Accessibility links

logo-print
ევროპამ საკუთარ თავს უკვე დაუწესა, რომ 2020 წლისათვის მისი ქვეყნების ენერგომოხმარების 20% განახლებადი ენერგიის წყაროებს უნდა ეფუძნებოდეს. ცალკეული ქვეყნების გადასაწყვეტია, რას განავითარებენ ისინი - ჰიდრორესურსებს, მზისა თუ ქარის ენერგიას, გეოთერმულ რესურსებსა თუ სხვას. ევროპა საქართველოსაც ამისკენ მოუწოდებს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ და ენერგეტიკული თანამეგობრობის ქარტიის დამკვირვებელ ქვეყანას... თუმცა, როგორც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, ეს არ არის ვალდებულება - მით უმეტეს, რომ ქვეყანას ზემოთ ნახსენები 20%-იანი ბარიერი, მათი თქმით, დიდი ხანია გადალახული აქვს, რადგან ქვეყანაში წარმოებული და მოხმარებული ენერგიის დაახლოებით 85 - 90% სწორედ ადგილობრივ ჰიდრორესურსებზე მოდის.

რა პერსპექტივა არსებობს ამ ფონზე საქართველოში ისეთი განახლებადი ენერგორესურსის განვითარებისა, როგორიცაა, მაგალითად, მზის ენერგია, რომელსაც აქტიურად იყენებენ გერმანიაში, ისრაელში, აშშ-ში, იაპონიასა თუ მეზობელ თურქეთში? ეს კითხვა უფრო აქტუალური ხდება, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ, როგორც ექსპერტები ამბობენ, საქართველოში წელიწადში 250-280 დღე მზიანია.

მზე დაახლოებით 4.6 მილიარდი წლისაა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს მსოფლიოს მეცნიერთა უმრავლესობა. ის დედამიწისგან 150 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული და ენერგიის ამოუწურავი წყაროა.

ვიდრე 1953 წელს აშშ-ის აეროკოსმოსურ სააგენტოში მზის ენერგიის ელექტროენერგიად გარდამქმნელ მოწყობილობას შექმნიდნენ, მსოფლიოს უძველეს ხალხებს მზის სისტემის მთავარი პლანეტის ენერგიის სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენების არაერთი მცდელობა ჰქონდათ. მაგრამ მზის ენერგიის აქტიურად გამოყენება მსოფლიომ მაინც 21-ე საუკუნეში დაიწყო. პირველ წარმატებულ სახელმწიფო პროგრამას, რომელსაც ერქვა ”1000 მზის სახურავი” გერმანიაში, მოჰყვა პროგრამები - ” 70 000 მზის სახურავი” იაპონიში და ”1 000 000 მზის სახურავი” აშშ-სა და ევროკავშირში. საქართველოში, განახლებადი ენერგორესურსებიდან ყველაზე მეტად ჰიდრორესურსებია ათვისებული, თუმცა ქართველი ექსპერტები ფიქრობენ, რომ მზის ენერგიის გამოყენება - ძირითადად, მზის წყალგამაცხელებლების სახით - უკვე საქართველოშიც ფეხს იკიდებს. აი, რას ამბობს ახალი ტექნოლოგიების ცენტრის ახალი პროექტების მენეჯერი არჩილ პაპავა:

“რეგიონები ამის საუკეთესო მაგალითია. დარწმუნდებით, რამდენად მოიმატა მზის ენერგიით წყლის გათბობამ. განსაკუთრებით მცირე ზომის სასტუმროებში იყენებენ ამ ტიპის სისტემებს”.
ორგანიზაციის - „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის ენერგეტიკულ საკითხებში” - დირექტორი, მურმან მარგველაშვილი

განახლებადი ენერგიის წყაროების ეფექტური გამოყენება საზოგადოების განვითარების ნიშანია - ასეთია ორგანიზაციის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ენერგეტიკულ საკითხებში დირექტორის, მურმან მარგველაშვილის, შეფასება. - განვითარებული მცირე ბიზნესი, საბანკო სექტორის დახვეწა, მცოდნე ხალხს პლუს პოტენციალი, რომელიც არსებობს:

”და ეს პოტენციალი არის ამოუწურავი. მაგალითად, მზე არის მთელი საქართველოს ტერიტორიაზე”.

მარგველაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დონორების დაფინანსებით რამდენიმე პილოტპროექტიც განხორციელდა. მომხმარებლის დაინტერესებას ცალკე კომერციული სტრუქტურები ცდილობენ, მაგრამ დარგის განვითარებას სახელმწიფო ხელშეწყობაც სჭირდება:

”თქვენ თუ გჭირდებათ წყალგამაცხელებლის ჩამოტანა ამერიკიდან, დანიიდან კი - მისი ხელოსნის ჩამოყვანა, ეს ძალიან ძვირი დაგიჯდებათ, მაგრამ რაღაც წინაპირობა უნდა შეიქმნას, მათ შორის, სახელმწიფოს მხრიდანაც, რომ ამ ბიზნესს ხელი შეეწყოს და ეს ტექნოლოგია დაინერგოს, ჯერ თუნდაც მხოლოდ ინფორმაციულ დონეზე, ბაზრის შესწავლით. ხალხს უნდა ავუხსნათ, რა დაუჯდება, რამდენს დაზოგავს და რამდენად არის მოგებიანი. მესმის, რომ რაღაც შეიძლება ფუფუნებად ჩათვალო - მაგალითად, მზის ფოტოგარდამქმნელი მაშინ, როდესაც ელექტროენერგია გაქვს, და ეკონომიკურად ეს გაუმართლებელი იყოს, მაგრამ წყალგამაცხელებელი ფუფუნება კი არა, გაცილებით ეკონომიურია. ამას ისიც ემატება, რომ ჩვენ არა გვაქვს ადგილობრივი გაზი და ნავთობპროდუქტები, დამოკიდებული ვართ გარე რესურსებზე, ჰიდრორესურსი კი დიდი გვაქვს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი - მთლიანი ენერგომოხმარების წილში სადღაც 20% უჭირავს (ცხადია, აქ ელექტრობას არ ვგულისხმობ)“.

როცა სახელმწიფო პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ საქართველო ე.წ. ლიბერალური ეკონომიკის გზას ადგას და განსაკუთრებულად არც ერთ სფეროს არ ლობირებს, - ამბობს ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი გიორგი აბულაშვილი და ამას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილიც ადასტურებს:

”განახლებადი ენერგიების გამოყენება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა, ჰიდროენერგეტიკა ჩვენი პრიორიტეტია. რაც შეეხება ენერგოეფექტურობის თემას, ჩვენ გვქონდა მცდელობები, ენერგოეფექტურობის თემა გამხდარიყო პოპულარული და ენერგიის დაზოგვის შესახებ როგორც მოსახლეობას, ისე ორგანიზაციებს მეტი ინფორმაცია ჰქონოდათ, მაგრამ ჩვენ ვერავის დავავალდებულებთ, რომ რაიმე კონკრეტული ტექნოლოგია შეიძინონ”.

მარტივად რომ ვთქვათ, მზის ენერგიის გამოყენება ორი მიზნით შეიძლება - შეგვიძლია ამ ენერგიით გავათბოთ წყალი და მივიღოთ ელექტროენერგია. მეორე ძვირი ფუფუნებაა და მას თავისი კონკრეტული მომხმარებელი ჰყავს. აი, მარტივი ჰელიოსისტემის გაკეთება კი, მონდომების შემთხვევაში, პლასტმასის ბოთლებისგანაც კი შესაძლებელია. თუმცა არსებობს მზა მოწყობილობები, რომელთა ფასი ქართულ ბაზარზე 800 ლარიდან იწყება და 2000 ლარამდე ადის. ასეთი სისტემა ოთხსულიან ოჯახზეა გათვლილი და 120 ლიტრ წყალს აცხელებს.
ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი გიორგი აბულაშვილი

გიორგი აბულაშვილი გვიხსნის, რომ მზის წყალგამაცხელებელი სისტემა 75-84%-ით ფარავს მომხმარებლის წლიურ მოთხოვნას ცხელ წყალზე. შესაბამისად, იკლებს წყლის გაცხელებაზე არსებული დანახარჯებიც.

მცირე სტატისტიკა: საქართველოში დღემდე 200 000 ცხელი წყლის კოლექტორი დამონტაჟდა - ძირითადად, სანატორიუმებსა და აგარაკებზე.

საქართველოს ოცზე მეტ მონასტერში დამონტაჟდა მზის მიკროელექტროსადგური და მათი საშუალებით შესაძლებელი გახდა ტაძრების, სატრაპეზოების განათება. დუშეთის, ახმეტის, გუდაურის რაიონში, მთა-თუშეთის, ხევსურეთისა და ფხოვის მაღალმთიან სოფლებში ორმოცდაათამდე ოჯახს დაუმონტაჟდა 50 კილოვატი სიმძლავრის ინდივიდუალური მოხმარების მზის მიკროელექტროსადგური, რომელიც განათებისთვის გამოიყენება.

”ასეთი მოწყობილობები სჭირდებათ ხოლმე მომთაბარე რეჟიმში მცხოვრებ ხალხს - მაგალითად, მწყემსებს. ამას წინათ დამიკავშირდა ადამიანი, რომელსაც მიკროფერმა აქვს კახეთის დაბლობში, სადამდეც ენერგია არ მიდის, და სურდა ფოტოელექტროგარდამქმნელები, რომ მინიმალური კომფორტი ჰქონდეს და არ გამოიყენოს დიზელ-გენერატორი, რომელიც ძვირი ჯდება”, - მოგვითხრობს გიორგი აბულაშვილი.

თორნიკე კოდუა ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში ცხოვრობს. ამ სოფელში უკვე არაერთი სახლის სახურავზე დგას მზის წყალგამაცხელებელი სისტემა. კოდუების ოჯახს 100-ლიტრიანი წყლის გამაცხელებელი აქვს, რომელშიც 1100 ლარი გადაიხადეს. რიგითი ქართული ოჯახისათვის ეს არც ისე მცირე თანხაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ შემდეგ ცხელი წყალი უფასოდ ექნებათ, ამ ერთჯერადი ხარჯის გაწევა მაინც უღირთ.

”როცა მზიანი ამინდია, ცხელი წყალი სულ გვაქვს. ელექტროენერგიას მაგაზე აღარ ვხარჯავთ. ზამთარში თბილი მოდის - როცა არ თოვს, გაცხელებას ვერ ახერხებს. გადასახადი ძალიან ბევრი მოდიოდა - თვეში შეიძლება 80 ლარიც მოსულიყო”.

მეცნიერული კვლევებით დადგენილია, რომ დედამიწაზე არსებობს ქვანახშირის დაახლოებით 270-წლიანი მარაგი. ურანი საკმარისი იქნება კიდევ 100 წელს, ნავთობი - 35-40 წელს, გაზი კი - 50 წელს.

ბოლოს კი ისიც შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ მზე ყოველწლიურად იმდენ ენერგიას აწვდის დედამიწას, რაც რამდენიმე ათასჯერ მეტია, ვიდრე მთელი მსოფლიოს ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის ჯამი - იმ განსხვავებით, რომ მზე უფასოა.
XS
SM
MD
LG