Accessibility links

logo-print

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრება ინსტიტუციებში


სახალხო დამცველის ოფისის ანგარიშის წარდგენა

სახალხო დამცველის ოფისის ანგარიშის წარდგენა

სახალხო დამცველის ოფისმა, პირველად საქართველოში, ჩაატარა ინსტიტუციებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობის მონიტორინგი და 40-გვერდიანი, საკმაოდ მკაცრი შინაარსის ანგარიშიც გამოსცა. მონიტორინგის ჯგუფში ექსპერტებად მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებიც იყვნენ მიწვეულები. ერთწლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, რომლებიც ისედაც მძიმე პირობებში ცხოვრობენ ასეთ დაწესებულებებში, ორმაგ დისკრიმინაციას განიცდიან.

ნატალია სადრაძე, რომელიც დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდულ ცენტრს ხელმძღვანელობს, ერთ-ერთია იმ ექსპერტთა შორის, რომლებიც სახალხო დამცველის ოფისის მიერ ჩატარებულ მონიტორინგში მონაწილეობდა. ის თავადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია - სიარული არ შეუძლია. იმან, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 8 ინსტიტუციურ დაწესებულებაში საკუთარი თვალით ნახა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა:

”ჩვენ შეგვხვდა ერთი ბენეფიციარი, 9 წლის ბავშვი, რომელსაც საერთოდ არ ესმოდა ყურში და დაჰყავდათ ჩვეულებრივ სკოლაში. ბავშვი იყო აბსოლუტურად ჩამორჩენილი, გონებრივად 2-3 წლის ბავშვის შესაძლებლობები ჰქონდა”.

მძიმე მოსასმენი ამბავია, - მით უმეტეს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, - მაგრამ ფაქტია და, ამასთანავე, პრობლემის მხოლოდ ერთი მხარე. სახალხო დამცველის 40-გვერდიან ანგარიშში კიდევ არაერთი ასეთი ფაქტი მოხვდა. თუ მათ შესახებ უმრავლესობამ ყურმოკვრით იცოდა, ახლა უკვე არსებობს მტკიცებულება, თუ როგორ ირღვევა ამ ადამიანების ელემენტარული უფლებები - მათ არა აქვთ არც სამედიცნო დახმარების მიღების, არც განათლების საშუალება.

”როგორც გაირკვა, თავად დირექტორები იღებენ გადაწყვეტილებას გაუშვან თუ არა ესა თუ ის ბავშვი სკოლაში სასწავლებლად და იმის მაგივრად, რომ ეს შესაბამისმა უწყებამ დაადგინოს და შეამოწმოს, ვის რა გონებრივი შესაძლებლობა აქვს, ამას დირექტორი წყვეტს თავისი სურვილით. როცა ვკითხეთ, რატომ არ დადიოდა კონკრეტული ბავშვი სკოლაში, გვითხრეს, ძალიან ჩამორჩენილია გონებრივადო”, - ამბობს ნატალია სადრაძე.

მონიტორინგის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლის ანა არგანაშვილის თქმით, კვლევამ ისიც გამოკვეთა, რომ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების პირებს არ აღიქვამენ ისეთივე უფლებების მქონეთ, როგორიც დანარჩენი საზოგადოებაა. და, რაც მთავარია, ამ ხალხს არა აქვს საკუთარი უფლებების შესახებ არანაირი ინფორმაცია:

”ადამიანებს, რომლებსაც ჰყავთ შვილები და უნდათ მათთან ურთიერთობა, მათთან თანაცხოვრება, ამის შესაძლებლობა არა აქვთ. ცხოვრობენ მეორე-მესამე სართულზე, არა აქვთ საინვალიდო ეტლი, გარეთ ვერ გადიან - არ მუშაობს ლიფტი ან საერთოდ არ არის დამონტაჟებული. ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელიც ათი წელია გარეთ არ გასულა ამის გამო. და უარესი: სართულზე არ არის საპირფარეშო და ამ ადამიანებს უწევთ საათობით სხვების ლოდინი, რომ ვინმემ აიყვანოს ისინი საპირფარეშოს სართულზე”.

თავად სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში კი აცხადებს, რომ ისინი წააწყდნენ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა არ მოითხოვს დამატებით ფინანსურ ხარჯებს და რომ მათ მოსაგვარებლად კეთილი ნებაც საკმარისია. ვითარება კი, რაც სახალხო დამცველის ანგარიშში აისახა, კატეგორიულად მიუღებელია:

”იყო გარკვეული, ღირსების შემლახველი გამონათქვამები, ვნახეთ ე.წ. პრივილეგირებული ბენეფიციარები, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ერევიან და მეტი უფლებები აქვთ, გაუმართავია ინფრასტრუქტურა. ამ ადამიანებს ყოფენ გიჟებად და ნორმალურებად და ა.შ. გამოსავალი ის არის, რომ ამ ადამიანების მიმართ უნდა შეიცვალოს მიდგომა, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი დაჩქარდეს. ის დარღვევები, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, უმეტესობა არის ადვილად მოგვარებადი და ამისათვის კეთილი ნებაც საკმარისია”.

სახალხო დამცველის კრიტიკას ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე თანამშრომლობის სურვილით პასუხობს და ამბობს, რომ ის კარგად იცნობს ამ სფეროში არსებულ ვითარებას და რომ ეს გახდა სწორედ განვითარების ახალი გეგმის შემუშავების მთავარი მიზეზი:

”ყველა ეს ფაქტი უნდა იყოს ობიექტურად გამოძიებული. ჩვენ გვაქვს სოციალური მომსახურებისა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ სერვისების ზედამხედველობაზე და ისინი არიან ღია ნებისმიერი კრიტიკისათვის, მაგრამ ეს კრიტიკა უნდა იყოს საფუძვლიანი. ჩვენ ვიცით ეს პრობლემები და სწორედ ამისათვის შევიმუშავეთ ახალი სამოქმედო გეგმა...”

დაბოლოს, ერთი დეტალიც: შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე პირები მონიტორინგის ჯგუფს სთხოვდნენ არ გადაეღოთ ისინი, არ დაეფიქსირებინათ ისინი დოკუმენტურად. ანა არგანაშვილის თქმით, კითხვაზე, თუ რა იყო ამის მიზეზი, ისინი პასუხობდნენ: ”თქვენ წახვალთ, ჩვენ კი ისევ აქ დავრჩებითო”.
XS
SM
MD
LG