Accessibility links

logo-print

ადამიანის უფლებათა დღე და ხელოვანის თავისუფლება


გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ლოგო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ლოგო

ადამიანის უფლებათა დღე, რომელსაც 10 დეკემბერს მთელი მსოფლიო აღნიშნავს, ცხოვრების სხვადასხვა სფეროს გულისხმობს, მათ შორის, კულტურის, ხელოვნების სფეროს – შემოქმედებითი პროცესებისთვის ხელის შეშლა, ხელოვანის დათრგუნვა, ცენზურის დაწესება ადამიანის უფლების სერიოზულ შელახვად ითვლება. თუმცა ადამიანთა უფლებების დარღვევა, შესაძლოა, ზოგადად ქვეყნის კულტურულ პოლიტიკაშიც წარმოჩნდეს.

„საქართველოს კულტურის მინისტრი ჯაზის ფანია და მის განკარგულებაში დარჩენილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი ელიტარულ მუსიკას ხმარდება. შემდეგ ჯაზფესტივალზე, დარბაზში, ელიტარული საზოგადოება დასხდება, თვალს დახუჭავს და თავს დააქიცინებს. ამის სანახავად ღირს წელიწადში ორჯერ ამ ფესტივალის მოწყობა. მომიტევონ ჯაზის მოყვარულებმა, მაგრამ კინოს მოყვარულების უფლებებიც უნდა დავიცვა“, - წერს ნინია კაკაბაძე ჟურნალ „ლიბერალის“ საიტზე გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც ორშაბათს თბილისში გახსნილ საერთაშორისო კინოფესტივალს ეძღვნება.

თბილისის ფესტივალი მინიმალური ბიუჯეტით ტარდება, შეიძლება ითქვას - მუქთად. ნინია კაკაბაძის წერილით თუ ვიმსჯელებთ, ეს არაა ქართული კულტურის „პრიორიტეტული სფერო“. თუმცა ფესტივალის იგნორირება არამარტო კინოს მოყვარულთა უფლებების დარღვევაა. საავტორო კინოსთვის სათანადო დახმარების გაუწევლობა (კინოფესტივალი „პრომეთე“ კი სწორედ საავტორო კინოს ანიჭებს უპირატესობას) აგრეთვე გამოხატავს ტენდენციას: საქართველოს ხელისუფლება ეხმარება კულტურის იმ მუშაკებს, ვინც ქვეყნის პოლიტიკური კურსის, ასე ვთქვათ, „ფორმატში“ ჯდება.

„ჩვენ ხელახლა უნდა შემოვიღოთ რუსთაველის პრემია ხელოვნებაში, ლიტერატურაში, არქიტექტურაში გაკეთებული მიღწევებისთვის, და ეროვნული პრემია, რომელსაც გასცემს ქართული სახელმწიფო ორ წელიწადში ერთხელ, განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებაში და რომელსაც ექნება ძალიან სოლიდური ფინანსური მხარდაჭერა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ზუსტად 2 წლის წინ.

მას შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა – კულტურა კვლავაც განიხილება „პოლიტიკური“, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრივი პოზიციიდან და, შესაბამისად, ყველაფერი, რაც ექსპერიმენტს, ძიებას, სიახლეს მოიცავს, უფრო აგრესიულია და რადიკალური, ისევ მარგინალიზებულია; კულტურა, რომელიც არაა მასობრივი და არ შეავსებს მოედანს (თუ „პიაცას“ ბათუმში), კვლავაც იჩაგრება.

”ადამიანი შეიძლება გარიყვის საშიშროების წინაშე დადგეს - მაგალითად, გაძევება მედიასივრციდან, რაც ავტომატურად გულისხმობს ხალხის მხრიდან ურჩი ხელოვანის დავიწყებას. იგნორირების ეს ხერხი, როგორც წესი, ყველაზე კარგად ამართლებს”, - აღნიშნა კინოკრიტიკოსმა ნინო ძანძავამ ერთ დისკუსიაში, რომელიც მიეძღვნა კულტურის პოლიტიკას და ხელოვანის უფლებებს საქართველოში. ნინია კაკაბაძის წერილშიც ესაა ხაზგასმული – ხელოვანის უფლებების დარღვევაა სწორედ, როცა კულტურის ჩინოვნიკები შემოქმედებითი პროცესების წახალისების, ექსპერიმენტების მხარდაჭერის ნაცვლად, „ევროვიზიასა“ და საეჭვო მხატვრული დონის მასობრივ ღონისძიებებს აფინანსებენ... ანდა, როგორც პოეტი რატი ამაღლობელი ამბობს, უბრალოდ, უკვეთენ:

”მივფრინავდით ჰოლანდიაში და ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა ბრძანა უცნაური ფრაზა: თქვენ ხომ არ დაწერდით ჩვენი სამხედროებისთვის პატრიოტული სიმღერის ტექსტს?! - არაფერი ცუდი არ არის, ბატონო პრეზიდენტო, რომ პატრიოტული სიმღერა იწერება, მაგრამ პატრიოტული სიმღერის შეკვეთა არ უნდა მოდიოდეს პრეზიდენტისგან”.

„პრეზიდენტის შეკვეთა“, „სახელმწიფოებრიობის იდეა კულტურულ პოლიტიკაში“ – ჩვეულებრივი რამ გახდა ჩვენს კულტრულ ცხოვრებაში. სახელმწიფო ვერ დააფინანსებს ხელოვანს, რომელიც „სახელმწიფოებრივად“ არ აზროვნებს - სხვაგვარად რომ ვთქვათ, დესტრუქციული აზრები აქვს, სტაბილურისა და მყარის დანგრევას ცდილობს, დისკომფორტს უქმნის იმას, ვის ხელშიცაა ძალაუფლება. ასეთი ხელოვნება არც იმას აინტერესებს, ვინც კულტურაში „ხეირს“ ეძებს. რა გამოდის? ირღვევა თუ არა ასეთი ხელოვანის უფლება?
XS
SM
MD
LG