელი ფაქტია“, განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, ყველაზე „დიდი უბედურება ისაა, რომ მიმდინარე ოკუპაციისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის გამო, ჩვენ არ შეგვიძლია შევაჩეროთ ეს ყოვლად აღმაშფოთებელი ქმედებები“.

კანკუნის კონფერენცია ხვალ ასრულებს მუშაობას - ასე რომ მის შედეგებზე მალე მოგვიწევს მუშაობა და აუცილებლად მოვუსმენთ ექსპერტების შეფასებებსაც, კონფერენციაზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG